16:08 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
კაილი კემპბელი

კაილი კემპბელი: ქართველს ცოლად არ გავყვები, მაგრამ სვანეთში სიამოვნებით ვიცხოვრებდი

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (37)
49153

„Sputnik-საქართველოს“ პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ავსტრალიელ მოგზაურ კაილი კემპბელს გაგაცნობთ, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი. საქართველოში დაახლოებით ერთი წელი იცხოვრა. ქვეყანა მოეწონა, ეგაა, აქაურ მამაკაცებთან ურთიერთობა ვერაფრით ააწყო.

მიყვარს მოგზაურობა

მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ. 18 წლისა ვიყავი, სამშობლო რომ მივატოვე და ესპანეთში გადავსახლდი. იმ დღიდან 12 წელი გავიდა და ამასობაში 54 ქვეყნის მონახულება მოვახერხე. აქედან თერთმეტში საცხოვრებლადაც გავჩერდი, მათ შორის, საქართველოშიც. 

მოგზაურობა ჩემთვის უფრო ცხოვრების სტილია, ვიდრე უბრალოდ ქვეყნის მონახულება. იმიტომ რომ თვეობით და ხანდახან წლობითაც კი ვრჩები ხოლმე იქ საცხოვრებლად, ვმუშაობ, მეგობრებს ვიძენ.

კაილი კემპბელი
© Sputnik / Alexander Imedashvili
კაილი კემპბელი

ოთხიოდე წლის წინ უკრაინაში ვიყავი. სწორედ იქ გავიგე პირველად საქართველოს შესახებ და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. თავიდან რატომღაც ასე მეგონა, რომ თქვენი ქვეყანა ირანის, პაკისტანის ან, ვთქვათ, თურქეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო…

თუმცა მერე მაინც ჩამოვედი აქ, იმიტომ რომ გარკვეული სახის პრობლემები შემექმნა ვიზასთან დაკავშირებით. მოკლედ, უნდა წავსულიყავი რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მოკლე ხანში შევძლებდი მუშაობის დაწყებას. უკვე ვიცოდი, რომ საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები არსებობდა და ვიფიქრე, ინსტრუქტორად მაინც ვიმუშავებ-მეთქი.

აი, ასე მოვხვდი გუდაურში, სადაც მართლაც დავიწყე ინსტრუქტორად მუშაობა.

ქართული რეალობა

საქართველოში სამთო-სათხილამურო ტურიზმი ძალიან განსხვავდება ავსტრიულისა თუ ფრანგულისგან. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: ძალიან გამიჭირდა ურთიერთობა იმის გამო, რომ მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობ; არცთუ ისე კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და სერვისი. უკრაინელ და რუს ტურისტებს (ქართველებსაც) საერთოდ ეგონათ, რომ მთებში გზა ამებნა და დავიკარგე — უჭირდათ იმის დაჯერება, რომ იქ ვცხოვრობდი.

და, მაინც, მიუხედავად სერვისში უამრავი ნაკლისა, საქართველოს მთები ერთ-ერთი საუკეთესოა სათხილამუროდ.

გუდაურიდან მესტიაში გადავედი, სადაც კიდევ უფრო უარესი პირობები დამხვდა კურორტის მოწყობის მხრივ. მაგრამ სვანეთის ბუნებამ ლამის შემშალა!

კაილი კემპბელი: სვანეთის ბუნებამ ლამის შემშალა!
კაილი კემპბელი: სვანეთის ბუნებამ ლამის შემშალა!

ჰო, და კიდევ კულტურული შოკი მივიღე. სვანური ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება თბილისის მსგავსი ქალაქების წესისგან. იქ სავსებით სხვა სამყაროა, სხვა კანონები, რომლებსაც „გემოს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგებ, თუ რაღაც დროით იცხოვრებ სვანეთში. ხალხიც სხვანაირია — სხვა ქართველებისგან გამორჩეული. თავიანთი კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები აქვთ. დღემდე ინარჩუნებენ წინაპრების ცხოვრების ათასწლოვან სტილს.

აი, მაგალითად, ოჯახები ერთად ცხოვრობენ. ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანს სძინავს: ბებიას, პაპას, დედას, მამას, შვილს; გვერდზე ოთახში კარტოფილს და ზამთრის მარაგს ინახავენ, დილით მამლის ყივილზე დგებიან… მოკლედ, თუ გინდა საქართველოს წარსულში ამოყო თავი, სვანეთში უნდა წახვიდე.

