90 წუთი, რომელიც 900 წუთია არ გვინახავს

გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის მოთხოვნა, რომ მან ამ რვა ნაკრებს შორის დაიკავოს ადგილი, არარეალურია, შესაბამისად, ამ ეტაპზე უპრიანი იქნება მათგან თამაშის მაღალი ხარისხი მოვითხოვოთ, თუმცა, არა 45 წუთის, არამედ 70-75 წუთის მანძილზე.

სანდრო ცნობილაძე

თბილისში ჩატარებული ევროპის სუპერთასის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა — „ვაიმე ეს რა ვნახე“, რაზეც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ენამოსწრებულად უპასუხა: „ის, რაც თქვენ არასდროს გითამაშიათ — ფეხბურთი“.

კარდიფში ჩვენ ვნახეთ ფეხბურთი, სწორედ იმ გუნდის შესრულებით, რომლისგანაც ამას ველით. გარდა ამისა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვნახეთ თამაშის ხარისხს პლუს შედეგი. ვიდრე ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიელების წინააღმდეგ წარდგებოდა, საქართველოს ნაკრებმა ათი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, დუბლინის მატჩში მხოლოდ ხარისხი იყო, მაგრამ იგი კარდიფში წარმატების იმედს იძლეოდა. ბევრჯერ დამიწერია, რომ საქართველოს ნაკრები ძალზე დამოკიდებულია ხასიათის ფაქტორზე, მით უმეტეს, თუ საქმე ე.წ. შეწყვილებულ მატჩებს ეხება.

გამოხმაურებებში, რომლებიც საქართველოში ბოლო მატჩს ჰქონდა, აქა-იქ გაიჟღერა ფრაზამ — „უელსისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქე ვართ, ამიტომ ის, რაც კარდიფში მოხდა, ძალზე გასაკვირიც არაა“. თუმცა, მაინც ძალზე გასაკვირია ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 900 წუთის მანძილზე, ანუ ათი თამაშის — შოტლანდიასთან მოგებული თბილისური მატჩის შემდეგ პირველად იყო ირლანდიაში კარგი ხარისხის ფეხბურთი, და მეორეც, ჩვენ ვერავისთვის უხერხულ მეტოქედ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, თვით იმ უელსისთვისაც კი, რომლისთვისაც ოთხი მატჩიდან სამი გვაქვს მოგებული.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციავლადიმერ ვაისი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ვლადიმერ ვაისი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

იმისთვის, რომ სხვისთვის უხერხულ მეტოქედ იქცე, არა მარტო რაოდენობა, არამედ მატჩების სტატუსიც არის საჭირო. ბოლოს და ბოლოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც კი აღიარა, რომ თამაშამდე სულ სხვა განწყობა ჰქონდა.

აი, აქ კი მივადექით ძალზე მნიშვნელოვანს: უკვე მერამდენედ ვლადიმერ ვაისი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ის აფიქსირებს, რომ მატჩამდე სკეპტიკურად იყო განწყობილი, რაც, მგონია, არასწორია. ზოგადად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი გრძნობდეს – მთავარ მწვრთნელს სჯერა დადებითი შედეგის და სჯერა, რომ მისი გუნდი ამ შედეგს მიაღწევს კარგი თამაშის ფონზე. არ აქვს მნიშვნელობა, სად და ვის ვეთამაშებით. პირველივე ბზარი დამღუპველად იმოქმედებს და ამის არაერთი შემთხვევა ვიცით.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციათორნიკე ოქრიაშივილი უელსი-საქართველო 1:1
თორნიკე ოქრიაშივილი უელსი-საქართველო 1:1 - Sputnik საქართველო
თორნიკე ოქრიაშივილი უელსი-საქართველო 1:1

ბოლოს კი შანსების შესახებ: არსებული ფორმატით, ფინალურ ეტაპზე ხვდებიან ჯგუფების გამარჯვებულები და პლუს ის ოთხი ნაკრები, რომელიც პლეი-ოფის სისტემიდან თავის წყვილში უძლიერესი აღმოჩნდება. პლეი-ოფს კი რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი აკომპლექტებს. საქართველოს ნაკრებისთვის მოთხოვნა, რომ მან ამ რვა ნაკრებს შორის დაიკავოს ადგილი, არარეალურია, შესაბამისად, ამ ეტაპზე უპრიანი იქნება მათგან თამაშის მაღალი ხარისხი მოვითხოვოთ, თუმცა, არა 45 წუთის, არამედ, თუნდაც, 70-75 წუთის მანძილზე. ნუ დაგვავიწყდება-სტაბილურობა კლასის მაჩვენებელია!!!

ყველა ახალი ამბავი
0