რუსეთი ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში საფრთხეს ხედავს

© REUTERSვაზიანის პოლიგონი
ვაზიანის პოლიგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი შეიძლება გართულდეს ნატოს პოლიტიკაში საქართველოს - როგორც რუსეთის „შეკავების“ - როლიდან გამომდინარე.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსეთს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „საქართველო-ნატოს სწავლება 2016“-ის გამართვა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნები 10 ნოემბრიდან დაიწყო. მრავალეროვნული ბრიგადა დაკომპლექტებულია 250 ოფიცრით საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, სლოვენიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და მაკედონიიდან.

„ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან. წელს ეს უკვე მესამე მსგავსი სამხედრო წვრთნაა საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჩატარებული Noble Partner-ისა და სექტემბერში Agile Spirit-ის შემდეგ. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით", — ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები „კრწანისის“ ბაზაზე 10 ნოემბერს დაიწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი შეიძლება გართულდეს.

„რუსეთი ასეთ აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის… ნატოში არ მალავენ, რომ თბილისთან ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა განიხილება როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს ამ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნები წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ტარდება.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის პირობებში საქართველო მომავალში ნატოს წევრი შეიძლება გახდეს. უელსში 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსის წევრობისკენ მის მისწრაფებაში.

ყველა ახალი ამბავი
0