ნატალი ვაითი: საქართველოში ცხოვრების თავისებური რიტმია, აქ სიცოცხლით ტკბებიან

გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ავსტრალიელ ნატალი ვაითს გაგაცნობთ.

ნატალი ავსტრალიის ქალაქ პერტიდანაა. პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია. უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობს და ეს ქვეყანა საცხოვრებლად ბევრად მომხიბლავად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი სამშობლო.

უცნობი თბილისი

სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, რამდენიმე წელი თურქეთში ვცხოვრობდი, მერე კი რუსეთში. მერე საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი, მოსკოვიდან წავსულიყავი.

© http://www.arte.tv/ძველი თბილისი, აბანოთუბანი
ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი, აბანოთუბანი

რა ვიცოდი თბილისის შესახებ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს დედაქალაქია. კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, რომლებიც თბილისში პირველი გავლისას დამეუფლა. სანამ აეროპორტიდან ქალაქისკენ მოვდიოდი, გზად ბევრი თანამედროვე შენობა შევნიშნე და ასე მეგონა, რომ ეს ქალაქი არც ისე დიდი ხნის წინ იყო გაშენებული. ამიტომ, როცა უკვე ცენტრს მივუახლოვდით და ტაქსის მძღოლმა ნარიყალას ციხეზე, ანჩისხატსა და გოგირდის აბანოებზე დაიწო საუბარი, გავოგნდი.

მახსოვს, ვიფიქრე, თბილისი, როგორც ჩანს, გამორჩეული, განსაკუთრებული ქალაქია–მეთქი და ბედნიერად ვიგრძენი თავი. მართლა ასე გამოდგა. დღესაც კი, როცა ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ქუჩებში ვსეირნობ, ყოველთვის რაღაც ახალსა და საინტერესოს ვამჩნევ. სულ მიკვირს, როგორ ხდება ეს.

მე — ინგლისური ენის პედაგოგი

პრაქტიკულად, მაშინვე დავიწყე მუშაობა საერთაშორისო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. ეს ჩემი სპეციალობაა. აქ მუშაობა ძალიან საინტერესოა. ჯერჯერობით ენის ცოდნის მხრივ აქ არც ისე მაღალი დონეა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი შეიცვლება.

თომას ვაჰე - Sputnik საქართველო
ჰააგელი თომას ვაჰეს კახური თავგადასავალი - დაკარგული ფეხსაცმელები და ნაძლევი ხინკალზე

ერთხელ ერთი ქართველი გავიცანი, რომელიც იდეალურად ლაპარაკობდა ინგლისურად. მეგონა, ალბათ რამდენიმე წელი ბრიტანეთში ცხოვრობდა-მეთქი. არადა, თურმე, არასდროს ყოფილა იქ – აქცენტი, ინტონაცია და წარმოთქმა ფილმებისა და სიმღერების მეშვეობით დაუხვეწია!

უმთავრესი რჩევა, რომელსაც ინგლისურის შემსწავლელებს მივცემდი, ასეთია: რაც შეიძლება მეტი ილაპარაკეთ ამ ენაზე. იცოდეთ, მხოლოდ პრაქტიკა დაგეხმარებათ ენის სრულყოფილად შესწავლაში და უშიშრად, უშეცდომოდ საუბარში.

უცხოელის პრობლემები

აქ მე სტუმარი ვარ და ალბათ ამიტომაც ვუყურებ ბევრ პრობლემას ვარდისფერი სათვალეებით. საერთოდ არ მინდა რაიმე ნაკლის შემჩნევა. ვფიქრობ, რომ არ მაქვს ამ ქვეყნის კრიტიკის უფლება, ქვეყნისა, რომელმაც ესოდენ თბილად მიმიღო.

© Sputnik / Alexander Imedashviliნატალი ვაითი: ვიფიქრე, თბილისი, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ქალაქია-მეთქი და ბედნიერად ვიგრძენი თავი
ნატალი ვაითი: ვიფიქრე, თბილისი, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ქალაქია-მეთქი და ბედნიერად ვიგრძენი თავი - Sputnik საქართველო
ნატალი ვაითი: ვიფიქრე, თბილისი, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ქალაქია-მეთქი და ბედნიერად ვიგრძენი თავი

რა თქმა უნდა, საქართველოში რაღაც პრობლემები მეც შემექმნა, ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებულ-დავარცხნილი არ არის. ძალიან გამიჭირდა ბინის დაქირავება — იმიტომ რომ მფლობელებმა ინგლისური არ იცოდნენ, მე — ქართული, ყოფითი პრობლემები მექმნებოდა მაღაზიებში…

ერთხელ საბანკო ბარათი დავკარგე და მისი აღდგენა იმდენი ფული და ნერვიულობა დამიჯდა, რომ… ავსტრალიაში დარეკვა ძალიან ძვირია, მე კი ბევრჯერ მომიწია დარეკვამ, საქართველოსა და ავსტრალიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, ამიტომ ბარათის გამოგზავნა კიდევ ცალკე პრობლემად მექცა — რამდენჯერმე დაიკარგა ხან რომელ ქვეყანაში და ხან — რომელში. დაახლოებით ორი თვე ველოდებოდი, სანამ ჩამაბარეს.

