16:08 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ბოევიკების შეტევა ალეპოს ერთ-ერთ კვარტალზე

სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მიმოხილვა უკანასკნელი ცნობები

© Sputnik/ Mikhail Voskresenskiy
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

სირიის კრიზისში დღეს მსოფლიოში ძალთა გადანაწილების სურათი სარკესავით ირეკლება. Sputnik-ი ბოლო კვირაში სირიაში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.

ალექსანდრე გელოვანი

სირია დიდი ხანია იქცა მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე დაძაბულ წერტილად და ეს ყოველგვარი კომენტარის გარეშეც ნათელია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ თავისებურებებთან დაკავშირებული თითქმის ლოკალური რელიგიური ომი განხეთქილების ვაშლად იქცა მსოფლიოს ზესახელმწიფოებს შორის, რომელთაგან თითოეულმა საკუთარი პოზიცია დაიკავა და არაფრით არ სურს დათმობა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ზესახელმწიფოებმა სირიულ ხაფანგში ამოყვეს თავი და ახლა იქიდან თავდახსნა უკიდურესად უჭირთ.

ალეპო დღეს
Sputnik/ Михаил Алаеддин
ალეპო დღეს

შემთხვევითი არ არის, რომ ბაშარ ასადმა, სირიაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, ამ ომს რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი უწოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი მთლად ასე ცუდადაც არ არის, მაგრამ ის, რომ ასადის ნათქვამი ყველამ კარგად გაიგო, უკვე მრავლისმეტყველი ფაქტია.

ახალი მცდელობა

გასულ კვირაში მხარეებმა კიდევ ერთხელ სცადეს ლოზანაში სირიული ხაფანგიდან თავის გამოხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის უკიდურესად არახელსაყრელი მოვლენები, რომლებმაც ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მეტად გაამწვავა ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს შორის (საბაბი სხვა იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს), ლოზანაში გამართული მოლაპარაკებები წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ.

მაშ ასე, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. მოლაპარაკებათა უმთავრესი მომენტი ისაა, რომ ორივე მხარემ აღიარა ზომიერი ოპოზიციის რაზმებისა და „ჯებჰათ აშ-შამის“ (ყოფილი „ჯებჰათ ან-ნუსრა“) ბოევიკების დაშორიშორების აუცილებლობა.

სირიის არმიის მებრძოლებს შეტევისას დაჭრილი თანამებრძოლი სამშვიდობოს გაჰყავთ
Sputnik/ Михаил Алаеддин
სირიის არმიის მებრძოლებს შეტევისას დაჭრილი თანამებრძოლი სამშვიდობოს გაჰყავთ

სირიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფის მოლაპარაკებები შაბათს, 15 ოქტომბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტაფან დე მისტურა და აგრეთვე თურქეთის, საუდის არაბეთის, ირანის, კატარის, იორდანიის, ეგვიპტისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრები. შემადგენლობა, თავისთავად, საინტერესოა, ვინაიდან მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც სირიის კონფლიქტში ჩართულ ამა თუ იმ დაჯგუფებას უჭერენ მხარს. 

ვინ ვის მხარესაა

კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთი და ირანი სირიის მთავრობასა და პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერენ მხარს, თურქეთი კი სირიის თავისუფალი არმიის რაზმებს, რომლებიც ასადის მთავრობის საერო ოპოზიციად მიიჩნევიან და რომელთა როლიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც თურქეთი სირიის ომში ჩაერია.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თურქები იძულებული იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ, ვინაიდან არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ქურთების სამხედრო ფორმირებები და მათი მოკავშირეები სირიის დემოკრატიული არმიიდან (სამხედრო ფორმირებები, რომლებიც შედგება არაბების, ასირიელებისა და თურქების მიერ ჩამოყალიბებული თავდაცვითი რაზმებისგან), რომლებსაც აშშ უჭერს მხარს, საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცევდნენ თურქეთ-სირიის პრაქტიკულად მთელ საზღვარს.

თურქული ლოგიკა

ბევრი ექსპერტის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, თურქეთმა ISIS-ის მიერ კონტროლირებად ელ-ბაბს კი არ შეუტია, რაც თურქულ ტანკებს, პრაქტიკულად, გზას გაუხსნიდა ალეპოსკენ, არამედ იმით შემოიფარგლა, რომ ქურთული შეიარაღებული ფორმირებები ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე განდევნა და კონტროლი დაამყარა თურქეთ-სირიის საზღვრის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე. 

სირიის არმიის მებრძოლი „ჯებჰათ-ან-ნუსრაზე“ შეტევისას ალეპოში
Sputnik/ Михаил Алаеддин
სირიის არმიის მებრძოლი „ჯებჰათ-ან-ნუსრაზე“ შეტევისას ალეპოში

თურქეთის ხელმძღვანელობის ლოგიკა სავსებით გასაგებია: ალეპოს მისადგომებთან თურქული ტანკების გამოჩენა მოსკოვთან ურთიერთობას კიდევ მეტად გაამწვავებდა, რაც დღეს ანკარისთვის უკიდურესად არასასურველია.

