თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ზაფხულში კონდიციონერების ჩართვა დაავალდებულა და მოუწოდა მოქალაქეებს, შეატყობინონ წესების დარღვევის ნებისმიერი ფაქტი.
„მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით, კომპანიისგან მძღოლებს მიეცათ მკაცრი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერი გამორთულია, მგზავრს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კონდიცირების სისტემის ამოქმედება", – ნათქვამია 24 ივნისს კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის მოთხოვნა არ შესრულდება, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებელს მოუწოდებს დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზის ნომერზე 2 200 340 და მიაწოდონ ინფორმაცია ფაქტის შესახებ.
მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მიეცემა გაფრთხილება, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში გარკვეული პერიოდით მოიხსნება ხაზიდან. ხოლო დარღვევის მესამედ დაფიქსირებისას მძღოლს „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყდება.