29 წლის ლუჩანო პავაროტის შესანიშნავი La Donna e Mobile

გამოწერა

ლუჩანო პავაროტი — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული საოპერო ტენორი. მის სოლო-კონცერტებზე დასასწრებად ასობით ათასი მაყურებელი იყრიდა თავს. ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ ოპერის“ თეატრში ერთ-ერთი კონცერტისას მაყურებელი იმდენად დაიპყრო მომღერლის ხმის მშვენიერებამ, რომ ფარდა 165-ჯერ აიწია. ეს შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ლუჩანო პავაროტის სიმღერის მოსასმენად 500 ათასმა კაცმა მოიყარა თავი. ასეთი აუდიტორია არც ერთ მომღერალს არ ღირსებია.

1990-იან წლებში მომღერალი ჩაერთო პროექტში „პავაროტი და მეგობრები“. ეს საქველმოქმედო პროექტი იყო და კოლოსალური პოპულარობით სარგებლობდა.

რაც შეეხება პროექტს „სამი ტენორი“, რომელშიც ლუჩანო პავაროტი, ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო მონაწილეობდნენ, ბევრი აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ „ოპერა სამმა ადამიანმა, სამმა ტენორმა დაღუპა“.

არადა, არ ღირს დავივიწყოთ, რომ ესეც საქველმოქმედო პროექტი იყო, რომლის მიზანიც ხოსე კარერასის გამოჯანმრთელება იყო. უფრო მეტიც, სწორედ ამ პროექტის წყალობით შერიგდნენ ძველი მტრები — კარერასი და დომინგო.

ლუჩანო პავაროტი ლეგენდაა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა საოპერო ხელოვნებაში. თვით ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ, რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ადამიანის ხმის სილამაზის სინონიმად.

შემოთავაზებულ ვიდეოში ლუჩანო პავაროტი სულ 29 წლისაა და, მართალია, უკვე ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მაგრამ მაინც ნაკლებადაა ცნობილი. საქვეყნო სახელი და დიდება მასთან ოდნავ მოგვიანებით მოვა, მანამდე კი მოუსმინეთ მის შესანიშნავ La Donna e Mobile-ს, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0