თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გახსნა.
სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
სამაშველო სამსახურის ქობულეთის განყოფილებაში 15 თანამშრომელია, მათ შორის გემწამყვანები, მყვინთავები და წყალზე მაშველები.
შსს სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.