მერე რაღაც პერიოდი თბილისში ვიცხოვრე. ამ ქალაქში ცხოვრების უფრო ევროპული სტილია გამეფებული, თუმცა, გამოგიტყდებით, მაინც ბევრმა რამემ გამაკვირვა.
რამ? რამ და იმან, რომ სანამ ქართველი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, არც ჭამა-სმა, არც კომუნალური გადასახადები თუ ქირა მისი საზრუნავი არ არის. 

მენტალური სხვაობა

საქართველო ძალიან წინააღმდეგობრივი ქვეყანაა. თბილისში ახალგაზრდობა მოდურად ჩაცმული დადის, ხელში ძვირადღირებული ტელეფონებით, პრინციპში, არაფრით განსხვავდება ევროპელი ახალგაზრდობისგან. მაგრამ ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა „რას ჰქვია, ქმარ-შვილი არ გყავს?!“ ან „როგორ თუ ღმერთი არ გწამს?!“ ხშირად ისმის. და კიდევ, ტატუირებული სხეულის დანახვაზე უცნაური რეაქცია აქვთ — ბევრს აქვს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენში კონსერვატული აზროვნება და შეხედულებები მყარადაა გამჯდარი.

კაილი კემპბელი: მიუხედავად სერვისში უამრავი ნაკლისა, საქართველოს მთები ერთ-ერთი საუკეთესოა სათხილამუროდ
კაილი კემპბელი: მიუხედავად სერვისში უამრავი ნაკლისა, საქართველოს მთები ერთ-ერთი საუკეთესოა სათხილამუროდ

ასე მგონია, რომ ქართველი ქალი მაინც და მაინც თავისუფალი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ისე თავისუფალი, როგორც ეს დასავლეთშია. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ქართველებისა და ირანელების მენტალიტეტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩემთვის ეს პარადოქსია, იმიტომ რომ საქართველოში მართლმადიდებლობაა გაბატონებული, ირანში კი ისლამი. არადა, მანამდე მეგონა, რომ ქართველები უფრო სომხებს, რუსებს ან სულაც თურქებს უფრო ემსგავსებოდნენ, რაც არ უნდა იყოს, მაინც მეზობელი ქვეყნებია, მაგრამ არა, უფრო ირანელებს ჰგვანან. ეტყობა, აქ ისტორიულად ირანის საქართველოზე გავლენა იჩენს თავს.

ისიც შევნიშნე, რომ თქვენებურები მძიმედ იღებენ კრიტიკას. ეს უცნაურია, იმიტომ რომ ყველგან არსებობს პრობლემები, ყველა ხალხს აქვს ნაკლი — თქვენ თქვენი, მე — ჩემი, და ეს ნორმალურია.

გავყვებოდი თუ არა ცოლად ქართველს?

რთული საკითხია…

კაილი კემპბელი: ჩემ უსაყვარლეს სვანეთში პაწია სახლის ყიდვა და ცხოვრება მინდა
კაილი კემპბელი: ჩემ უსაყვარლეს სვანეთში პაწია სახლის ყიდვა და ცხოვრება მინდა

მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ქართველი კაცების აზრით, თუ უცხოელი ხარ და თანაც მარტოხელა, იოლად შეიძლება შენი მონადირება. მაგრამ ეს ასე არაა! და როცა ჩემგან უარს აწყდებოდნენ, რაღაც უაზრო აგრესია ეწყებოდათ.

საკუთარი ბლოგი მაქვს და იქ დაწვრილებით აღვწერე ჩემი აზრი ამ საკითხზე. ამ სტატიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია — ზოგი მეთანხმებოდა, ზოგიც კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდა. მე კი მაინც ჩემ აზრზე ვრჩები: ქართველ ქალს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება სჭირდება, მე კი… მე ქართველს ცოლად არ გავყვებოდი.

და, მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში ისევ მინდა ჩამოსვლა — ულამაზესი ბუნების, უგემრიელესი კერძების, არომატული ღვინის ქვეყანაში; საქართველოში, სადაც ჩემ უსაყვარლეს სვანეთში პაწია სახლის ყიდვა და ცხოვრება მინდა.

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (37)

მთავარი თემები