ბურჭულაძემ თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

გამოწერა
პაატა ბურჭულაძემ დეპუტატის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება ტერაქტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გამოიძიონ, განაცხადა ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის „ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.

დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პლაკატი - Sputnik საქართველო
პრემიერი თბილისში მომხდარ აფეთქებას მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს

„ეს ტერაქტია. ასეთი ტერაქტი საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. მოვითხოვთ, რომ ეს ტერაქტი ცხელ კვალზე, სასწრაფოდ გახსნან. ეს ტერაქტი არჩევნებამდე უნდა გახსნან“, — განაცხადა ბურჭულაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

კრიმინალისტები და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები აფეთქების ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0