მოკლული გიგა შენგელიას მამა გამოძიებას ნდობას უცხადებს

გამოწერა
ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოკლული 23 წლის გიგა შენგელიას მამამ გამოძიებას ნდობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მას საქმის მასალები გააცნეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოკლული 23 წლის გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ გამოძიებას ნდობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მას საქმის მასალები გააცნეს.

გუშინ რომან შენგელიამ „კრწანისის“ სამხედრო ბაზა დაათვალიერა და მისი მიმდებარე ტერიტორია ნახა, სადაც ცხედარი იპოვეს. იმავე დღეს შენგელია სამხედრო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს.

რომან შენგელია - Sputnik საქართველო
რომან შენგელიამ "კრწანისის" ცენტრის ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილი დაათვალიერა

„დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. მე საშუალება მომცეს დამეთვალიერებინა ის ადგილი, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, გარდა ამისა, გავცნობოდი საქმის მასალებს“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში რომან შენგელიამ.
რომან შენგელიამ მანამდე განაცხადა, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას გეგმავდა. საქმის ძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას არ ეწინააღმდეგება გამოძიება.

უფრო ადრე დაღუპულის მამამ ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების მტკიცება იმის შესახებ, რომ გიგა შენგელიას ცხედარი ბაზიდან 97 მეტრში იპოვეს. მისი სიტყვებით, ცხედარი ბაზიდან 20 მეტრში იყო.

რომან შენგელიამ ასევე განაცხადა, რომ არ იცის, თუ სად იმყოფება მისი მეორე შვილი — გიორგი შენგელია, რომელიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმ ღამეს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ამ ვერსიას მამა უარყოფს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცების საფუძველი შეიძლება ის იყოს, რომ იმ დღეს გიორგის მობილური ტელეფონი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იპოვეს, გიგას ჰქონდა.

ამასთან ერთად, რომან შენგელიასთვის გაუგებარია მისი შვილის ცხედარი სამხედრო მოსამსახურეებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში რატომ იპოვეს და არა ცხელ კვალზე. ამის საპასუხოდ თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების ყოფნის ალბათობა იყო. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობამ პირველ რიგში ცენტრის შიდა პერიმეტრის დათვალიერების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო შემდეგ – მისი შემოგარენის.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: „კრწანისის“ გუშაგი წესდებით მოქმედებდა

რაც შეეხება თავად ინციდენტს, გამოძიების თანახმად, 23 ოქტომბრის ღამეს „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამმა ადამიანმა შეაღწია. ეს შენიშნა გუშაგმა, რომელმაც მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გახსნა ცეცხლი და ერთ-ერთი მოკლა. დანარჩენი ორი პიროვნება გაიქცა.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გუშაგი წესდების ნორმების დაცვით მოქმედებდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონის გარდა გაზის პისტოლეტი, ფანარი და ავტომატ AK-74-ის 5 მასრა იპოვეს.

მომხდარს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა", რაც თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.

"კრწანისის" ცენტრის ბაზაზე 2015 წლის აგვისტოში წვრთნებისა და შეფასებების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი (JTEC) გაიხსნა. ამჟამად იქ შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0