ძველი პირადობის მოწმობების შეცვლა 1 მარტამდე უფასოდ შეიძლება

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქაღალდის (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობის ახლით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკუთვნის. აქციის ფარგლებში ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ძველი, ე.წ. ქაღალდის ლამინირებული პირადობით სარგებლობენ და მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი), 1 თებერვლიდან 1 მარტამდე უფასოდ შეძლებენ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას.

„აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შშმ პირი - Sputnik საქართველო
შშმ პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ აიღებენ

აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 მილიონზე მეტი მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას, დღეისთვის კი საქართველოში მოქმედი 750 ათასამდე ლამინირებული პირადობის მოწმობაა დარჩენილი.

როგორც უწყებაში განაცხადეს, აქცია ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ყველა ახალი ამბავი
0