თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში არქეოლოგებმა ციხის ნანგრევები აღმოაჩინეს, იუწყება პირველი არხი.
მეცნიერები აღმოჩენას XIV-XVII საუკუნეებს მიაკუთვნებენ და მას დეხვირის ციხის კომპლექსის ნაწილს უწოდებენ
„ძეგლი, სავარაუდოდ, XIV-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ციხეა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით „დეხვირის ციხეა თავი თაკვერისა", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ციხეთა მფლობელი მთელი ლეჩხუმის მფლობელი იყო", – განაცხადა არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.
დეხვირში არქეოლოგიური გათხრები ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა ამავე სახელწოდების ციხე-სიმაგრის კვლევას სპეციალისტები ჯერ კიდევ 2015 წელს შეუდგნენ. სამუშაოებს ცაგერის რაიონის მერია აფინანსებს.
ამ წლების განმავლობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ანტიკური პერიოდის რამდენიმე სამარხი, ციხე, მათ შორის, დეხვირის კომპლექსის მთავარი ციხე-სიმაგრე.
დეხვირში არქეოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს: მცხეთა-დეხვირის არქეოლოგიური ექსპედიცია და შუა საუკუნეების მკვლევარების ჯგუფი.
დეხვირში 2012 წლიდან ფუნქციონირებს არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.