ლუკა ხატიაშვილის თანამედროვე ოდისეა და ტელემაქე 21-ე საუკუნეში

© ლუკა ხატიაშვილის პირადი არქივილუკა ხატიაშვილის სელფი მეგობრებთან ერთად
ლუკა ხატიაშვილის სელფი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ლუკა ხატიაშვილის წიგნის „ადამიანთა ყოფა" პრეზენტაცია შედგება. გამომცემლობა „ბიბლუსში“ რამდენიმე ასეული წიგნი დაიბეჭდა.

ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი ქართველი ბიჭია. იღებს სელფებს, უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, კითხულობს ბევრს. დადის სხვადასხვა საინტერესო ლექციაზე. უჩვეულო არც ისაა, რომ 18 წლის ასაკში რთული ფსიქოლოგიური დრამა დაწერა, რომელიც მკითხველთა ნაწილს კაფკას აგონებს, ნაწილი ძველ ბერძნულ ტრაგედიებს იხსენებს. როგორც არ უნდა იყოს, ლუკა ხატიაშვილმა შეძლო, ადამიანები დაეფიქრებინა და მისი გმირის — ტრაგიკული ტელემაქეს გარშემო მოეყარათ თავი. ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი წინასწარმეტყველურია, მაგრამ აშკარად აჩვენებს, როგორ იბნევა პენელოპესა და ოდისევსის გმირი შვილი თანამედროვე რეალობაში, როგორი განცდები აქვს მას, როგორ გადადის წარსულიდან აწმყოსა და მომავალში. ნაწარმოებში ახლებურადაა წარმოსახული ქრისტეს ამქვეყნად მოვლენისა და ადამიანების გამო თავგანწირვის მისტერია. მისტერია, როცა ბედნიერება თავს წირავს ადამიანების გამო, ხოლო მის საწინააღმდეგო მოვლენას — უბედურებას, რომელიც ამავე დროს ბედნიერების ნაწილია, მისი ოპოზიტი და მისგან წარმოშობილი, უკვირს, „რამ შეაყვარა ბედნიერებას ასე ადამიანები“.

© ლუკა ხატიაშვილის პირადი არქივილუკა ხატიაშვილი
ლუკა ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
ლუკა ხატიაშვილი

აქვე ედელვაისისა და სიხარულის ყვავილის ისტორიაც მეორდება. ყვავილისა, რომელიც ადამიანებისათვის მიუწვდომელ მთის მწვერვალზე ხარობს და პირველაღმომჩენს ელოდება.

მწერლებისათვის ასაკი არ არსებობს. უფრო სწორად, სწორედ ახალგაზრდულ ასაკში ქმნიან ისინი შედევრებს. გალაკტიონი, ვაჟა, აკაკი… მაგრამ ეს უფრო პოეზიას ეხება. პოეზიას, სადაც აღმაფრენა და კოსმიური ბგერების დაჭერაა მთავარი. რაც შეეხება პროზას, თავად უდიდესი პოეტი და პროზაიკოსი რაინერ მარია რილკე ამბობდა — დიდი ნაწარმოები რომ დაწერო, ამისათვის დიდხანს უნდა იცხოვრო, შეიგრძნო ცხოვრება, ადამიანები, ნახო ბევრი ტკივილი, სიკვდილი და სიხარული. ამის შემდეგ ღვინდება მწერალი და ხელოვნურობის გარეშე გადმოსცემს სათქმელს.

ლუკა ხატიაშვილი კითხვასა და წერაზე შეყვარებული ქართველი ბიჭია. 18 წლის. მარი ბროსეს ფრანგული სკოლის კურსდამთავრებული. მონპელიეში სამართალს სწავლობს და ადამიანის სულის იდუმალი კუნჭულების ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევითაა დაკავებული.

როცა მის ორი წლის ნამუშევარ „ადამიანთა ყოფას“ კითხულობ, ვერ წარმოიდგენ, რომ ეს ნაწარმოები 18 წლის ახალგაზრდამ შექმნა, მისი სიღრმისა და მისტიური პარალელების გამო.

რომანის მთავარი გმირი ტელემაქე ვარლამაშვილი ოდისევსისა და პენელოპას მისტიური, მამის მძებნელი გმირია. ჰომეროსის ეპოქიდან 21-ე საუკუნეში მოხვედრილ ტელემაქეს თანამედროვე სამყაროსთან შეგუება უჭირს. მისი სული ფაქიზია და პირველყოფილი სიცხოველით აღიქვამს რეალობას. თუ ჰომეროსის ოდისეა ოპტიმისტურად სრულდება, ტელემაქე ვერ უძლებს 21-ე საუკუნის ტექნოგენურ საზოგადოებას, ის იმსხვრევა ამ რეალობაში. იმსხვრევა, მაგრამ სწორედ ამ ჰადესში გადასვლაში  პოულობს სიმშვიდეს, ედელვაისის ყვავილს…