ახლა თურქული ჯარები, სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად, ძირითადად იმით არიან დაკავებული, რომ უკვე კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებს ასუფთავებენ „ისლამური სახელმწიფოს“ იმ ბოევიკებისგან, რომლებიც სირიის თავისუფალ არმიას არ მიემხრნენ. ესენი უმთავრესად უცხოელები არიან, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფოს“ სირიელი ბოევიკების უდიდესი ნაწილი სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველსავე კვირებში სირიის თავისუფალი არმიის მხარეს გადავიდა. მარტო ბოლო დღეებში თურქმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტები ჰოვარ ალ ნეჰთი, ეჰთიმილაათი, ალ გალანია, დაბიკი და თილალიანი. ამასთან, პრაქტიკულად ყველგან ბოევიკების სასტიკ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.

სახალხო ლაშქრის მებრძოლები ალეპოში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკის ტერორისტებისგან გათავისუფლების შემდეგ
Sputnik/ Михаил Алаеддин
სახალხო ლაშქრის მებრძოლები ალეპოში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკის ტერორისტებისგან გათავისუფლების შემდეგ

შედარებითი წარმატება

უნდა ითქვას, რომ თუ სირიის ჩრდილოეთით განვითარებულ მოვლენებს ლოზანის მოლაპარაკებებთან რაიმე კავშირი აქვს, ეს მხოლოდ ფონის სახით, რომელზეც ვითარდება მოვლენები. ძირითადი ცხელი წერტილი, რაღა თქმა უნდა, ალეპოა და იქ ყველაფერი ასე მარტივად არაა.
საქმე ისაა, რომ ამ ქალაქის უდიდესი ნაწილი ისლამისტური ოპოზიციის ძალების კონტროლქვეშაა, რომლის დიდი ნაწილი ოდესღაც მრისხანე „ალ-ქაიდას“ ნარჩენებია და რომელთაგან უმსხვილესი „ჯებჰათ აშ-შამია“. სწორედ ამ დაჯგუფების ბოევიკები შეადგენენ იმ ძალთა ხერხემალს, რომლებიც სირიის სამთავრობო არმიას ებრძვიან ალეპოში.
იმ ფაქტს, რომ „ჯებჰათ აშ-შამის“ ბოევიკები ტერორისტები არიან, კონფლიქტის ყველა ოფიციალური მონაწილე აღიარებს. დაჯგუფების უარი „ალ-ქაიდასთვის“ ერთგულების შეფიცვაზე არსობრივად მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ლეგალიზების მცდელობა იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა და არც შეიძლებოდა, გამოსულიყო. პრობლემა ისაა, რომ „ჯებჰათ აშ-შამთან“ ერთად ალეპოში სამთავრობო ჯარებს სხვა ისლამისტური დაჯგუფებებიც ებრძვიან. ორიოდე თვის წინ ისლამისტებმა ალეპოს ალყის გარღვევაც კი მოახერხეს.

თუმცა ამის შემდეგ ისლამისტებს პრობლემები დაეწყოთ — თავდაპირველად შიდა პრობლემები: დაირღვა შეთანხმება ერთიანი სარდლობის თაობაზე და ბოევიკებმა, გამარჯვების მოლოდინში, დროდადრო ენთუზიაზმით დაუწყეს ერთმანეთს სროლა.

სავსებით სარწმუნოა, რომ ეს სცენარი სირიული (და არა მხოლოდ) სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია. ასე თუ ისე, სირიის სამთავრობო ძალებმა, „ჰესბოლას“ მებრძოლებთან და ირანელ კომანდოსებთან ერთად, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით ალეპოზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. სამთავრობო ძალებმა კვლავ მოახერხეს ალეპოს ირგვლივ ბლოკადის რკალის შეკვრა და ქალაქის სიღრმეში შეღწევა. თუმცა აუცილებლად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ეს წარმატება მეტისმეტად შედარებითია.

ლტოლვილი ოჯახების ბავშვები ალეპოში, საომარი მოქმედებების სიახლოვეს
Sputnik/ Михаил Алаеддин
ლტოლვილი ოჯახების ბავშვები ალეპოში, საომარი მოქმედებების სიახლოვეს

ალეპოდან ლოზანამდე

ალეპო – ეს ის ქალაქია, სადაც ყველა კუთხიდან, ყველა სარდაფიდან ისვრიან. ქალაქის შტურმი საშინელ დანაკარგებს მოიტანს. სწორედ ამას უკავშირდება მორიგი დეკლარაცია „ჯებჰათ აშ-შამის“ ალეპოში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებებისგან დაშორიშორების თაობაზე. მაგრამ ეს, პირველი: სათქმელად იოლია, გასაკეთებლად რთული, და, მეორე: კვლავ საკვანძო თემად რჩება საკითხი, თუ ვის ერგება ალეპო ყველაფერ ამის შემდეგ.

რაღა თქმა უნდა, ასევე საკვანძოდ რჩება ჰუმანიტარული საკითხებიც. ქალაქში ასობით ათასი სამოქალაქო პირი იმყოფება, რომლებიც უშუალოდ ზარალდებიან საომარი მოქმედებებისგან.

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი უკვე დიდი ხანია ათასებს ითვლის. ამას გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობა კვების პროდუქტებისა და სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის. ომი სირიაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, უპირველესად ყველაზე დაუცველებს — ბავშვებსა და მოხუცებს ურტყამს.

მიუხედავად ლოზანაში მიღწეული შედარებითი წარმატებისა, მხარეებმა გადაწყვიტეს, ჯერ არ გააკეთონ ერთობლივი განცხადება და შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს ორშაბათს განაგრძობდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ბოლოს და ბოლოს, სირიაში მშვიდობის დამყარების იმედი მაინც არსებობს — მცირე, მაგრამ მაინც იმედი.

მთავარი თემები