მთავრობას ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა მოუწევს

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: დატოვოს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საუკუნის პროექტის – ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ინვესტორად.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას ხუთშაბათის სხდომაზე მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

აშენდება თუ არა ანაკლიაში პორტი – მთავრობა გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება>>

ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომელთა შორის ყველაზე მთავარია მოთხოვნა სახელმწიფოსადმი – დააზღვიოს ის განსხვავება, რომელიც კონსორციუმს კრედიტის გრაფიკით დაფარვისთვის, შეიძლება, არ ეყოს. სახელმწიფომ ეს სახსრები უნდა გადასცეს კონსორციუმს, ხოლო მან, თავის მხრივ, ის ბანკებს უნდა გადაუხადოს.

ანაკლიის სამშენებლო მოედანი - Sputnik საქართველო
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კვლავ ვერ ჩაეტია ვადაში - რა იქნება შემდეგ?

ამ პირობებს კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება და ამ საკითხში ის დათმობას არ აპირებს. ამის გამო ფინანსური გარიგების დახურვა ჩაიშალა.

„ჩვენ გვაქვს მთავრობის სხდომა, მთავრობის სხდომის ფარგლებში ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვასაც. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პოტენციური ინვესტორი დაკარგა>>

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს - ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება. პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტმა უკვე პირველი ფაზის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოს 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემები.

ინვესტორები ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის ინვესტორი: მნიშვნელოვანია პროექტი, და არა ფინანსური გარიგების დახურვის ვადები

თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.

თუმცა, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე სახელმწიფო დათმობაზე წავიდა და პორტის მშენებლობის ეტაპები შვიდიდან ცხრა ფაზამდე გაზარდა, სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდმა" კონსორციუმს 22 წელზე გათვლილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელსაც კომპანია მას შემდეგ მიიღებს, რაც მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსების წყაროს იპოვის.

მშენებლობის პირველი ფაზა ითვალისწინებს პორტის აშენებას სატვირთო ხომალდებისთვის, ტერმინალს კონტეინერებისთვის, ტალღის მჭრელსა და ადგილს ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. ის 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

აქ უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
ჰაერივით საჭიროა - მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაწესებულ ვადებზე საუბრობს

შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ასევე მიმდინარეობდა სხვა სამუშაოები.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0