საქართველოში რქოსანი პირუტყვისთვის „საშხაპეები“ გაიხსნა

გამოწერა
ბიოუსაფრთხოების პუნქტებში, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობას იძლევა, მომსახურება უფასოა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსთავსა და მარნეულში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიოუსაფრთხოების პუნქტები გახსნა, სადაც გამოყოფილია საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, ვეტერინარული პუნქტი და კარანტინის ზონა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტებს ყოველდღიურად დაახლოებით 8 ათასი პირუტყვის მიღება შეუძლიათ. მომსახურება უფასოა.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალზე, აღნიშნეს სააგენტოში.

პირუტყვის დამუშავება ხორციელდება ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.

ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა. ორი პუნქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით უკვე გაიხსნა მარნეულსა და რუსთავში.

 დანარჩენი 6 პუნქტის აშენებას სახელმწიფო უახლოეს მომავალში გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0