საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გირაოთი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Мариус Баранаускас / გადასვლა მედიაბანკშივილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ მაისურაძე, რომელიც ვილნიუსში კიევიდან ჩაფრინდა, რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ დირექტორ ზურაბ მაისურაძეს, რომელიც ლიტვაში გასულ კვირას დააკავეს, აღკვეთის ზომა შეუცვალეს, განაცხადა ლიტვის უფროსმა პროკურორმა ტომას კრუშნამ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„მოკლე ვადაში მივიღეთ ინფორმაცია, რომელმაც ვითარების შეფასების საშუალება მოგვცა“, — განაცხადა კრუშნამ და აღნიშნა, რომ მაისურაძეს „დაკავება აღკვეთის სხვა ზომით შეეცვალა“.

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას ჟილინსკასმა აღნიშნა, რომ მაისურაძე ექსტრადიციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ვადასტურებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაკავებული გირაოთია გათავისუფლებული“, — განუცხადა ჟილინსკასმა სააგენტო BNS-ს.

საქართველოს მოქალაქე მაისურაძე გასულ კვირაში კიევიდან ვილნიუსში ჩაფრენის შემდეგ ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ინიციატივით იყო გაცემული.

როგორც პორტალი Delfi აღნიშნავს, რუსეთმა მაისურაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი, ამასთან, ლიტვის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას მაისურაძის ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობის შესახებ. ვილნიუსის საოლქო სასამართლომ 4 დეკემბერს ეჭვმიტანილის ათი დღით დაკავების ნებართვა გასცა.

გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამჟამად მაისურაძეს ვილნიუსში საცხოვრებელი ადგილი აქვს, მისი „ლიტვაში ჩამოსვლა უზრუნველყოფილია თავდებით, დაკავებულს დოკუმენტები ჩამოართვეს, მიღებულია პოლიციაში რეგისტრირების ვალდებულება“, ნათქვამია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მათ მიმართეს კომპეტენტურ უწყებებს დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რაც მათ ვითარების ობიექტურად შეფასების საშუალებას მისცემდა. „ოფიციალური განცხადება დაკავებულის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ჯერ მიღებული არ არის — საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ასეთი განცხადება პირის დაკავებიდან 40 დღის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი“, — აღნიშნულია პრეს-რელიზში.

ყველა ახალი ამბავი
0