ერთი წელი სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდგომარეობის სრული რეაბილიტაციისთვის, რა თქმა უნდა, ერთი წელი საკმარისი არ არის, მაგრამ იმ ნაბიჯების გასაანალიზებლად, რომლებიც იდგმება და რომლებმაც, სფფ-ის მაღალჩინოსანთა მტკიცებით, წარმატება უნდა მოიტანოს, 365 დღე ის ვადაა, რომელიც განსჯის საშუალებას იძლევა.

სანდრო ცნობილაძე

ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ახალი მმართველების პირველი შეფასებები მათი მისვლიდან ასი დღის შემდეგ კეთდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განსაკუთრებული შემთხვევაა. საქართველოში ფეხბურთი რამდენადაც პოპულარულია, იმდენად კომპლექსურია ამ სფეროში არსებული პრობლემები. ამიტომ ზემოთ ნახსენები ვადა, თუნდაც პირველადი დასკვნებისთვის, ძალიან მცირეა. მდგომარეობის სრული რეაბილიტაციისთვის ერთი წელი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ იმ ნაბიჯების გასაანალიზებლად, რომლებიც იდგმება და რომლებმაც, სფფ-ის მაღალჩინოსანთა მტკიცებით, წარმატება უნდა მოიტანოს, 365 დღე ის ვადაა, რომელიც განსჯის საშუალებას იძლევა.

მყვირალა და ხისტი ცვლილებები აუცილებლად კარგი შედეგის მომტანი არ არის, და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გაშვება სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იყო. სფფ-მ ფინანსურად მოიგო თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს ჩვეულებრივ გულშემატკივარს ნაკლებად აინტერესებს. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აინტერესებს და უნდა, ითხოვს დადებით შედეგს. ხოლო შედეგის თვალსაზრისით წინსვლა არა, აი, უკუსვლა კი შეინიშნება. სიტუაციას ვერც ესპანეთის ნაკრებთან მოგებული ამხანაგური მატჩი შველის და ვერც ის ფაქტი, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩვენ ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც, თუნდაც ამხანაგურ მატჩში, მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციავლადიმერ ვაისი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ვლადიმერ ვაისი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სიტუაცია უკეთესი არც ასაკობრივ ნაკრებებშია. შვედეთში დასრულებული ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდი მდგომარეობის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. თუმცა, არსებობს 21-წლამდე ნაკრები, რომლის იმედიც, მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, კვლავ არსებობს და ამ გუნდის თავკაცად გია გეგუჩაძის დანიშვნა პოზიტიურ მომენტად შეგვიძლია აღვიქვათ.

ასევე მისასალმებელია დაუნდობელი ბრძოლა ე.წ. გარიგებული მატჩების წინააღმდეგ. ეს ის საკითხია, რომელშიც სფფ ძალზე პრინციპული უნდა იყოს, თუმცა ეს პრინციპულობაც არ უნდა გახდეს ზედმეტად მკაცრი.

ეროვნული ჩემპიონატი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმატით ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ მას გარდამავალი ჰქვია, ალბათ, უფრო ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შესაძლებელი იყო უკეთესი ვარიანტის მოფიქრება, თუნდაც იმისთვის, რომ ტურში რომელიმე გუნდი არ ისვენებდეს. ჩემპიონატის ბოლოსკენ ამ სისტემამ, მოვლენათა განვითარების გარკვეული მიმართულების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შექმნას. იდეალური, რა თქმა უნდა, არც აქამდე არსებული ჩემპიონატი იყო, განსაკუთრებით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო.

ისიც გვახსოვს, თუ როგორ ჰყავდა ქვეყანას ერთი ჩემპიონატის ორი გამარჯვებული, მაგრამ ახლანდელი დაუხვეწავი სისტემის გამართლება ამ არგუმენტებით მართებული არ იქნება.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციატარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი. სიმბოლური კაფსულის ჩადება.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი. სიმბოლური კაფსულის ჩადება. - Sputnik საქართველო
ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი. სიმბოლური კაფსულის ჩადება.

 

ქვეყანაში დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისი დასრულების შემდეგ პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დიდი ხნით მოგვარებული იქნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება და ეს, გარიგებული თამაშების წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლასთან ერთად, კიდევ ერთი დიდი პოზიტივია, მაგრამ იგი მხოლოდ სფფ-ის დამსახურებაა არაა.

უეფას ახლადარჩეული პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის სიტყვები — „ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს“, —  რა თქმა უნდა, კარგი მოსასმენია და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ სლოვენიელი მაღალჩინოსნის მხრიდან სიტყვებს მართლაც რეალური მხარდაჭერა მოჰყვება.

ყველა ახალი ამბავი
0