წინანდალში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

გამოწერა
წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო ღვინის 460 ნიმუში, რაც სამჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილი ღვინოების რაოდენობას.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. წინანდალში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარმოდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. სწორედ აქ მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ღვინო ბოთლში ჩამოისხა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“: რიგაში სარეკლამო კამპანია დაიწყო

„წელს კონკურსზე ღვინის 460 ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც სამჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით მარნების მხრიდან. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მათთვის კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის.

ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში >>

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს საქართველოს დამსახურებული მეღვინე, ენოლოგი გიორგი დაქიშვილი იყო.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს

ქვევრის ღვინის კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა და იმ დროიდან ამ სახეობის ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018 წელს წარმოდგენილი და დაჭაშნიკებული იყო 25%-ით მეტი ღვინო, ვიდრე კონკურსის ჩატარების პირველ წელს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

დღეისათვის საქართველოში ათასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ – მთელ მსოფლიოში ყურძნის 4 ათასი ცნობილი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმომავლობისაა.

ყველა ახალი ამბავი
0