საქართველო უძველესი სამყაროს მემატიანე, წელთა აღმნუსხველი და საგანძურია

© Sputnik / Levan Avlabreliრობერტ ნიბდაკარი
რობერტ ნიბდაკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგები გათხრებზე რკინის ლურსმნებს ვიყენებთ... ახლა უკვე სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ ამ ლურსმნებს გვპარავდნენ; ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ლურსმნებს, გესმით? Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ გერმანელ რობერტ ნიბდაკარს გაგაცნობთ.

რობერტი არქეოლოგია, ნიურნბერგში ცხოვრობს და უკვე 12 წელია, საქართველოში მუშაობს… უფრო სწორედ, საქართველო არქეოლოგიურ ექსპედიციებში. ახლა გრაკლიანშია, გერმანულ ექსპედიციას ხელმძღვანელობს, რომელიც ფრიდრიხ-ალექსანდერის (ერლანგენის) უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, და კიდევ ბერძნების მიერ დაარსებულ უძველეს ფაზისს ეძებს. 

პირველი ექსპედიცია 

ძალიან კარგად მახსოვს პირველი ჩამოსვლა საქართველოში. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა მომიწვია 2004 წელს დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებზე. მდინარე ოკაცეს სიახლოვეს ვმუშაობდით ჩვენს ერამდე IV-III საუკუნეების დასახლების ნანგრევებში და მასზე სპარსეთისა და ძველი საბერძნეთის გავლენას ვიკვლევდით.

მდიდრულად მორთული სამარხები აღმოვაჩინეთ. ისტორიულად ცნობილია, რომ ესოდენ მდიდრული სამარხები იმის ნიშანია, რომ ქალაქი იმ ეპოქის ზესახელმწიფოს, აქემენიდური ირანის გავლენას განიცდიდა. 

უფრო ადრეულ კულტურულ ფენებში ელინისტური წარმოშობის ქალაქიც ვიპოვეთ — ძველი წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებისა, და უამრავი ბერძნული ამფორა და ანტიკური სამყაროსთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა მოვიძიეთ. 

აღსანიშნავია, რომ მიწის ფენებიდან გამუდმებით ვიღებდით ქართულ ნივთებს, რომელთაც თვითმყოფადობა კი შეენარჩუნებინათ, მაგრამ სხვა კულტურების გავლენა მაინც იგრძნობოდა. ეს იცით, რას მაგონებს? აი, თითქოს სხვადასხვა ხილის მიქსს სვამ, მაგრამ აშკარად გრძნობ თითოეულის გემოს. 

© Sputnik / Levan Avlabreliრობერტ ნიბდაკარი
რობერტ ნიბდაკარი - Sputnik საქართველო
რობერტ ნიბდაკარი
 

უმთავრესი მისია

მთავარი პროექტი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო და ერლანგენის უნივერსიტეტები ახორციელებენ — ეს ფაზისის ძიებაა, კოლონიისა, რომელიც ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში დაუარსებიათ ბერძნებს და რომელიც დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ფაზისი ჯერ არ გვიპოვია, თუმცა უკვე ბევრი არტეფაქტი გვაქვს მოძიებული: რომაული თუ ბერძნული თიხის ჭურჭელი, ვერცხლის მონეტები, სამკაულები და სხვა.  

ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი: თბილისი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა...

ქალაქის ნაკვალევი, ეტყობა, რიონმა წაშალა საუკუნეების განმავლობაში და ბევრი საიდუმლო წაიღო თან. ახლა იმას ვიკვლევთ, სად ჰქონდა კალაპოტი რიონს ანტიკურ ხანაში და მერეღა განვსაზღვროთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო დასახლება. ციხესიმაგრის ნანგრევებსაც ვეძებთ, რომელიც ქალაქის გარშემო უნდა ყოფილიყო აგებული მის დასაცავად, მაგრამ, შესაძლოა, აღარც მისი ნაკვალევი ჰქონდეს დატოვებული მდინარეს…

შარშან, წლის ბოლოს ნიურნბერგში გამოფენა მოვაწყეთ და საქართველოში აღმოჩენილი ნივთები წარმოადგინეთ. ძალიან ბევრი გერმანელი არქეოლოგი დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ საქართველოში ერთ ველზე რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული სპეციალობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთდროულად მუშაობა და თანაც ისე, რომ თითოეული  მხოლოდ მისთვის საინტერესო საქმით იქნება დაკავებული.  

საქართველო უძველესი სამყაროს გზაჯვარედინზე მდებარეობდა, სადაც უამრავი გზაც გადიოდა და სხვადასხვა ხალხების კულტურათა აღრევაც ხდებოდა. 

