ზაზა ნადირაძე — მაისურის გამო დაკარგული ლიცენზია და გამოტოვებული ლონდონის ოლიმპიადა

© photo: Sputnik / Denis Aslanovზაზა ნადირაძე
ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ კანოისტ ზაზა ნადირაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

23 წლის ზაზა ნადირაძე, რომელიც საქართველოს ბრაზილიის ოლიმპიადაზე წარადგენს, ბაზალეთის ტბის ულამაზეს გარემოში ვარჯიშობს. სწორედ იქ ვეწვიეთ მას და საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ლომიშვილს, რათა გვენახა, როგორ მიდის ოლიმპიელის სამზადისი.

— ზაზა, წარსულში საბჭოთა კავშირში ნიჩბოსნობის შესანიშნავი სკოლა არსებობდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობამ ბოლო პერიოდში პოპულარობა დაკარგა. საინტერესოა, თქვენ როგორ მოხვდით ნიჩბოსნობაში?

— ბავშვობაში თავი ბევრ სახეობაში მოვსინჯე. ფეხბურთზეც დავდიოდი, კარატეზეც და რაგბიზეც. თუმცა მაინც და მაინც სერიოზულად არ ვვარჯიშობდი, რაღაცნაირად ვერ ვეწყობოდი. მერე კარგა ხნით მივანებე თავი ყველაფერს და არაფერსაც აღარ ვაკეთებდი. 12 წლისა ვიყავი, როდესაც მეგობარმა, რომელიც სერიოზულად მისდევდა კანოეს, ვარჯიშზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა, რა იყო ეს კანოე.

© Sputnik/ Denis Aslanovკანოისტი ზაზა ნადირაძე
კანოისტი ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
კანოისტი ზაზა ნადირაძე

წავედით. წყალმა და ნავებმა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რაღაც უჩვეულო, სხვა ყველაფრისგან განსხვავებული იყო ამ ყველაფერში. რაც მთავარია, წყალში ვარჯიშობდი და ეს უკვე იყო საინტერესო და ექსტრემალური.

— არ გაგიჭირდათ ხმელეთიდან წყალზე გადართვა?

— არც ისე. ნიჩბოსანს მხოლოდ კარგად ცურვა კი არ მოეთხოვება, სირბილიც უნდა შეეძლოს და შტანგის აწევაც. თანაც სამოყვარულო დონეზე კი არა, პროფესიონალურად. როცა ეს ყველაფერი ამიხსნეს, ძალიან მოვიხიბლე და გადავწყვიტე, ნიჩბოსნობას გავყოლოდი.

— და რატომაა მნიშვნელოვანი ნიჩბოსნისთვის სირბილი?

— შორიდან ისე ჩანს, თითქოს ნიჩბის მოსმისას მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი მუშაობს. სინამდვილეში კი ამ დროს პროცესში სხეულის ყველა კუნთია ჩართული. სისხლი მთელ ტანში ცირკულირებს და თუ ფეხები სუსტია, კუნთები სახიფათოდ გადაიტვირთება. თანაც სისხლის კარგად გადასროლისთვის ძლიერი და ჯანმრთელი გულია საჭირო. ამას კი სწორედ სირბილი უწყობს ხელს.

— სავარჯიშო დარბაზში დიდ დროს ატარებთ?

© Sputnik/ Denis Aslanovოლიმპიადის ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე ბაზალეთის ტბაზე ვარჯიშისას
ოლიმპიადის ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე ბაზალეთის ტბაზე ვარჯიშისას - Sputnik საქართველო
ოლიმპიადის ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე ბაზალეთის ტბაზე ვარჯიშისას

— კი, თუ ამას ასე შეიძლება დაერქვას. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესაძლებლობები არ გვაქვს. იმის გამოყენება გვიწევს, რასაც ვშოულობთ: ძველი საბურავებისა, ვიღაცისგან ნათხოვარი ან ჩვენი შეგროვილი ფულით იაფად ნაყიდი შტანგისა… პრესის ტრენაჟორებსაც კი საკუთარი ხელით ვამზადებთ. ადრე ბევრი ბაზა არსებობდა, რომლებშიც ნორმალური პირობები იყო შექმნილი, ახლა კი ყველაფერი გაყიდულია…

— რატომ მაინც და მაინც კანოე და არა ბაიდარი? საერთოდ, რა განსხვავებაა ნიჩბოსნობის ამ ორ სახეობას შორის?

— თავიდან მწვრთნელს ბაიდარზე უნდოდა ჩემი დასმა, მაგრამ მეგობარმა, ვასილი პესტომ ამიხსნა, რომ ბაიდარზე ნიჩბოსნობა უფრო იოლია, ნებისმიერს შეუძლია მაგით ცურვა, კანოეთი კი — ნურას უკაცრავადო. სპორტის ეს სახეობა ტექნიკურად ბევრად რთულია. მე კი არასდროს ვეძებ იოლ გზებს, სიძნელეები მომწონს. თანაც, როცა მე ვარჯიში დავიწყე, გუნდში გოგონები არ იყვნენ და ვიფიქრე, რახან გოგოები არ არიან, ესე იგი, რთულია და საჩემო საქმეა–მეთქი.

— პირველი წარმატება მალე მოვიდა?

— მოულოდნელად მალე. ნიჩბოსნობა იოლად გამომდიოდა და დაახლოებით ერთ წელიწადში გავხდი ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული. მაგრამ 2009 წელს მოტოციკლით სერიოზულ ავარიაში მოვყევი. ტვინის ძლიერი შერყევა მივიღე და მეგონა სპორტისთვის თავის სამუდამოდ დანებება მომიწევდა. ორი წლით შესვენებამ მომიწია, მერე კი თანდათანობით აღვიდგინე ძალები და სომხეთის ღია პირველობაშიც მივიღე მონაწილეობა და გერმანიის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატშიც. სხვათა შორის, გერმანიაში კარგად გამოვედი, ნახევარფინალშიც კი გავედი. ფინალამდე სულ ცოტა დამაკლდა.

© Sputnik/ Denis Aslanovზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა"
ზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა"

ორი კვირის მერე უკვე უნგრეთში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი მოზრდილებში. იქაც მივიღე მონაწილეობა და მე–14 ადგილზე გავედი. თუ შეიძლება ასე ითქვას, ღირსეული დრო ვაჩვენე.

— ამის მერე დაიწყეთ ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადება…

— კი. მაგრამ ევროპის ქვეყნების სალიცენზიო ტურნირზე, სადაც კარგი დრო ვაჩვენე და ფინალშიც გავედი, სულელურმა შემთხვევითობამ დამღუპა. ოლიმპიადის ლიცენზია რომ ამეღო, პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავსულიყავი. კარგი შანსები მქონდა, მაგრამ უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და სტარტი 15 წუთით გადაიდო. მე კი მოკლესახელოებიანი მაისური მეცვა და ისე გავიყინე, რომ ნიჩაბს ვეღარ ვგრძნობდი. საბოლოოდ მხოლოდ მერვე ადგილი მერგო.

— სად ვარჯიშობთ ძირითადად — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?

— 2015 წლამდე ძირითადად საქართველოში — ბაზალეთზე, ფოთსა და მცხეთაში ვვარჯიშობდით. მერე კი, როცა ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოვიპოვეთ, შეკრებები უკვე მინგეჩაურის სასწავლო–სპორტულ ცენტრში გვქონდა. ვალენტინ დემიანენკომ (უკრაინელ–აზერბაიჯანელი კანოისტი, მსოფლიოსა და ევროპის С-1 კლასის ოთხგზის ჩემპიონი — რედ.) მიგვიწვია იქ.

სხვათა შორის, აზერბაიჯანში ამ მხრივ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. გუნდებში პროფესიონალი ექიმები მუშაობენ, რომლებიც ზედმიწევნით აკვირდებიან სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ კი არც ექიმები გვყავს და არც მასაჟისტები. ამის გამო მსხვილი შეჯიბრებებისას არასდროს ვყოფილვარ ოპტიმალურ ფორმაში — პიკი ან ადრე დგებოდა, ან გვიან. ამიტომაც ვერ გამოვედი ბაქოში ნორმალურად და მე–11 ადგილზე გავედი.

გამუდმებით ასე ხდება – ან საერთოდ ვერ ვასწრებთ შეჯიბრებისთვის მომზადებას, ან ოპტიმალურ ფორმაში დროზე ადრე ვდგებით.

© Sputnik/ Denis Aslanovზაზა ნადირაძე: „მომწონს მოძრაობის სიმკვეთრე და სისწრაფე“
ზაზა ნადირაძე: „მომწონს მოძრაობის სიმკვეთრე და სისწრაფე“ - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძე: „მომწონს მოძრაობის სიმკვეთრე და სისწრაფე“

— ოლიმპიადის ლიცენზიანტობამ არაფერი შეცვალა?

— ხომ ხედავთ, რა პირობებში ვვარჯიშობთ? ექიმი კი გამოგვიყვეს, მაგრამ… სიცხის გაზომვა და გაციების საწინააღმდეგო წამლის დალევა თავადაც შემიძლია. ჰო და, გამოდის, რომ ბრმად ვვარჯიშობ.

— რას ელოდებით რიოს ოლიმპიადისგან? რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?

