ლობჟანიძე და ამისულაშვილი თბილისის „დინამოში“ ითამაშებენ

© ФК "Динамо" Тбилисиლობჟანიძე და ამისულაშვილი
ლობჟანიძე და ამისულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მცველები უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი ადრე უკვე თამაშობდნენ თბილისურ გუნდში, რის შემდეგაც საზღვარგარეთულ კლუბებში გადავიდნენ. „Sputnik საქართველო“ უჩა ლობჟანიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველები უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი თბილისის „დინამოს“ მოთამაშეებად წარადგინეს, იუწყება „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი.

33 წლის ამისულაშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევრის ვადით გაააფორმა. რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, შეთანხმება 28 წლის მარჯვენა მცველთან ერთ წელიწადზეა გათვლილი.

თბილისის „დინამოში“ ორივე ფეხბურთელი გამოდიოდა. ამისულაშვილი დედაქალაქის კლუბში 2001-2004 წლებში თამაშობდა, ასევე 2005-2006 წლების სეზონში. ამის შემდეგ, ძირითადად უკრაინულ და რუსულ გუნდებში გამოდიოდა — კიევის „დინამო“, „ტავრია“, „სპარტაკი“ (ნალჩიკი) „კრასნოდარი“, „სამარა“. ამისულაშვილი ბოლოს თურქულ „ქარშიაქში“ თამაშობდა.

მსგავსი სცენარით განვითარდა უჩა ლობჟანიძის კარიერაც. მან თბილისის „დინამოში“ 2005-2006 წლების სეზონში ითამაშა, შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, შემდეგ — „ზესტაფონში“. ამის შემდეგ უკრაინული „დნეპრისა“ და „კრივბასის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სანამ კვიპროსის „ომონიაში“ არ გადავიდა, აქედან უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

 „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი უჩა ლობჟანიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- როგორ აფასებთ თბილისის „დინამოში“ გადმოსვლას?

— ძალიან მიხარია, რომ თბილისში დავბრუნდი. „დინამო“ მდიდარი ისტორიის კლუბია და სწორედ აქ დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა. ამასთან, თბილისში ცხოვრობს ჩემი ოჯახი და მის გვერდით ყოფნა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- რატომ არის კონტრაქტი ერთწლიანი?

— მთავარია, რომ თბილისის „დინამოში“ ვითამაშებ, ხოლო რამდენ ხანს დავრჩები აქ — ერთი წლით, წელიწადნახევრით თუ ორი წლით, დრო გვიჩვენებს.

- გქონდათ შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან?

— კი, მქონდა. მაგრამ ყველა მოლაპარაკება საუბრის დონეზე დარჩა.

- როგორ ფიქრობთ, „დინამოში“ ნაკრების ორი ძირითადი მცველის ერთდროული გადასვლა, პირველ რიგში, ეროვნულ გუნდში დაცვის გაძლიერების შორეულ მიზანს ხომ არ ემსახურება?

— შეიძლება ასეცაა. მაგრამ ჯობია, ამ კითხვით „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას მიმართოთ.

ყველა ახალი ამბავი
0