თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, რომელიც სასულიერო პირია, „შაბათის კურიერთან“ ამბობს, რომ მის ოჯახში ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ორი ივლიტა გაჩნდა.
„ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა, ჩემს გოგონასაც, თეკლას შეეძინა ივლიტა. ორივემ ივლიტა დაარქვეს შვილებს. სასიხარულო ის არის, რომ ბევრმა ადამიანმა მითხრა, შვილს ივლიტა დავარქვიო. ერთი ქალბატონი იყო გერმანიიდან, იქ გაიგო ეს ამბები, ესიზმრა კიდეც და მანაც ივლიტა დაარქვა შვილს, აქ მონათლეს და ნათლობასაც ვესწრებოდი. ასე რომ, ივლიტას ხსოვნა გრძელდება“, – ჰყვება მამა გიორგი.
მისი თქმით, ივლიტას და სხვა გარდაცვლილების სახელზე საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მართავს ლიტერატურულ ღონისძიებებს, გასცემს სტიპენდიებს მოსწავლეებისთვის.
13 ივნისის სტიქიიდან ხუთი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
ივლიტა ჯიბუტი ტრაგედიის ღამეს საკუთარ სახლში მეუღლესთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მდინარე ვერეს ადიდების გამო ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ სახურავზე ასულიყვნენ, თუმცა მოვარდნილმა მდინარემ ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია გაიტაცა. გოგონას ცხედარი მოგვიანებით „მზიურის“ ტერიტორიაზე იპოვეს.