— ჩემი მთავარი მიზანი — ტურნირისთვის ოპტიმალური ფორმის მიღწევაა. მერე რა იქნება, წინასწარ ძნელი სათქმელია. ობიექტურად არ ვიცი, რა შემიძლია, რისი მაქნისი ვარ. ვიმეორებ: საამისოდ საჭიროა, რომ შეჯიბრების დროს ფორმის პიკში ვიყო.

— როდის მიემგზავრებით ბრაზილიაში?

— 8 აგვისტოს მივფრინავთ რიოში, შეჯიბრება კი 17–ში იწყება. ადაპტაციისა და აკლიმატიზაციისთვის ცხრა დღე გვექნება.

— სად გექნებათ დასკვნითი შეკრება?

— ჯერ  ბულგარეთში, სადაც იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი ტარდება, მერე კი პორტუგალიაში.

— რა თვისებებია უპირველესად საჭირო ნიჩბოსნისთვის?

— კანოისტს ორი დისციპლინა აქვს — 200 მეტრი და 1000 მეტრი. როგორც მძლეოსნობაშია — სპრინტერი და სტაიერი. მე სპრინტერი ვარ და ვფიქრობ, რომ სპრინტერისთვის უმთავრესი ძალა, ამტანობა და ტექნიკაა.

© Sputnik/ Denis Aslanovმზადება რიოს ოლიმპიადისთვის
მზადება რიოს ოლიმპიადისთვის - Sputnik საქართველო
მზადება რიოს ოლიმპიადისთვის

— რატომ აირჩიეთ 200-მეტრიანი დისტანცია და არა 1000-მეტრიანი? ანუ, რატომ არჩიეთ სპრინტერობა სტაიერობას?

— ეს, ალბათ, ჩემი ფსიქოლოგიიდან გამომდინარეობს. მომწონს მოძრაობის სიმკვეთრე და სისწრაფე. მოკლე დროში მაქსიმალური სიჩქარის განვითარება მხიბლავს. 1000-მეტრიანი დისტანცია უფრო მშვიდი და რიტმულია, რაც საჩემო არ არის.

— ნავი და ნიჩაბი ინდივიდუალური გაქვთ?

— იდეაში ინდივიდუალური უნდა იყოს, მაგრამ, გამომდინარე არსებული პირობებიდან, თანაგუნდელებთან საზიარო ნავი მაქვს. ეს 2009 წლის მოდელია. უფრო თანამედროვე მოდელებიც გამოვცადე, მაგრამ მაინც ეს ვარჩიე — ამ ნავში კომფორტულად ვგრძნობ თავს.
ნიჩაბი კი ჩემი საკუთარია. 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა (იცინის).

— სადმე თუ სწავლობთ?

— ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ინჟინერ–მშენებლის სპეციალობას ვეუფლები. ბავშვობიდან მიყვარს კუბები და კონსტრუქტორები. ახლა აკადემიურ შვებულებაში ვარ, სხვაგვარად ოლიმპიადისთვის მომზადებას ვერ მოვახერხებდი.

თავიდან ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ არ მომეწონა და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე გადავედი სამშენებლოზე.

© Sputnik/ Denis Aslanovსაქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ლომიშვილი
საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ლომიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ლომიშვილი

— დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი წარმოადგენთ ამ სახეობაში ქვეყანას ოლიმპიადაზე. ოჯახში ნერვიულობენ?

— ძალიან. ერთხელ ვიდეოს ვუყურე, რომელიც ოჯახში მაშინ გადაუღიათ, როცა უნგრეთში პირველი მედალი ავიღე. ჩემები შეჯიბრებას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და ისე ნერვიულობდნენ, ისე მქომაგობდნენ, რომ ამ კადრების ნახვაზე კინაღამ ვიტირე.

შინ დედა მყავს — მანანა ნადირაძე, და კიდევ ძმა — ვარლამი. მამა 2007 წელს გარდამეცვალა, გულის პრობლემები ჰქონდა. დაჯილდოებისას ყვავილებს რომ მჩუქნიან, სულ ვცდილობ დედას ჩამოვუტანო. ბოლოს დუისბურგიდან ჩამოვუტანე თაიგული, სადაც მესამე ადგილზე გავედი. ძალიან უხარია ხოლმე ამ ყვავილების მიღება.

დუისბურგიდან რომ დავბრუნდი, აეროპორტში ჩემთვის მოულოდნელი დახვედრა მომიწყეს. ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ყვიროდა: „მიაწექი, ზაზა! ყოჩაღ!“ ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი.

— სხვათა შორის, სწორედ დუისბურგში მოიპოვეთ ოლიმპიადის ლიცენზია. რა გაიფიქრეთ უპირველესად?

