სოჭში საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა

სოჭში საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა
სოჭში საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაფორუმის წევრებმა იმსჯელეს მასმედიისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების საკითხებზე, შემოქმედების თავისუფლების კრიტერიუმებზე, ობიექტური და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების აქტუალობაზე, ჟურნალისტური ეთიკის დაცვის საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ვასო კაპანაძე

ქალაქ სოჭში 27–29 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი თემაზე „თანამედროვე მედია: რეალობის ასახვა თუ ილუზიების შექმნა?“.

ფორუმში რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 30–ზე მეტი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა. ფორუმის ორგანიზატორი იყო პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი–სამხრეთი“, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებთან საინფორმაციო და სამეცნიერო კავშირების განვითარებაზეა ორიენტირებული. ცენტრმა ღონისძიება ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „რუსეთის ახალგაზრდობის კავშირის“ მხარდაჭერით გამართა.

„მსგავსი ფორუმი სოჭში პირველად არ ტარდება. ამ დიალოგის ფარგლებში ჩვენ შევქმენით მყარი პროფესიონალური კავშირები რეგიონის ჟურნალისტებს შორის“, — აღნიშნა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ანჟელიკა ტრაპეზნიკოვამ.

მედიაფორუმის საპატიო სტუმრებს შორის იყო ცნობილი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი ვლადიმირ გუბარევი.

„გამოჩენილი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვიტალი გინზბურგი, რომლის დაბადებიდან 100 წლისთავს სულ მალე აღვნიშნავთ, თავის დროზე შიშობდა, რომ 21-ე საუკუნე, გარკვეულწილად, უმეცრების ხანად იქცეოდა და, სამწუხაროდ, ამის საფუძველი დღეს მართლაც არსებობს. რამდენჯერმე ვმონაწილეობდი „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ მიერ გამართულ მსგავს ფორუმებში და, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი დიალოგი დიდი საქმეა. 99,9% ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს. სხვა დანარჩენი კი, გარდა ჩვენი ურთიერთობებისა, მეგობრობისა და ურთიერთგაგებისა, არაფრად ღირს“, — აღნიშნა გუბარევმა.

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ერთ–ერთმა დირექტორმა ანდრეი ბლაგოდირენკომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საერთაშორისო პროექტ „სპუტნიკის“ რეალიზაციის შესახებ ისაუბრა.

„ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი ათ ქვეყანაში ხორციელდება რუსულ და ნაციონალურ ენებზე. ჩვენი დევიზია „ვისაუბროთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ“. ვესწრაფვით იმას, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მუშაობენ, ამ პრინციპზე დაყრდნობით მიაწოდონ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი“, — განაცხადა ბლაგოდირენკომ.

ჟურნალისტური გილდიის თავმჯდომარემ, „რადიო როსიას“ წარმომადგენელმა მარგარიტა ლიაგნემ კი მიმოიხილა თემა „ეთნიკური ურთიერთობები და ეროვნული საკითხები ჟურნალისტიკაში“. ამავე თემას შეეხო ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი კირილ პრივალოვი.

გაიმართა დისკუსია თემაზე „ახალი საინფორმაციო ომები: მეთოდები და ტექნოლოგიები“, რომელსაც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების კომპანია „რისერჩ ბრენდინგ გრუპის“ დირექტორი ევგენი კოპატკო უძღვებოდა. დისკუსიის ფარგლებში ფორუმის მონაწილეები შეეცადნენ, პასუხი გაეცათ შეკითხვებზე – რამდენად დამოუკიდებელი არიან საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოები გადაწყვეტილებების მიღებისას, რამდენად არიან ისინი დამოკიდებული ერთმანეთზე, რამდენად ახდენს მათზე გავლენას გარე ფაქტორები და სხვა.

მედიაფორუმზე ასევე განიხილეს მასმედიისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების საკითხები, შემოქმედების თავისუფლების კრიტერიუმები, ობიექტური და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების აქტუალობა, ჟურნალისტური ეთიკის დაცვის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

საკითხმა, რომლისთვის გვერდის ავლაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, ანუ ფორუმის მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების განხილვამ შეხვედრას „გრადუსი აუწია“.

წარმომადგენლობითი ფორუმის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობის კუთხით და, შესაბამისად, კვლავაც უნდა გაგრძელდეს ახალი ინიციატივებისა და პროექტების ფარგლებში. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის ჟურნალისტების შემდგომ დაახლოებასა და კოორდინირებულ მუშაობას, ისე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რუსეთის დიალოგის გააქტიურებას, მათ შორის არსებული პრობლემების მოგვარებისთვის საფუძვლის შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0