რემბრანდტი თბილისის ქუჩებში, ანუ მოცეკვავის „მოხეტიალე ძეგლად“ ქცევის ისტორია

© Sputnik / Levan Avlabreliიგორ არონჩიკი
იგორ არონჩიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები ბოლო დროს ქალაქის ხან რომელ ქუჩაზე და ხანაც — რომელზე, რემბრანდტის მოძრავ „ძეგლს“ ხედავენ, რომელიც ნელა, მსუბუქად მოძრაობს და გარს მუდმივად ხალხი ახვევია. ეს ევპატორიელი იგორ არონჩიკია თავისი ალტერ-ეგოთი — რემბრანდტის გაცოცხლებული სტატუით. მან თავად უამბო Sputniks საკუთარი ისტორია.

მხიარული სამუშაო

ჩემი სამუშაო, მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან მხიარულიცაა.

მახსოვს, ერთხელ კვარცხლბეკზე შევდექი და ნელ-ნელა დახრა დავიწყე. უცბად ორი პატარა ბავშვი მოვარდა, თავიანთი პატარა ხელუკები წამავლეს და ყვირილი ატეხეს, მამა, დედა, ჩქარა მოდით, ძეგლი იმტვრევაო! ამაზე მე სიცილი ამივარდა, ხალხმა კი ხარხარი ატეხა.

ანა პუჩკოვა - Sputnik საქართველო
ანა პუჩკოვა — სვანების რისხვას გადარჩენილი და საქართველოში დაფუძნებული ქალბატონი

ერთხელ დიუსელდორფში ძალიან საინტერესო ისტორია გადამხდა თავს. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ისეთი ადგილი შევარჩიე სამუშაოდ, სადაც ბევრი სხვადასხვა სტატუა და ძეგლი იდგა. ვდგავარ, „სპექტაკლს“ ვაჩვენებ, პუბლიკა უკვე შეიკრიბა, ოღონდ მოშორებით დგას — იქ ასეა მიღებული. ამ დროს მოდის ვიღაც გოგონა, კოკა-კოლის დიდი ჭიქით, სათვალეებითა და ყურსაცვამებით. მოკლედ, ტიპიური „მოდნიცა“. დაინახა, რომ ხალხი იყო შეკრებილი და გადაწყვიტა გაეგო, რატომ და რისთვის მოეყარათ თავი. ჩემკენ წამოვიდა. მოდის და ვერ ხვდება, რა ხდება. ხან მე მიყურებს, ხან ხალხს და უკვირს, რატომ მისჩერებიან ადამიანები მას. მაშინვე გავშიფრე. დაველოდე, რომ კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო და შემოეხედა. როგორც კი მომიახლოვდა, მაშინვე მკვეთრად  ვისკუპე და კვარცხლბეკიდან ჩამოვხტი. საწყალ გოგოს ჭიქა ხელიდან გაუვარდა, წივილი ატეხა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ხალხს სიცილი აუტყდა და გვარიანი აპლოდისმენტებითაც დამაჯილდოვეს. არადა, გოგო შოკში იყო…

© photo: Sputnikიგორ არონჩიკი და მისი ალტერ-ეგო — გაცოცხლებული რემბრანდტი
იგორ არონჩიკი და მისი ალტერ-ეგო — გაცოცხლებული რემბრანდტი - Sputnik საქართველო
იგორ არონჩიკი და მისი ალტერ-ეგო — გაცოცხლებული რემბრანდტი

მოკლედ, ბევრჯერ მომხდარა რაღაც მსგავსი. ერთხელ ორმა ქალმა ჩამიარა გვერდით და მესმის, ერთი მეორეს ეუბნება: წარმოგიდგენია,  სადამდე მივიდნენ მოქანდაკეები, რომ წამწამებსაც კი უკეთებენ ძეგლს და წვერიც როგორ ჰგავს ნამდვილსო. ამ დროს იხვივით დავიყიყინე და დამფრთხალი ქალები სირბილით გამშორდნენ…

კოპენჰაგენშიც გადამხდა სასაცილო ისტორია. პოსტამენტზე შემდგარი წარმოდგენას ვმართავ. ამ დროს ოროი გოგონა მომიახლოვდა, ჩემს ქვემოთ ჩამოსხდნენ და ჭამა დაიწყეს. ხალხმა ცქერა დაუწყო. გოგონები ვერ ხვდებიან, რატომ? მერე ამომხედეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: რას გვიყურებს ეს ხალხი, ჩვეულებრივი ძეგლის ძირას ვსხედვართ და ვჭამთ, რა, არ შეიძლებაო?
მივხვდი, რომ ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ავდექი და ერთ მათგანს მხარზე მსუბუქად ჩამოვარტყი ხელი და ისევ გავსწორდი. ხალხს გაეცინა. გოგონები ვერაფერს მიხვდნენ. ჭამა განაგრძეს. ახლა მეორეს ჩამოვარტყი ხელი. ხალხი უკვე ხარხარებს, ლამის ძირს გორავენ სიცილისგან. მეც ძლივს ვიკავებ თავს. და როცა მესამედ ორივეს ერთდროულად დავარტყი და ორივენი ერთდროულად შემობრუნდნენ, ღრმა რევერანსი გავუკეთე… არასდროს დამავიწყდება იმათი გამომეტყველება. ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. სახეზე ერთმანეთში აზელილი გაოცება, შიში, განცვიფრება ეწერათ… მერე, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იცინოდნენ მომხდარზე.