— ვიცოდი, რომ ოლიმპიადაზე ჩემი მოხვედრა ბევრს გაახარებდა და უპირველესად ის მსიამოვნებდა, რომ ამ ხალხს იმედი გავუმართლე.

— ნიჩბოსნობით ფულის შოვნა შესაძლებელია?

— რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნებში ნიჩბოსნები კარგ ფულს შოულობენ. ხელფასი იქ დაახლოებით 5 ათას ევრომდე აქვთ, ამას ემატება ბონუსები და პრემიები მედლებისთვის, ლიცენზიებისთვის და ა.შ.

© Sputnik/ Denis Aslanovზაზა ნადირაძე: „ამ ნავში კომფორტულად ვგრძნობ თავს“
ზაზა ნადირაძე: „ამ ნავში კომფორტულად ვგრძნობ თავს“  - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძე: „ამ ნავში კომფორტულად ვგრძნობ თავს“

— მაპატიეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ: ლიცენზია რომ აიღეთ, რამე თანხა მოგცეს გასამრჯელოდ?

— არა, ჯერჯერობით არაფერი მოუციათ. მაგრამ, როგორც მეუბნებიან, წლის ბოლოს 20 თუ 30 ათას ლარს გადმომცემენ პრემიის სახით. ამაში 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ასე მეუბნებიან.
ისე კი 800 ლარი მაქვს ხელფასი და კიდევ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილ გრანტს მაძლევდნენ, რომელიც 18 ნიჭიერი ქართველი სპორტსმენისთვის გამოიყო. ეს თვეში დაახლოებით 400 დოლარია, რომელსაც წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ვიღებდით.

ამ ფულის დიდი ნაწილი ტრენაჟორების ყიდვაზე, დიაგნოსტიკაზე, სამედიცინო გამოკვლევებზე იხარჯება. ფედერაცია კი იხდის ამ ყველაფრის ფულს, მაგრამ არა მაშინვე. ჯერ საკუთარ თანხას ვიხდი და მერეღა ვიღებ ფედერაციისგან ფულს.

— შეყვარებული გყავთ?

— კი, მაგრამ ახლა პატარა პაუზა ავიღეთ, რომ კარგად ავწონ–დავწონოთ ყველაფერი.

— რომელი სამი სიტყვით დაახასიათებდით საკუთარ თავს?

— არასდროს არავის ვუსურვებ ავს, ვცდილობ, არავის გავუკეთო ცუდი და ძალიან მაბრაზებს უსამართლობა.

განვიცდი საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას. ზოგს საჭმლისა და წამლის ფულიც კი არ აქვს და, იქნებ უხეში ნათქვამია, მაგრამ ამის გამო იღუპებიან კიდეც. და ამ ფონზე ზოგი დუღს და გადმოდის, აღარ იცის, სად წაიღოს ფული, კიდევ რომელი მანქანა იყიდოს, მერამდენე სართული დაადგას სახლს… მაცოფებს ასეთი დაუფარავი უსამართლობა.

— როგორ განეწყობით ხოლმე დისტანციისთვის?

— თუ სტარტი დღის მეორე ნახევარში მაქვს, დილიდან ლოცვების ვიდეოებს ვუყურებ. ეს ძალას მაძლევს. რომ იცოდეთ, სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი.

— შეჯიბრების მერე ეკლესიაში მიდიხართ?

— მცხეთაში ერთ ეკლესიაში დავდივარ ხოლმე. თუმცა, ხშირად არა. იმიტომ რომ არ მსიამოვნებს ისეთების დანახვა, ვინც ეკლესიაში მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ მერე გამუდმებით ამაზე ილაპარაკოს და თავი ლამის წმინდანად მოგაჩვენოს.

იქ ორი მღვდელი მსახურობს — ექვთიმე და თეოდოსი, რომლებსაც მე და ჩემი მეგობარი სახლის აშენებაში დავეხმარეთ. ძალიან კარგი ადამიანები არიან და სიამოვნებით გავაკეთეთ ეს. მართალია, რაღაც თანხას გვიხდიდნენ, მაგრამ სულ უფასოდაც ავაშენებინებდით. არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც ფულით არ იყიდება.

© Sputnik/ Denis Aslanovზაზა ნადირაძის ავტოგრაფი Sputnik-ს
ზაზა ნადირაძის ავტოგრაფი Sputnik-ს  - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძის ავტოგრაფი Sputnik-ს

— თილისმა გაქვთ?

— კი, ჯვარი, რომელსაც არასდროს ვიხსნი და რომელიც ყოველთვის მეხმარება და, იმედი მაქვს, კიდევ დამეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0