© ლუკა ხატიაშვილის პირადი არქივილუკა ხატიაშვილის წიგნი „ადამიანთა ყოფა“
ლუკა ხატიაშვილის წიგნი „ადამიანთა ყოფა“ - Sputnik საქართველო
ლუკა ხატიაშვილის წიგნი „ადამიანთა ყოფა“

ნაწარმოებში ბევრი პარალელია. ტელემაქე თავიდანვე გარემოებათა მსხვერპლად აღიქვამს საკუთარ თავს. ვერ ეგუება რეალობას. ართულებს. ანდა შესაძლოა, რეალობა თავად რთულდება მისი ფაქიზი სულისა და ბედისწერის გარდაუვალობის გამო. აკი ძველი ბერძნული ტრაგედიები სწორედ ბედისწერის გარდაუვალობასა და რეალობისადმი შიშნეულ ხატებებზე მოგვითხრობენ.

ტელემაქესათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშობლოს აღქმა“, — წერს რედაქტორი ლუკა ხატიაშვილის წიგნის შესავალში.

„დაიბადა საქართველოში, პატარა ქვეყანაში. პატარაში, მაგრამ დიდებულში. ნაწამებში. ათასწლეულებია, ეს მიწა სისხლს იშრობს. იბრძვის. არ ნებდება. არც დანებდება. ბევრი გადაიტანა, რომ დღემდე მოსულიყო. ბევრი იბრძოლა, რომ ეარსება. რომ დღეს ამ მიწაზე თავისუფლად ეცხოვრათ. საწყენია, როდესაც ათასწლეულების ისტორია, საუკუნეების ნაშრომი უცნობი რჩება. არსებული არარსებული ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, ვინ დააფასებს, ვინ მოიგონებს, ვინ იტირებს. ამაზე არ ფიქრობდნენ. არ ფიქრობდნენ, რას იტყოდნენ სხვები, როდესაც მიწა საკუთარი სისხლით შეღებეს. სხვა იყო მთავარი —  მთავარი იყო ის, რომ საქართველოს დღემდე ეარსება, უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ. ამ იმედისათვის გაწირეს თავი გაქრნენ იმისათვის, რომ დღეს სხვებსაც ჰქონოდათ ბედნიერი მომავლის იმედი“, — ეს კი ამონარიდია თავად ნაწარმოებიდან.

მკითხველი ალბათ, ტელემაქეს სულიერი ძიებებით ინტერესდება, მისი სულიერი თავგადასავლით, მისი ღრმა, თრთოლვამდე მისული სულით. მისი ცხოვრებისეული მარცხით და წარმატებით. მაგრამ აზროვნება, სულიერი მოგზაურობა ოდისევსის ძიებაში „ადამიანთა ყოფის“ მთავარი თემაა. ეს არის ფიქრი სიცოცხლის არსზე, მოგზაურობა სამყაროს ყველა შრეში. აკი ნაწარმოებში ჰაეროვნად გადავდივართ აწმყოდან წარსულში, წარსულიდან მომავალში. ამას ავტორი საოცარი სიფაქიზითა და ლაკონურობით ახერხებს. ბედისწერის გარდაუვალობა, თანამედროვე ტექნოგენური სამყარო, სადაც ადამიანი საკუთარი თავის ანარეკლს ხედავს, ეძებს სუნთქვისათვის თავისუფალ სივრცეს, ეშინია ბუნების, ეკოლოგიის განადგურების, ხედავს ადამიანთა უგნურებას.

© ლუკა ხატიაშვილის პირადი არქივილუკა მშობლებთან და დასთან ერთად
ლუკა მშობლებთან და დასთან ერთად - Sputnik საქართველო
ლუკა მშობლებთან და დასთან ერთად

მაგრამ ტელემაქეს სულიერი თავგადასავალი სულაც არაა ტრაგიკული. გმირის სულიერი ძიებები, სეირნობა სცილასა და ქარიბდას შორის ბოლოს სულიერი სიმშვიდის მოპოვებით სრულდება და სამყაროს კოსმოგონიაში ამაღლებული კიდევ ერთი სული გარდაისახება თავისუფლებაში. ტელემაქე ქართული რეალობის შვილია, მაგრამ ამავე დროს — ზოგადსაკაცობრიო. და დიდი ბედნიერებაა, რომ 21-ე საუკუნეს ჰყავს ახალი სახეები, რომლებიც მის ლიტერატურულ მომავალს, ინტელექტუალური აზროვნების სივრცეს შექმნიან. ლუკა ხატიაშვილის დებიუტი მრავლისმთქმელია. დარწმუნებული ვარ, ტელემაქეს სულიერი ძიებების გაცნობის შემდეგ გემოვნებიანი მკითხველი მის მომდევნო ნაწარმოებებს დაელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0