© photo: Sputnikრემბრანდტი თბილისის ქუჩებში
რემბრანდტი თბილისის ქუჩებში  - Sputnik საქართველო
რემბრანდტი თბილისის ქუჩებში

ლეონიდ ენგიბაროვის მოსწავლე

ჩემი მხიარული ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. ერთ დღეს ბედმა ცნობილ კლოუნ-მიმს, ლეონიდ ენგიბაროვს გადამყარა, რომელსაც კრიტიკოსები „მოაზროვნე კლოუნსა“ და „არენის ფილოსოფოსს“ უწოდებდნენ.

სამი თვე ვსწავლობდი ენგიბაროვთან. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ იტყვიან, ცხრა პირ ტყავში ვძვრებოდი. პედაგოგი მკაცრად, ნაბიჯ-ნაბიჯ მახვეწინებდა თითოეულ ილეთს, ყოველ მოქმედებას. მიკიჟინებდა, არტისტისთვის სცენაზე წვრილმანები არ არსებობსო.

რობერტ ნიბდაკარი - Sputnik საქართველო
საქართველო უძველესი სამყაროს მემატიანე, წელთა აღმნუსხველი და საგანძურია

სწორედ ენგიბაროვის გავლენით დავამუშავე და მაყურებელს ვაჩვენე ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი „გართობა“.

მაშინ სულ ახალგაზრდა, 25 წლისა ვიყავი, მაგრამ 70 წლის მოხუცის როლს ვასრულებდი. ქალამნებს ვიცვამდი, პარიკს ვიკეთებდი, კოვზებით, საჩხაკუნოებით, თელისგან გამოთლილი ზიზილ-პიპილოებით ვიხუნძლებოდი და მაყურებლის წინაშე თან ვცეკვავდი, თან ვუსტვენდი, თან დოლს ვუკრავდი და ბუქნებსაც ვაკეთებდი. 

ბოლოს რატომღაც ველურ ყიჟინას დავცხებდი ხოლმე, თითქოს  ბედუინი ვყოფილიყავი და მოულოდნელად „შპაგატში“ ვჯდებოდი. ასე გავშეშდებოდი, ვითომ წელკავი დამემართა, მერე ძლივძლივობით ვდგებოდი და მოკუნტული გავდიოდი სცენიდან. თან დარბაზის ოვაციები მიმაცილებდა. ასე იყო ყველა ქალაქში.

© Sputnik / Levan Avlabreliგაცოცხლებულ ძეგლს მაყურებელი არ აკლია
გაცოცხლებულ ძეგლს მაყურებელი არ აკლია - Sputnik საქართველო
გაცოცხლებულ ძეგლს მაყურებელი არ აკლია

როგორ ვიქეცი სტატუად

საქმე ასე იყო. კანადიდან ფინეთში მივფრინავდი ცეკვის აკადემიის მიწვევით. ამსტერდამში გადაჯდომა მიწევდა და რამდენიმე თავისუფალი საათი მქონდა. გადავწყვიტე, ქალაქში გამევლო. ბარი დავინახე და  კათხა ლუდის დასალევად შევედი. პალტო საკიდზე დავტოვე, რომლის ჯიბეშიც მედო ფულიცა და ბილეთებიც. ლუდი დავლიე, ფული გადავიხადე — პიჯაკის ჯიბეში მეყარა რაღაც ხურდები, პალტო ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და… აღმოვაჩინე, რომ პირწმინდად გავეძარცვე ვიღაცას.

და აი, ვდგავარ უცხო ქალაქში, უფულოდ, უბილეთოდ და აბსოლუტურად მარტო. რა უნდა მექნა? მერე გამახსენდა, რომ „ხერხი სჯობია ღონესა“ და გადავწყვიტე ძეგლის როლი მომერგო.
უახლოესი თეატრი მოვძებნე, შევვარდი, არავისთვის არაფერი ამიხსნია, გრიმი ვთხოვე, უარი არ უთქვამთ, მომცეს და მალე უკვე ძეგლად გარდასახული ხელსაყრელ „პოზიციაზე“ დავდექი.
გარშემო თანდათან შეიკრიბა ხალხი. სანახაობა მათთვისაც უჩვეულო იყო და ჩემთვისაც. ბოლოს პუბლიკას რევერანსს ვუკეთებდი და თავს ვუკრავდი. ისმოდა სიცილი და კმაყოფილების შეძახილები. თუმცა მე ყველაზე მეტად ნაჩუქარი ხურდისკენ თვალის გაპარება მინდოდა, მაინტერესებდა, შევაგროვებდი თუ არა იმდენს, რომ გზის ფულად მყოფნოდა.

