01:52 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დავით კაკაბაძის რეპროდუქცია

მოსკოველები ქართულ ავანგარდს პუშკინის მუზეუმში დაათვალიერებენ

© Sputnik/ Георгий Зельма
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
2820

ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა მხატვრების ნამუშევრები სპეციალურ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2017 წლის მარტის თვემდე გაგრძელდება.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. გამოფენა „ქართული ავანგარდი: 1900-1930“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა მხატვრების ნამუშევრები, პუშკინის სახელობის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების მუზეუმში 8 დეკემბერს გაიხსნება.

 ХХ საუკუნის პირველი მესამედის პერიოდის ქართველი მხატვრების მასშტაბური გამოფენა მოსკოვის მუზეუმში პირველად გაიმართება.

ნიკო ფიროსმანის ნახატის რთველის რეპროდუქცია
© Sputnik/ А. Свердлов
ნიკო ფიროსმანის ნახატის "რთველის" რეპროდუქცია

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში ХХ საუკუნის დასაწყისში ავანგარდულმა აზრმა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაზე — ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი —  ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. ტფილისი კი შემოქმედებითი ექსპერიმენტების ცენტრად იქცა, რომელსაც „პატარა პარიზს“ უწოდებდნენ. ამიტომ გამოფენის მთავარი იდეაა — ავანგარდის ეპოქის ქართული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის ჩვენება.

ფიროსმანის, გუდიაშვილისა და კაკაბაძის ტილოების გარდა დამთვალიერებელი კირილ ზდანევიჩის, ალექსანდრა ბაჟბეულ-მელიკოვას, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელისა და ზიგი ვალიშევსკის ნამუშევრებს იხილავს.

გამოფენისთვის კერძო თუ სახელმწიფო მუზეუმებიდან 200 ფერწერული ტილო შეირჩა.

„აღნიშნული პროექტი ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის, რომელთა კულტურა და ისტორიაც ასწლეულების განმავლობაში მტკიცედაა დაკავშირებული ერთმანეთთან. საქართველო და, კერძოდ, ტფილისი სხვადასხვა ცივილიზაციების, ენებისა და ტრადიციების თანხვედრის ადგილი იყო“, — ნათქვამია მუზეუმის ვებ-გვერდზე.

ლადო გუდიაშვილის ნახატის ცხვრის გაპარსვა რეპროდუქცია
© Sputnik/ А. Свердлов
ლადო გუდიაშვილის ნახატის "ცხვრის გაპარსვა" რეპროდუქცია

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს რუსულმა სახელმწიფო მუზეუმმა, ტრეტიაკოვის გალერეამ, აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმმა, ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურმა თეატრალურმა მუზეუმმა, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ, რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივმა. საქართველოს მხრიდან პროექტს მხარი დაუჭირეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა, კინოცენტრმა „ქართული ფილმი“, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმმა და სხვებმა.

გამოფენა პუშკინის სახელობის მუზეუმში 2017 წლის 12 მარტამდე გასტანს.

მთავარი თემები