22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ირაკლი თედორაძე

როცა სესხი პრობლემად გვექცა…

© FB/ Tedoradze Irakli
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
37340

როგორ უნდა მოვიქცეთ სესხის „გაპრობლემების“ შემთხვევაში კერძო აღმსრულებელთან ან კოლექტორთან ურთიერთობისას – გვირჩევს ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავჯდომარე, იურიდიული და ბიზნეს–საკონსულტაციო კომპანია TED SOLUTIONS-ის მართველი პარტნიორი ირაკლი თედორაძე.

თუ თქვენი სესხი პრობლემური გახდა და თქვენ ტელეფონზე გაისმა ზარი, რომლის დროსაც მოსაუბრე გაგეცნოთ როგორც კერძო აღმსრულებელი, ნუ მიეცემით პანიკას. პირველ რიგში გაარკვიეთ მისი სახელი გვარი, ლიცენზიის ნომერი, თუ რომელი სააღსრულებლო კომპანიის წარმომადგენელია, სად მდებარეობს მისი ოფისი და როგორ შეგიძლიათ ნახოთ მისი ვებ-გვერდი, თუ ის ყველა ამ კითხვას უპასუხებს, ესე იგი თქვენ საქმე ლიცენზირებულ აღმსრულებელთან გაქვთ, ხოლო თუ არა, ესე იგი — ე.წ. „კოლექტორთან“, ანუ პრობლემური სესხის ამომღებთან.

თუ საქმე გაქვთ ლიცენზირებულ აღმსრულებელთან

თუ დარწმუნდით, რომ ყველაფერს ახორციელებს ლიცენზირებული კერძო აღმსრულებელი, ან აღსრულების ეროვნული ბიურო, შეგვიძლიათ მორიგდეთ მასთან აღსრულების პროცესზე. შეგიძლიათ აღსასრულებელი ქონების ფასი ერთად განსაზღვროთ, შეგიძლიათ წარუდგინოთ მას ალტერნატიული მყიდველი, თუ არ გყავთ ასეთი, თქვენ არ გერთმევათ უფლება, ბაზარზე მოიძიოთ ქონების მყიდველი და საბაზრო ფასად გაყიდოთ, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში აღმსრულებელი.

შეგიძლიათ მოახდინოთ ვალის რესტრუქტურიზაცია, აიყვანოთ ადვოკატი თუნდაც აღსრულების პროცესში. თქვენ შეგიძლიათ აღმსრულებლის წერილობითი განაცხადით აცილება, თუ თვლით, რომ ის დაინტერესებულია საქმის შედეგით. მაგალითად, თუ თქვენ ატყობთ, რომ კრედიტორი და კერძო აღმსრულებელი არიან შესული გარიგებაში და ნებისმიერი კანონის გადაცდომა აღმსრულებლის ინტერესებშია, თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ აღმსრულებლის მოქმედება ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან სააღსრულებლო მოქმედების განხორციელებიდან 15 დღის ვადაში. ასევე უფლება გაქვთ გადაიღოთ დოკუმენტაცია დასრულებული სააღსრულებლო მოქმედებების შემდეგ, რათა იმ შემთხვევაში, თუ სადავო იქნება აღმსრულებლის მხრიდან რაიმე პუნქტი ან მოქმედება, შეძლოთ ეს სასამართლოში გაასაჩივროთ. ნებისმიერი კანონდარღვევა კერძო აღმსრულების მხრიდან არის დასჯადი და ამან შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. 

 

თუ საქმე გაქვთ სესხის ამომღებთან

თუ თქვენი მოსაუბრე თავს არიდებს კითხვებს ლიცენზირებასთან დაკავშირებით და ეს მის აგრესიას იწვევს, იცოდეთ, რომ თქვენ საქმე კოლექტორ ფირმასთან გაქვთ. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ჩაწეროთ საუბარი და არ აჰყვეთ პანიკას, აღშფოთებას, მოისმინოთ რა უნდათ თქვენგან. თუ მუქარას, დაშინებას ან  სხვა რაიმე უკანონობას ექნება ადგილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ან პროკურატურას, ან შსს-ს ან უფასო იურიდიული დახმარების ოფისებს, სოციალურ ადვოკატებს ან იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ამგვარ საკითხებზე მუშაობენ.  

„კოლექტორი“ — ინგლისური სიტყვიდან Collection მომდინარეობს და შემგროვებელს ნიშნავს. კერძო აღმსრულებელი და კოლექტორი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ლიცენზირებული იურისტია, რომელიც იმავე  წესებით ხელმძღვანელობს, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო და მისგან  შანტაჟი ან  მუქარა ლიცენზიის დაკარგვის წინაპირობაა. კერძო აღმსრულებელს კრედიტორი მიმართავს, ხოლო კოლექტორი – ის ბიზნეს–პროვაიდერია, რომელიც ბაზარზე ყიდულობს უიმედო ვალებს ნაკლებ ფასად და შემდგომ უკვე ცდილობს მის ამოღებას საკუთარი მეთოდებით. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 1000 ლარი ვალი და მასზე დარიცხული პროცენტი, რა თქმა უნდა, ბანკისთვის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ეს შეიძლება არამიმზიდველი სესხი იყოს, რომელსაც ხვდება, რომ ვერ ამოიღებს. ამიტომ მან შეიძლება ის ბაზარზე ნაკლებ ფასად გაყიდოს, მყიდველმა კი  გამოისყიდოს მოთხოვნის უფლება და შემდეგ უკვე ნებისმიერი მისთვის მისაწვდომი მეთოდით ამოიღოს ის. კოლექტორის მეთოდები უმეტესწილად არაკანონიერია. მაგალითად, მუქარა, შანტაჟი, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის უხეში დარღვევა, ყველა ასეთი მოქმედება კი ან სისხლის სამართლის დანაშაულია, ან ექვემდებარება ადმინისტრაციული წესით ჯარიმას. აქედან გამომდინარე მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს შიში, პირიქით, როდესაც ასეთი ზარები ხორციელდება, უნდა მიმართოს ან შესაბამის უწყებებს ან იურისტებს. კიდევ ერთი რჩევა, როცა საქმე პრობლემური სესხის ამომღებთან გაქვთ: არასდროს არ შეხვიდეთ მასთან ზეპირ გარიგებაში. 

აღსრულების შესახებ კანონი როგორც მოვალეს, ისე კრედიტორს ძალიან ბევრ უფლებას ანიჭებს. აქედან გამომდინარე როდესაც თქვენ იღებთ ოფიციალურ წერილს, შეტყობინებას, რომ თქვენი საქმე გადაეცა აღსასრულებლად, აუცილებლად აქტიურ რეჟიმში უნდა აწარმოოთ აღმსრულებელთან კომუნიკაცია, ნუ შეეცდებით დაემალოთ მას, ამით თქვენ ვერც დროის მოიგებთ და სიტუაციასაც უფრო დაამძიმეთ. 

ნატა პატარაია

მთავარი თემები