მოკლედ, მოგროვილი ფული ღამის გასათევად და წასახემსებლად მეყო. მერე კი, როგორც იტყვიან, მადა გამეხსნა. უკვე წამოსვლაც აღარ მინდოდა იმ ქალაქიდან.

ერთ დღეს ამსტერდამის მუზეუმის ფასადზე რემბრანდტის სტატუა შევნიშნე. მომეწონა და გადავწყვიტე, „მომერგო“. კოსტიუმის შეკერვა იოლი არ აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს ერთმა პოლონელმა ქალბატონმა და მისმა ნაცნობმა მხატვარმა მაინც დამიმზადეს რემბრანდტის კოსტიუმი, და მეც უკვე მალე დავიწყე პუბლიკის წინაშე გამოსვლა —ამსტერდამის მუზეუმთან ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

აი, ასეთი იყო ჩემი ჰოლანდიური თავგადასავალი და რემბრანდტად ქცევის ისტორია…

მე თავად ჩავვარდი შოკში, როცა ერთ დღეს ჩემი მონოსპექტაკლის კარგი ხარისხით გადაღებული ვიდეო მანახეს. არ მინდა, ტავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რატომაც რეაგირებდა პუბლიკა ჩემს გამოსვლებზე ასე კარგად…   

სხვათა შორის, ეს ძალიან დიდ ფიზიკური და მორალური დატვირთვაა. ბევრჯერ მდომებია გამოსვლებისთვის თავის დანებება, დაღლილობა და ასაკი უკვე თავს იჩენს. მაგრამ გრიმის წასმას ვიწყებ და ნაღველი და დეპრესია უკვალოდ ქრება…

ჰოდა, მეც ისევ და ისევ ვთამაშობ საკუთარ მონოსპექტაკლს.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისელები ხალისით იღებენ ფოტოებს რემბრანდტის „ცოცხალ“ ძეგლთან
თბილისელები ხალისით იღებენ ფოტოებს რემბრანდტის „ცოცხალ“ ძეგლთან - Sputnik საქართველო
თბილისელები ხალისით იღებენ ფოტოებს რემბრანდტის „ცოცხალ“ ძეგლთან

პარიზი, რომი, ბერლინი…

იყო პერიოდი, როცა გამოსვლებზე დაკვეთები მსოფლიოს ლამის ყველა კუთხიდან  მომდიოდა. რამდენიმე გერმანულ, ჰოლანდიურ და ბელგიურ ფილმშიც კი გადამიღეს. გრანდიოზულ საზეიმო ღონისძიებებზეც მიწვევდნენ. მაგალითად, კიოლნის ტაძრის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, სადაც უამრავი სახელოვანი არქიეპისკოპოსი უნდა ჩამოსულიყო მთელი მსოფლიოდან. მე შესასვლელში უნდა ვმდგარიყავი და „არტისტულად“ უნდა მივსალმებოდი სტუმრებს.

გერმანიის მთავრობის „გაცილებაზეც“ მიმიწვიეს, ანუ როცა მთავრობა  ბონიდან ბერლინში გადადიოდა.

პარიზში ბასტილიის აღების დღეზე დამიკვეთეს გამოსვლა, ბელგიაში — სამეფო ოჯახის დღეზე, მქონდა გამოსვლა. დიუ სოლეის ცირკშიც მეძახდნენ და ბერლინისა თუ პარიზის სხვა თეატრებსა და ანსამბლებში.

უამრავი მოწვევა მომდიოდა სიმპოზიუმებიდან, კონფერენციებიდან, მაყურებლებთან დაგეგმილი სხვადასხვა შეხვედრებიდან…

ყველაფერმა ამან რაღაც მორევში ჩამითრია, უკვე ხელოვნების თავისუფლებას ვკარგავდი, რაც ესოდენ აუცილებელია ნებისმიერი მხატვრისთვის.