უცხოელებისთვის კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში ისაა, რომ არ არსებობს ინგლისურენოვანი საინფორმაციო რესურსები. ის რამდენიმე საიტი, რომელიც არის, ძალიან არაოპერატიულად მუშაობს. არ არსებობს არც ინგლისურენოვანი რადიო და, მით უმეტეს, არც ტელევიზია, ამიტომ ახალ ამბებს სოციალური ქსელებიდან ვიგებ.
რატომ საქართველო?

მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
შვეიცარიელი პროფესორი, ქართული სუფრა, მოპარული მატარებელი და ალპინისტი დაცვაში

ავსტრალია მიყვარს, მაგრამ ცხოვრებას საქართველოში ვარჩევ. საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ქვეყანა ევროპასთან ახლოა. ეს მოგზაურობას აიოლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში.

საქართველოში ცხოვრების თავისებური რიტმია — ნელი, გამოზომილი. აქ სიცოცხლით ტკბებიან, გამუდმებით კი არ გარბიან სადღაც, როგორც ჩვენში. აქ დრო სხვანაირად მიედინება — ბევრი თავისუფალი საათი მრჩება სასეირნოდ, პიკნიკების მოსაწყობად თუ ჰობისთვის.

მომწონს აქ ცხოვრება, იმიტომ რომ ჩემ პროფესიაზე მოთხოვნაა და კარგი ანაზღაურებაც. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, იმაზე მეტს კი არ მიხდიან, ვიდრე ავსტრალიაში, უბრალოდ, აქ გადასახადებია დაბალი და სხვაობას ეს იძლევა. ავსტრალიაში, პირიქით, ხელფასი, სადღაც, სამჯერ მეტია, მაგრამ გადასახადებია უზომოდ ბევრი და დიდი.

აი, მაგალითად, ავსტრალიაში ბინის დაქირავებას მარტო ვერ შევძლებდი, აუცილებლად ვიღაც უნდა შემეამხანაგებინა. გარდა ამისა, იქ ხილი და ბოსტნეული ძალიან ძვირია, აქ კი ჯანსაღი პროდუქტებით კვება ბევრად იაფად შეიძლება. და, კიდევ, ტაქსით მგზავრობა საკმაოდ იაფი ღირს, რაც ცხოვრებას მიმსუბუქებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უკეთაა თბილისში განვითარებული, ვიდრე ჩემ მშობლიურ ქალაქში. და, რაც მთავარია, აქ უფრო უსაფრთხოა ცხოვრება, ვიდრე ავსტრალიაში. თბილისში თავისუფლად შეგიძლია იარო ღამით ქუჩაში და არ გეშინოდეს, რომ რაღაც ცუდი შეგემთხვევა, რომ ან გაგძარცვავენ, ან კიდევ სხვა რამ დაგემართება.

საფერავი ჩემი სიყვარული

ქართული სამზარეულო ჩემთვის ის კერძებია, რომლებიც ზამთარში უნდა ჭამო. მაგალითად, ხინკალი, რომელიც ცხელ-ცხელი იჭმება. უფ, როგორ მიყვარს ზამთარში ხინკლის ჭამა! ან, თუნდაც, ხაჭაპური — მე თუ მკითხავთ, ისიც ზამთარში უნდა ჭამო და არა ზაფხულში.

ჰო, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია, ისაა, რომ

© Sputnik / Alexander Imedashviliნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით
ნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით - Sputnik საქართველო
ნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით

აქ ძალიან უყვართ ღორის ხორცი — მწვადს ყველა ღორის ხორცისგან აკეთებს.

ქართული ხილი და ბოსტნეული კი… ასეთი გემრიელი და წვნიანი ბაღჩეული არსად არასდროს გამისინჯავს.

საფერავი ჩემი სიყვარულია! ჩემ სამშობლოშიც უყვართ ღვინო. მე დასავლეთ ავსტრალიიდან ვარ, სადაც ისევეა განვითარებული ღვინისა და სუფრის კულტურა, როგორც აქ. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლო ყოფილა.

ასე მგონია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ავსტრალიაში უკეთ გაიცნობენ საქართველოს, აქ განუზომელი რაოდენობის ტურისტი ჩამოვა იქიდან. ჩვენ ხომ ასე საოცრად ვგავართ ერთმანეთს მენტალობით. ეტყობა, ამიტომაც ვგრძნობ აქ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში.

ყველა ახალი ამბავი
0