საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

© МВД Грузииშსს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
შსს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის ყველა ქვედანაყოფში ორი თანამშრომელი მუშაობს ოჯახური ძალადობის აღკვეთასა და პრევენციაზე.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ დაიწყო, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. 

კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

„იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავ ყველა მსხვერპლს: არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი, თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ!“ — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

კამპანიის პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე, გამოვლინდა კონკურსის — „საგაზეთო სტატია ოჯახში ძალდობის შესახებ“ 3 გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0