01:52 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ შაპეკოენსეს ლოგო

„ტორინოდან" „შაპეკოენსემდე“

მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

იმ ავიაკატასროფების რაოდენობა, რომლებმაც ფეხბურთელები და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები შეიწირეს, საკმაოდ დიდია. ამ წერილში იმ შემთხვევებზე შევჩერდით, რომლებსაც ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობები ემსხვერპლნენ.

სანდრო ცნობილაძე

ყველა ტრაგედიას თავისი ისტორია აქვს. ყველა ტრაგედიის შემდეგ ირკვევა დეტალები, რომლებიც მომხდარს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. ორი დღის წინ კოლუმბიაში, მედელინასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „შაპეკოენსე“ შეეწირა. 2009 წელს ეს კლუბი ქვეყნის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში იყო, კოლუმბიაში კი სამხრეთ ამერიკის საერთაშორისო საკლუბო ტურნირებიდან რანგით მეორე — კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა. ფინალში გასვლის შემდეგ გუნდის აწ გარდაცვლილმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: „დღეს რომ დავიღუპო, ბედნიერი ვიქნები“. თავისი მთავარი ფინალი ვერც კაიო ჟუნიორმა და ვერც გუნდმა ვერ ითამაშეს. 

ბრაზილური საკლუბო ფეხბურთისთვის „შაპეკოენსე“ იგივე მოვლენაა, რაც „ლესტერი“ ინგლისურისთვის. პარალელები ხშირად ივლებოდა. პრემიერ-ლიგის უკანასკნელ ჩემპიონთან შედარება კი უმოკლეს პერიოდში სამხრეთ ამერიკული კლუბის ძალიან სწრაფმა წარმატებამ განაპირობა. 2009 წელს ქალაქში, რომელიც დღეს თავის სიამაყეს გლოვობს, მსგავს წარმატებაზე ვერც კი იოცნებებდნენ. შვიდი წლის წინ, ისევე, როგორც ბრაზილიური კლუბების უმეტესობა, „შაპეკოც“ ვალებში იხრჩობოდა, მაგრამ რამდენიმე ბიზნესმენმა კლუბის დავალიანება ნულამდე დაიყვანა, გუნდი მთლიანად კერძო სტრუქტურად აქცია და მისი ბიუჯეტი აბსოლუტურად გამჭვირვალე გახადა. ასე დაიწყო ბრაზილიური საფეხბურთო კონკიას ისტორია. 2012 წელს „შაპეკო“ უკვე ბრაზილიური სერია B-ს ბინადარი იყო. სეზონი მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟილმარ დალ პოცომ იმით დაიწყო, რომ ფეხბურთელებს ფურცლები დაურიგა და მოუწოდა მათი ოცნება დაეწერათ. ამის შემდეგ ეს ფურცლები კლუბის ოფისის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე მოხვდა. ოცნება ყველას ერთი ჰქონდა, სერია A-ში გადასვლა. მის ასახდენად კი კლუბს მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდა. 

კოპა სუდამერიკანას ფინალის ანონსი
"კოპა სუდამერიკანას" ფინალის ანონსი

„ლესტერს“ ჯეიმი ვარდი ჰყავს, „შაპეკოენსეს“ კი ბრუნო რანხელი ჰყავდა. ჟილმარ დალ პაცოს მიერ დარიგებულ ფურცელზე მან დაწერა: ვოცნებობ სერია A-ზე და უამრავ გოლზე. ამ დღიდან ოთხ წელიწადში რანხელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სერია A-ს საუკეთესო ათ თავდასხმელს შორის მოხვდა. მასზე მაღლა მხოლოდ ვარსკვლავები — ფრედი, გრაფიტე და რობინიო იდგნენ. 

