ტომით უცხო და გულით ქართველი ქალბატონი-რენე შმერლინგი

© ვ. კობაიძერენე შმერლინგი
რენე შმერლინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ვახტანგ კობაიძე

  „ჩვენ, შმერლინგები, გერმანული წარმოშობის ქართველები ვართ!“ – ეს სიტყვები რენე შმერლინგს, ცნობილი მხატვრის, ქართული კარიკატურის ფუძემდებლის, ოსკარ შმერლინგის ქალიშვილს ეკუთვნის. ფასდაუდებელია მამა-შვილის ღვაწლი ქართული კულტურის და ხელოვნების აღორძინება-განვითარების საქმეში. ჩემს ოჯახურ ფოტოებში ნაპოვნი ძველი თბილისის ამსახველი ილუსტრაციების გამოქვეყნებით, თავს უფლება მივეცი, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ოსკარ შმერლინგი. ახლა, რენე შმერლინგზეც მინდა, ჩემი მოკრძალებული სიტყვა ვთქვა. მით უმეტეს, რომ მისი დაბადებიდან 115 წელი გავიდა. 

 ქალბატონი რენე ხელოვნების ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ხელოვნების მკვლევარი და გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე იყო. მასწავლებელთან ერთად ხელოვნების კვლევის ინსტიტუტის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ოციან წლებში იგი  ქართული დრამის თეატრში, სცენოგრაფ ალექსანდრე ზალცმანის თანაშემწედ მუშაობდა. იმ დროს თეატრს კოტე მარჯანიშვილი ედგა სათავეში. პარალელურად, ახლადდაარსებულ სამხატვრო აკადემიაში  გრაფიკისა და ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. აქვე, არქიტექტურის ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს.  აკადემიის შემდეგ, მთელი თავისი მოღვაწეობა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მორთულობის და პალეოგრაფიის საკითხების შესწავლას მიუძღვნა, შექმნა  ფუძემდებლური ნაშრომები, რომელთა ნაწილს მისივე ხელით შესრულებული ნახატები ამშვენებს.

 ერთი ისტორია მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. აქაური გერმანელების, როგორც პოტენციური მოღალატეების, შუა აზიაში გადასახლება1941 წელს, მეორე მსოფლიო ომში დროს დაიწყო. რენე შმერლინგს და მის მოხუცებულ დედასაც საფრთხე დაემუქრა. პრობლების მოგვარება სიმონ ჯანაშიამ ითავა. ის  შეხვდა ცეკას მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს და ის დაარწმუნა, რომ რენე შმერლინგი ქართული კულტურისთვის დიდი დანაკარგი იქნებოდა. ბატონი სიმონის ავტორიტეტმა გაჭრა და რენე შმერლინგი გადასახლებას გადაურჩა. აი, როგორ ახასიათებდა მეცნიერს აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი: 

 „რენე შმერლინგის მეცნიერული ინტერესები უაღრესად მრავალმხრივი იყო და ერთნაირად სწვდებოდა როგორც უძველესი ხელოვნების ძეგლებს, ისე თანამედროვე საქართველოს გრაფიკოსთა და მხატვართა ოსტატობას. ყველა ამ ნაშრომისთვის დამახასიათებელია საკითხების ღრმა გაშუქება და ფართო ერუდიცია,  მხატვრული ანალიზის სიმახვილე და ამა თუ იმ მოვლენის ზუსტი შეფასება ისტორიულ ასპექტში“.

ვახტანგ ბერიძის მოგონებიდან:

 „როგორც გრაფიკოსს,  ვირტუოზული ტექნიკა ჰქონდა,  როგორც ხელოვნების ისტორიკოსს – ფართო ერუდიცია. მასავით არავის შეეძლო ქართული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გრაფიკულად გადმოცემა. მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი. უამრავი ძეგლი ნახა. ყოველი მათგანის დაწვრილებითი აღწერა და მშვენიერი ჩანახატები შეჰქონდა“. 

ნოდარ ლომოური თავის ჩანაწერებში იგონებს 50-იან წლებს, როცა რენე შმერლინგმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით, უსაყვედურა ცნობილ ლიტერატორ სოლომონ ხუციშვილს: „რაშია საქმე, სოლომონ გიორგიევიჩ, – უთქვამს მისთვის შმერლინგს რუსულად, – როდემდე შეიძლება შევურიგდეთ იმას, რომ მთავრობის სამსახურში მყოფი ვაიკრიტიკოსები ჩვენს ლიტერატურას ამახინჯებენ და გამოჩენილ მწერლებსა და პოეტებს უდიერად ლანძღავენ. ახლაც ხომ სტალინი და ბერია აღარ არიან, რისი გეშინიათ?“

ნოდარ ლომოური ხაზს უსვამს, რომ რენე შმერლინგმა იხმარა სიტყვა „ჩვენს მწერლებს“. დიახ, ქართული კულტურა- მისი კულტურა იყო და ქართული ხელოვნებისთვის მან ასჯერ მეტი გააკეთა, ვიდრე მრავალმა ქართველმა.

 ასეთია ამ „ტომით უცხო და გულით ქართველი ქალბატონის“ ცხოვრების გზა. რენე შმერლინგი 1967 წელს გარდაიცვალა. ნაშრომების სახით, დაგვიტოვა ძვირფასი განძი და მენტალური ქართველის სახელი, იმ ქვეყნის ერთგულების დიდებული მაგალითი, რომლის წიაღშიც აღიზარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0