რა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს „მაგთიმ“ და “ჯეოსელმა“

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. შპს „მაგთიკომი“ და შპს „ჯეოსელი“ სახელმწიფო უწყებებს მომსახურებას იმაზე დაბალ ფასად უწევდნენ, ვიდრე ეს თავად უჯდებოდათ, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობით, მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურების სუბსიდირებისთვის „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” წერილობითი გაფრთხილება მიეცა.  

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
„სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ შესაძლოა „ბილაინი“ ბაზრიდან განდევნონ

„კომუნიკაციების კომისიამ დაასრულა ბაზრის მოკვლევა და დაადგინა, რომ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში ორივე კომპანიას დაუფიქსირდა ზარალი“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს.

„იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელი“ და შპს „მაგთიკომი“ ვალდებული არიან სხვა მომხმარებელთა ხარჯზე არ დაუშვან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „მაგთი“ ინტერნეტ–მომსახურებას აღარ გააძვირებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, ეს ეხება ინდივიდუალურ აბონენტებს, რომლებიც ბაზრის 90%-ზე მეტს შეადგენენ და არა კორპორატიულ კლიენტებს.

სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი 2018 წლის 31 იანვარს გამოცხადდა, თუმცა მასში მხოლოდ კომპანია „ბილაინი“  მონაწილეობდა. სწორედ ამ მიზეზით შესყიდვების სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ მხოლოდ „ბილაინის“ გამარჯვებით შესაძლო იყო გარკვეული რისკები გაჩენილიყო. სახელმწიფო სატენდერო კომისიის განმარტებით, უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია ალტერნატიული კომპანიაც არსებობდეს. 

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
რატომ აძვირებს „მაგთიკომი“ მობილურ ინტერნეტს

ხელმეორედ ჩატარებულ კონსოლიდირებულ ტენდერში კომპანიებმა „მაგთიმ", „ჯეოსელმა" და შპს „ვიონი საქართველომ“ (ბრენდული სახელწოდება „ბილიანი“) გაიმარჯვეს. შესაბამისად, 2018-2019 წლის განმავლობაში ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას სახელმწიფო უწყებებს სწორედ ეს კომპანიები მიაწვდიან. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთზე მეტი გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს მისთვის სასურველ ერთ-ერთ გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

კონსოლიდირებული ტენდერი განსხვავდება გამარტივებული ტენდერისგან. მას ატარებს სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად სახელმწიფო 5 სახეობის საქონელს ყიდულობს, ესენია: ქაღალდი, ავტომობილის საბურავები, საწვავი, ფიჭური კავშირგაბმულობა და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან შესაბამის მომსახურებას ყიდულობს ყველა სახელმწიფო შემსყიდველი და ამ საქონელთან დაკავშირებით დამატებითი ტენდერები არ ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0