მეტოქის დისკვალიფიკაციამ ქართველ მოჭიდავეს ოლიმპიადის ვერცხლი მოუტანა

© AP Photo / Martti Kainulainenგიორგი გოგშელიძე
გიორგი გოგშელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოჭიდავე პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა მას შედეგ, რაც ყაზახმა სპორტსმენმა დისკვალიფიკაცია მიიღო სისხლში აკრძალული ნივთიერების გამოვლენის გამო.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. მაშინ გოგშელიძემ 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია იუწყება.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2008 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ყაზახ მოჭიდავე თეიმურაზ თიგიევს განმეორებითი დოპინგ-სინჯის დროს სისხლში აკრძალული პრეპარატის ტურინაბოლის კვალი აღმოუჩინეს.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყაზახი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) გოგშელიძეს პეკინის ოლიმპიური ვერცხლი მიანიჭა.

Sputnik საქართველო“ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველს მალხაზ ჯორბენაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

– როგორ მოხდება მედლების გაცვლა?

– ჩვენთან უკვე მოვიდა შეტყობინება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან და UWW-დან იმის შესახებ, რომ გოგშელიძის ბრინჯაოს მედალი უნდა გადავუგზავნოთ კუბელ მიშელ ბატისტას. ჩვენ კი „ვერცხლს“ ყაზახეთიდან ველოდებით. ეს ყველაფერი ფოსტის მეშვეობით ხდება.

– გოგშელიძისთვის საპრიზო თანხაში განსხვავება თუ იქნება კომპენსირებული?

— არა მგონია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ქვეყანაში უამრავი რამ შეიცვალა. მთავარია, რომ გიორგი გოგშელიძის სახელი ისტორიაში შევა, როგორც ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 2008 წელს საქართველომ ექვსი მედალი მოიპოვა — სამი ოქრო და სამი ბრინჯაო. ამის შემდეგ შესწორება შევა ყველა ცნობარში და გოგშელიძე ჩაიწერება, როგორც ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

ყველა ახალი ამბავი
0