ქართული ღვინის კვირეული, ანუ ღვინის მდინარე თბილისში

© photo: Sputnik / Levan Avlabreliღვინის პრეზენტაცია
ღვინის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი „საფერავი“, „რქაწითელი“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ხვანჭკარა“ და 2015 წლის მოსავლის სხვა ღვინოები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მცირე და საშუალო ღვინის მარნების მფლობელებმა წარმოადგინეს.

ღვინის დღე, დღესასწაული, რომელსაც საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა, წელს ღვინის კვირეულად გადაიქცა. ასე რომ, პიკანტური გამოფენა-დეგუსტაციები, არომატული პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კონკურსები და კინოჩვენებები 22 სექტემბრიდან ეწყობა.

დღესასწაულის ერთ-ერთი ცენტრი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე „ღვინის კლუბი“, ღვინის ქარხნის ცნობილი სარდაფი გახდა. აქ შეიკრიბნენ მეღვინეები სხვადასხვა კუთხიდან.

საკუთარი ღვინო 15-მა მწარმოებელმა — მცირე და საშუალო მარნის მფლობელმა წარმოადგინა. მათ შორისაა ცნობილი „საფერავი“, „რქაწითელი“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“, „ხვანჭკარა“ და სხვა. ყველა 2015 წლის მოსავლის ღვინოა.

© Sputnik / Levan Avlabreliღვინის კვირეული
ღვინის კვირეული - Sputnik საქართველო
ღვინის კვირეული

პრეზენტაციაზე მდინარესავით მოედინებოდა არა მხოლოდ წითელი, თეთრი, ვარდისფერი, მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინო, არამედ ჭაჭის სხვადასხვა სახეობაც.

სტუმრებს ასევე სხვადასხვა სახის ყველი, ლორი, კიტრის მწნილი, ხაჭაპური, ყურძენი და სხვა ხილი შესთავაზეს.

„ექსპონატებისგან“ თვალის მოწყვეტა უჭირდათ არა მხოლოდ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, არამედ სხვა სტუმრებსაც, რომელთა შორის იყვნენ არა მხოლოდ ქართული ღვინის მოყვარულები, სომელიეები, არამედ ქართველი მწერლები, პოეტები, ტურისტები და, უბრალოდ, შემთხვევით გამვლელები.

ღვინის მწარმოებლები სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ თავისი საუკეთესო პროდუქციით და ასევე მათ ღვინის ისტორიასა და ტრადიციებს აცნობდნენ.

„ამ მცირე და საშუალო მარნების არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს თანამედროვე ღვინის ინდუსტრიისთვის, და ის ძალიან აკლდა ქვეყანას, შეიძლება ითქვას, ბოლო 70 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დიდ მარნებსაც თავისი, დიდი როლი აქვს ამ სფეროში, მაგრამ მცირე მარნების განვითარების გარეშე ქართული ღვინის, როგორც ასეთის, განვითარება ძნელი წარმოსადგენია“, — განუცხადა  Sputnik-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreli ღვინის კვირეული
 ღვინის კვირეული - Sputnik საქართველო
ღვინის კვირეული

ქართული ღვინის კვირეული დასასრულს უახლოვდება, ღვინის ნამდვილ მოყვარულებს კი წინ კიდევ ბევრი საინტერესო თემატური მოვლენა ელოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესაა სახალხო სეირნობა და ფესტივალი მარნეულსა და თელავში, „ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“-ის პრეზენტაცია, შემეცნებითი ღვინის ტური კახეთში სტუდენტებისთვის, ღვინის მარნების გამოფენა-გაყიდვა და მრავალი სხვა.

ქართული ღვინის კვირეული 2 ოქტომბერს თბილისში, რიყის პარკში სახალხო სეირნობით დასრულდება. აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის, ყველის სხვადასხვა სახეობები, ასევე ხილი და სხვადასხვა ნუგბარი. მოეწყობა ამ ყველაფრის დეგუსტაცია.

„ღვინის ნადიმის“ ორგანიზატორები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. პარტნიორები — ქართული ღვინის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

ყველა ახალი ამბავი
0