ინა ბლუსენკოვა - Sputnik საქართველო
პირდაპირ გეტყვით: შვილების გაზრდა მხოლოდ საქართველოში მსურს

უკვე აღარ მინდოდა, ვიღაცის ნების მორჩილი ვყოფილიყავი, აღარ მინდოდა, ერთ ადგილზე ჯდომა, კედლებში მუშაობა…

სრულ თავისუფლებაზე  ვოცნებობდი, მოძრაობაზე. ამიტომ ევროპელი შოუმენების უამრავ მიწვევაზე უარის თქმა დავიწყე. მერე მატარებლებით, ავტობუსებით, ავტოსტოპებით მოგზაურობის იდეა მეწვია…

და მე უკვე მხედავდნენ რომის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის ქუჩებში…

ჭაბუკიანი, საქართველოში დაბრუნების ოცნება და სულ სხვა ქვეყანა

ოდესღაც, ახალგაზრდობაში, როცა ცეკვას ვსწავლობდი, ჩემი კერპი ქართველი მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. ვუყურებდი ფილმებს მისი შესრულებით და თითოეული პირუეტის დამახსოვრებას ვცდილობდი — მისგან ვსწავლობდი საბალეტო ხელოვნებას.

თუმცა თქვენი ქვეყნისკენ მხოლოდ ჭაბუკიანის მიმართ თაყვანისცემა არ მეწეოდა. დაახლოებით 40-45  წლის წინ რამდენიმე თვე ვცხოვრობდი საქართველოში და ზუგდიდში, ოჩამჩირესა და გალში ვმუშაობდი. თბილისში რუსთაველის ქუჩაზე ვცხოვრობდი ხოლმე… ახლა ვეღარც კი ვიცანი იქაურობა, ისე შეცვლილა ყველაფერი.

რასაც თბილისი ქუჩებში ვხედავ, იმის მიხედვით მეჩვენება, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ თუ ხალხის ცხოვრების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი ნორმალურადაა — საქართველო რუსეთსა თუ უკრაინაზე ღარიბი ან მდიდარი არ არის. ეს ჩემი აზრია.

შარდენზე მქონდა გამოსვლა… ევროპაშიც კი ორშაბათ დილით კაფეები ცარიელია, აქ კი ნახევრად მაინც არის ხოლმე შევსებული. აბა, როგორღაა ღარიბი ეს ქვეყანა? ან იქნებ მენტალიტეტია ასეთი…

ადამიანებიც ძალიან შეცვლილან. ადრე ქუჩაში რომ მოვდიოდი, ვხედავდი, როგორ უყურებდნენ ქალებს, როგორ მიაცილებდნენ მზერით, თავებსაც კი ატრიალებდნენ ხოლმე. ახლა ასე აღარ არის. მიდის ქუჩაში ლამაზი ქალი და გაიაროს, მერე რა?.. იმის თქმა მინდა, რომ ადრე ადამიანები უფრო გულითადები და თბილები იყვნენ.

თავიდან ბორჯომში შემომთავაზეს გამოსვლა. რამდენიმე კვირა გავატარე იქ და ვის აღარ შევხვდი: პოლონელებს, გერმანელებს, ფრანგებს. ყველანი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს დიდებული და შესანიშნავი ქვეყანაა, რომ  ღვინოც შესანიშნავი აქვთ და მასპინძლობაც ჩინებული იციან, რომ საქართველოში ყველაფერი იაფია… მაგრამ ეს მათთვისაა იაფი. ევროპაში ღამის გასათევს 40-50 დოლარზე ნაკლებად ვერ იშოვი. აქ კი, რამდენიც გინდა.

მგონია, რომ საქართველოს აქვს შანსი, რომ ძალიან ტურისტული ქვეყანა გახდეს. მინდა, ასეთად ვნახო. ძველი ქალაქები უნდა განავითაროთ და საინტერესო ტურისტული პროექტები გააკეთოთ. ორი კვირაა, აქ ვარ და ქალაქში ჯერ არცერთი ფესტივალი არ ჩატარებულა…

უცხოეთში რეკლამირებაც აუცილებელია. საქართველო უკვე ყველას სმენია, ბევრმა იცის მის შესახებ, ნამყოფები არიან აქ და თავგამოდებით აქებენ აქაურობას. მაგრამ ხალხი რატომღაც მაინც უკვე „ნაჩვევ“ ქვეყნებში მოგზაურობას არჩევს. და ამ დროს რეკლამის შეთავაზება სწორედ რომ დროული იქნებოდა. ხომ იცით, მარკეტინგს რამხელა ძალა აქვს?!

განგებამ ინება, რომ ბორჯომში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მუზეუმის დირექტორს, დავით ჯანგველიძეს შევხვდი. გამიხარდა. შანსი მეძლეოდა, უფრო ახლოს გავცნობოდი  ჩემი ახალგაზრდობის კერპის ცხოვრებას. დავითმა თბილისში შემომთავაზა მონოსპექტაკლების დადგმა და მეც, რაღა თქმა უნდა, დავთანხმდი.

მე და მუზეუმს დიდი საერთაშორისო პროექტის გაკეთების იდეა დაგვებადა. ვნახოთ, რა იქნება…

ყველა ახალი ამბავი
0