ტრაგიკული რეისის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრაზილიურ გამოცემებში თვითმფრინავში მჯდომი ფეხბურთელების სურათები გაჩნდა. დანილომ და ალან რუშელმა ონლაინ ტრანსლიცია მოაწყვეს. რამდენიმე საათის შემდეგ რუშელი მედელინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ერთ-ერთია იმ ექვსი ადამიანიდან, რომელიც კატასტროფას გადაურჩა. 

„შაპეკოენსეს“ ტრაგედიას ბრაზილიური კლუბები და ლისაბობის „ბენფიკა“ გამოეხმაურნენ. გუნდებმა ტრაგედიის მსხვერპლს თავიანთი ფეხბურთელები შესთავაზეს. ასეთი პრეცედენტი პირველი არაა. 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილე ტაშკენტის „პახტაკორის“ შემადგენლობაც. მაშინ უზბეკურმა გუნდმა, ისევე, როგორც ახლა „შაპეკოენსემ“, სამი წლით უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მიიღო, ხოლო „პახტაკორი“ კი სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებით შეივსო. მათ შორის იყო თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ წერეთელიც.  

1949 წელს დაღუპული საფეხბურთო კლუბ ტორინოს ფეხბურთელები
1949 წელს დაღუპული საფეხბურთო კლუბ "ტორინოს" ფეხბურთელები

„საფეხბურთო“ ავიაკატასტროფების ისტორია კი 1949 წლის 4 მაისს იღებს სათავეს. ამ დღეს იტალიურმა ფეხბურთმა უდიდესი დარტყმა მიიღო. თვითმფრინავი, რომლითაც იმ პერიოდის უძლიერესი იტალიური კლუბი „ტორინო“ მგზავრობდა, მთას შეეჯახა. დაიღუპა 18 ფეხბურთელი, მათ შორის ვალენტინო მაცოლა, რომელიც კლუბის და იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო.

„მეტ ბასბი ცოცხალია!!!“ —  „ოლდ ტრაფორდზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ეს ინფორმაცია მანჩესტერული რადიოს მეშვეობით 1958 წლის 6 თებერვლიდან რამდენიმე დღეში მოისმინეს. მიუნხენის აეროპორტში მომხდარი ტრაგედია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. გერმანიაში „ბასბის ბავშვებისგან“ რვა დაიღუპა. ის გუნდი სწორედ მეტ ბასბის შექმნილი იყო და მისი მთავარი ხიბლი ახალგაზრდული ასაკი გახლდათ. ტრაგედიიდან 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე დანკან ედვარდსი. სასწაულებრივად გადარჩა ბობი ჩარლტონი და ჩრდილოეთ ირლანდიელი მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც მაშველებს სხვა ფეხბურთელების გადარჩენაში ეხმარებოდა.  

მიუნხენის ტრაგედია
მიუნხენის ტრაგედია

ავიაკატასროფების რაოდენობა, რომლებმაც ფეხბურთელები და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები შეიწირეს, საკმაოდ დიდია. ამ წერილში იმ შემთხვევებზე შევჩერდით, რომლებსაც ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობები ემსხვერპლენ, თუმცა, სხვა ტრაგედიების არხსენებაც არ შეიძლება.  

საფეხბურთო ავიაკატასტროფების სრული ჩამონათვალი:

1949 წელი 4 მაისი „ტორინო“

1958 წლის 6 თებერვალი „მანჩესტერ იუნაიტედი“

1960 წლის 16 ივლისი დანიის „ბ“ ნაკრები

1961 წლის 3 აპრილი „გრინ კროსი“

1969 წლის 26 სექტემბერი „სტრონგესტი“

1970 წლის 31 დეკემბერი „ეარ ლიკვიდი“

1979 წლის 11 აგვისტო „პახტაკორი“

1987 წლის 8 დეკემბერი „ალიანს ლიმა“

1989 წლის 7 ივნისი ჰოლანდიელი ფეხბურთელები

1993 წლის 27 აპრილი ზამბიის ნაკრები

2016 წლის 28 ნოემბერი „შაპეკოენსე“

მთავარი თემები