ნიკა ანთიძე: ერთი ანბანის სამი სახეობა – ეს ფენომენალური და უნიკალური შემთხვევა

გამოწერა
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ – ამ დასახელებით შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ქართული ანბანი, თავისი ორიგინალური მოყვანილობით, მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და განვითარების სამი საფეხური გაიარა, რომელთა შესაბამისი წერილობითი ძეგლები, შესრულებული ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით დღეს ეროვნულ არქივში ინახება. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი —2 დეკემბერი, რედ.). ამის შესახებ „sputnik—საქართველო“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ანთიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ადის-აბებაში UNESCO-ს ამ სესიაზე იმყოფება.

დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო
ენათმეცნიერი: ქართული ანბანის თითოეული ასო ხელოვნების ნიმუშია

— წინასწარი შეფასებით ამ შედეგს ველოდით, რადგან მანამდე შემფასებელმა ორგანიზაციამ ჩვენი ნომინაციის ძალიან დადებითი შეფასება გამოგვიგზავნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალზე აქტიურად იმუშავა დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით, რათა ერთხმად მიგვეღო უცხო ქვეყნების მხარდაჭერა. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი საშუალებით მინდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას მივულოცო ეს დიდი წარმატება. დღეს ძალიან  ემოციური დღე გვაქვს. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. მანამდე UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში ქართული ფოლკლორი და ქართული ღვინო იყო შეტანილი. აქ, საკონფერენციო დარბაზში გამოკრულია ქართული მრავალხმიანობის ამსახველი ფოტოსურათიც.

– კომიტეტის სესიაზე რა შემადგენლობით მონაწილეობს ქართული დელეგაცია?

— ვართ წარმომადგენლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო – იუნესკოში ჩვენი ელჩი, ქალბატონი ეკა სირაძე, ეთიოპიაში და აფრიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ელჩი, ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს და ეს მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

– საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი?

— ეს არის ფენომენალური შემთხვევა. პირადად არ გამიგია, ამიტომ ექსპერტებთანაც ვიკითხე – მსოფლიოში არ არსებობს ერთი ანბანის სამი სახეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად გაიცნეს, უფრო მეტი გაიგეს მის კულტურაზე, განვითარებაზე. დიდი აღიარებაა, როდესაც შენი ანბანი, რითიც ვამაყობთ ქართველები, აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ. ჩათვალეთ, რომ ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის კულტურის. რადგან მსოფლიომ აღიარა, ჩვენ უფრო მეტი ვალდებულებები გვაქვს, რომ გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და განვავითაროთ იგი. აქედან გამომდინარე, ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია ეს ფაქტი.

– UNESCO-ში კომიტეტის წევრებმა რა კომენტარი გააკეთეს ამასთან დაკავშირებით?

— კომიტეტის წევრებმა ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ნომინაცია იყო ძალიან კარგად მომზადებული. აღნიშნეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი ერის იდენტობა, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის განუყოფელი და ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამ სიტყვების მოსმენა ძალიან საამაყო იყო ჩვენთვის. სულ მალე გამოქვეყნდება ნომინაციის განხილვის აუდიოჩანაწერი და ყველას შეუძლია მისი მოსმენა.

ყველა ახალი ამბავი
0