„საქართველოთი მოწამლული“: უფლისწულის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიოპერატორი გადაღებაზე
ოპერატორი გადაღებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგორ ნაგორნი - ქართული ტელევიზიის ცოცხალი მატიანე და ყველაფერ ქართულზე შეყვარებული, რუსთა მეფისწულის აღმზრდელის ჩამომავალი და ერთი გემრიელი ქალაქელი კაცი, ხვალ, 25 ივნისს დაიმარხება თბილისის ცის ქვეშ...

რამდენიმე დღის წინ 87 წლისა გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის ღვაწლმოსილი ოპერატორი იგორ ნაგორნი, რომელიც 1958 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში და ათწლეულების განმავლობაში საქართველოს პირველი არხის მთავარი კინოოპერატორი იყო... 

ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს – გემრიელი კაციაო, ვიტყვით, როცა ვინმეს განსაკუთრებულად შექება გვინდა. სწორედ ასეთ გემრიელ კაცზე, იგორ ნაგორნიზე მინდა გიამბოთ.

ერთ-ერთი ახალი წლის წინა დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საქართველოს ტელევიზიის ყველასგან მივიწყებული ვეტერანი „ტელევიზიონშჩიკები“ მიგვიწვია და შეხვედრა მოგვიწყო. 

ტელევიზიის ფოიეში ზურგს უკან მომესმა ნაცნობი რუსულ-ქართული, მოვიხედე და ისევ ნაცნობი: „როგორ ხარ, მამა“. 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ვისაც ტელევიზიაში უმუშავია, წარმოუდგენელია არ იცნობდეს იგორ ნაგორნის, ან, უბრალოდ, „ნიკალაევიჩს“, დიდებულ კინო- და ტელეოპერატორსა და გემრიელ კაცს. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო, ყურადღებით მოგისმენდა და თუ რამე არ მოეწონებოდა, ჩუმად ყურში გეტყოდა: „ასე აჯობებს, მამა“. მის გადაღებულს წუნს ვერ უპოვიდი, ისევე, როგორც მის განვლილ ცხოვრებას.

© იგორ ნაგორნის პირადი არქივიდანმარცხნიდან: იგორ ნაგორნი, მიხეილ ჭიაურელი, ვახტანგ კობაიძე
„საქართველოთი მოწამლული“: უფლისწულის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა  - Sputnik საქართველო
მარცხნიდან: იგორ ნაგორნი, მიხეილ ჭიაურელი, ვახტანგ კობაიძე

იმ შეხვედრამ გამახსენა შორეული 80-იანები. ბათუმში ვიღებდით სატელევიზიო ციკლს „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. ახალ წელსაც იქ შევხვდით და თბილისში შობა დილით მატარებლით დავბრუნდით. „ნიკალაევიჩი“ იქვე, ძველი კინოსტუდიის წინ, ბორჯომის ქუჩაზე ცხოვრობდა. არაფრით შინ არ გამიშვა და ასე მოვხვდი ნაგორნების ოჯახში, სადაც ეს საოცარი ამბავი გავიგე.

სანამ სუფრა გაეწყობოდა, საოჯახო ალბომის თვალიერებით შევიქციე თავი და ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ცნობილმა ფოტომ, რომელზეც რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ მეორის ვაჟიშვილი და მისი აღმზრდელი, დევივით მეზღვაური იყვნენ გამოსახული. იგორმა დაინახა, ფოტოს რომ ვაკვირდებოდი და აშკარად ნასიამოვნებმა მითხრა: ეს ჩემი ბაბუა კლემენტ ნაგორნია, ცესარევიჩ ალექსის აღმზრდელის, ბოცმან დერევიანკოს თანაშემწე და საიმპერატორო იახტა „შტანდარტის“ მატროსი; მას ევალებოდა უფლისწულის ტარება და მისი დაცვა. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ ეს ფოტო შემოგვრჩა, სამეფო ოჯახთან ერთად ისიც დახვრიტესო.

ცოტა მოგვიანებით სუფრასთან ნაგორნების თბილისური ოდისეაც მოვისმინე:

— აქ, ბორჯომის ქუჩაზე გავიზარდე, მე და მამამ ქართული ერთად ვისწავლეთ, ასე ამბობდა — თუ იმ ქვეყანას პატივს სცემ, სადაც ცხოვრობ, მის ენაზე უნდა ილაპარაკო, სხვაგვარად სულ უცხო იქნებიო. ბავშვობაში კინოთეატრ „ამირანის“ წინ იყო ჩვენი „ბირჟა“ და ენა ქართულად მანდ გავიტეხე. ახალგაზრდობაში ათი წელი მოსკოვში, ცენტრალურ ტელევიზიაში ვიმუშავე, მაგრამ ისე ვიყავი საქართველოთი მოწამლული, რომ ვერ გავძელი და დავბრუნდი. ჩემი სამშობლო აქ არის. მე სხვანაირი, ქართული ჩამოსხმის რუსი ვარ, გოგლა ლეონიძის გვერდით ვმჯდარვარ, მისი ლექსებით წაყვანილ ქართულ სუფრაზე მომილხენია, სოსო ებრალიძისა და კოტე მახარაძის მეგობარი ვიყავი და როცა დრო მოვა, თბილისის ცის ქვეშ უნდა დავიმარხო საბურთალოს სასაფლაოზე, ჩემი მშობლების გვერდით.

იგორ ნაგორნი - ქართული ტელევიზიის ცოცხალი მატიანე, თბილისზე, „პლეხანოვზე“ და ყველაფერ ქართულზე შეყვარებული რუსთა მეფისწულის აღმზრდელის ჩამომავალი და ერთი გემრიელი ქალაქელი კაცი, ხვალ, 25 ივნისს დაიმარხება თბილისის ცის ქვეშ...

ყველა ახალი ამბავი
0