თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სავსე დარბაზები, აღფრთოვანება და მაყურებლის განუწყვეტელი აპლოდისმენტები — ასე დახვდნენ პოლონეთში გასტროლებზე მყოფ საქართველოს ნაციონალურ ბალეტს „სუხიშვილები“.
ქართული ანსამბლის დიდი საზღვარგარეთული ტურნე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გამოსვლების პირველ შეფასებას Facebook-ის „სუხიშვილების“ გვერდზე თავად ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი აკეთებს.
„გუშინ კრაკოვში და დღეს ლოდში ორ-ორი კონცერტი ჩავატარეთ, 2 დღეში 4 კონცერტი! გულწრფელად მიკვირს ჩვენი მოცეკვავეების გამძლეობის, ენერგიისა და თავგანწირვის. და ამის მერე სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები, არც ერთი თავისუფალი ადგილი, მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში, წინ კიდევ 40 კონცერტია!!!“ — წერს ნინო სუხიშვილი.
პოლონეთში გამოსვლის შემდეგ ანსამბლი უკრაინაში გააგრძელებს ტურნეს, სადაც 23 ქალაქში გამოვა.
უკრაინის შემდეგ „სუხიშვილებს“ ელოდებიან ბელარუსსა და ჩეხეთში.
ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი 1945 წელს დააარსეს. პირველ გასტროლზე ანსამბლი ევროპაში უკვე 1948 წელს გავიდა.
„სუხიშვილებმა“ მალევე მოიპოვეს მსოფლიო აღიარება, რომელიც დღემდე გრძელდება.
70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლი გასტროლებით 200-ზე მეტ ტურნეში 90 ქვეყანაში იმყოფებოდა, გამართა დაახლოებით 9500 კონცერტი. უცხოურმა პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.
2017 წლის იანვარში ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ ანსამბლი 1 მილიონ ლარად დააზღვია. ქართული დაზღვევის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანსამბლმა, კოლექტივის მუსიკოსების ჩათვლით, მთელი შემადგენლობა დააზღვია.