თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ჩხრეკა სტამბულში ერთდროულად 44 ფირმაში დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ჩხრეკა იმ საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც თურქეთში გასულ თვეში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ეხება. პოლიციელებს ფირმების 120 ხელმძღვანელის დაკავების ორდერი ჰქონდათ. კომპანიები, რომლებშიც ჩხრეკა მიმდინარეობს, დასახელებული არ ყოფილა, იუწყება სააგენტო ადგილობრივი მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამბოხებულებმა 15 ივლისის საღამოს დაიწყეს. ამაში ხელისუფლებამ გიულენს დასდო ბრალი და აშშ-ს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ მას ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს და თურქეთში ექსტრადიციის არ ეშინია.