მოკლედ, გამოფენის შემდეგ გამოჩნდნენ საქართველოში გათხრებზე წამოსვლის მსურველები, თანაც, საკუთარი სახსრებით. ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი გრაკლიანში მიიწვიეს. ეს უნიკალური ადგილია, სადაც ჩვენს ერამდე XI საუკუნიდან ვიდრე ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნემდე  ეპოქის კულტურის კვლევაა შესაძლებელი. სწორედ აქაა აღმოჩენილი ტაძრის საკურთხეველი, ზედ ორი წარწერით, სავარაუდოდ, ჩრდილო-სემიტური წარმოშობისა.  ეს ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი დამწერლობის უძველესი ნიმუშებია. 

ქართული და გერმანული არქეოლოგია 

გერმანიაში არქეოლოგიის ორი სკოლა არსებობდა: ერთი ძველ ფედერაციული გერმანიაში, მეორე — დემოკრატიულში. მათმა გაერთიანებამ არქეოლოგიის სკოლა, როგორც იტყვიან, ძალიან „შეანელა“. საქმე ისაა, რომ გერმანელი არქეოლოგები გათხრების პროცესს ძალიან, ძალიან პედანტურად უდგებიან, ლამის ყველა ძვლისა თუ კერამიკის ნატეხის მდებარეობას დაწვრილებით აღნუსხავენ. 

© Sputnik / Levan Avlabreliარქეოლოგიური გათხრები იგოეთში
არქეოლოგიური გათხრები იგოეთში - Sputnik საქართველო
არქეოლოგიური გათხრები იგოეთში

საქართველოში კი საკმარისია რამდენიმე ფოტო გადაუღო ატრიბუტს მდებარეობის დასაფიქსირებლად და მერე ისევ გათხრებს მიუბრუნდე. ეს უამრავ დროსა და ძალას ზოგავს. ესაა უმთავრესი განსხვავება გერმანულ და ქართულ არქეოლოგიათა შორის.  მაგალითად, რაც საქართველოში ერთ წელიწადში გავთხარეთ, იმას გერმანიაში 10-12 მოვუნდებოდით. აქ სხვა მეთოდებით ვმუშაობთ და წარმოუდგენლად მეტ საინტერესო აღმოჩენას ვაკეთებთ. 

და მაინც, ძნელი სათქმელია, რომელი მეთოდი სჯობს. მაგალითად, თუ ექსპედიციას ცოტა დროდა შეზღუდული ფინანსები აქვს, მაშინ, რაღა თქმა უნდა, სწრაფად მუშაობა სჯობს. ხოლო თუ პირიქით, მაშინ — ნელი ტემპი და კვლევების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა უკეთესი. 

ჩვენ კი, გერმანელმა და ქართველმა არქეოლოგებმა მუშაობის ეს ორი ტიპი გავაერთიანეთ და სასარგებლო გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, სწორედ ამაშია ერთობლივი ექსპედიციების აზრი.  

© Sputnik / Levan Avlabreli არქეოლოგიური გათხრები იგოეთში
 არქეოლოგიური გათხრები იგოეთში - Sputnik საქართველო
არქეოლოგიური გათხრები იგოეთში

ისტორიის მცირე მონაკვეთი 

უკვე 12 წელია, რეგულარულად ჩამოვდივარ საქართველოში. ისეთი მეცნიერებებისთვის, როგორებიც ისტორია და არქეოლოგიაა — ეს წამის ერთი გაელვებაა. მაგრამ საქართველოა მ ხნის განმავლობაში ძალიან შეიცვალა.

პირველად რომ ჩამოვედი, გზები საშინელ მდგომარეობაში იყო, ქვეყანა ძველი, დანჯღრეული ავტომობილებით იყო სავსე, ხოლო შუქი სანატრელი გვქონდა. მახსოვს, როგორ გვიხაროდა, თუკი საღამოს დენს მოგვცემდნენ და სანთლის დანთება არ დაგვჭირდებოდა. 

ყველას ყველაფერი აკლდა, საყოფაცხოვრებო წვრილმანების დეფიციტი ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა. არქეოლოგები გათხრებზე რკინის ლურსმნებს ვიყენებთ… ახლა უკვე სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ ამ ლურსმნებს გვპარავდნენ; ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ლურსმნებს, გესმით?  

© Sputnik / Levan Avlabreliრობერტ ნიბდაკარი
რობერტ ნიბდაკარი - Sputnik საქართველო
რობერტ ნიბდაკარი

ახლა კი ვხედავ, რომ ქვეყანა წინ მიდის. გზებიც უკეთესი გახდა და მაღაზიებშიც ყველაფერი იყიდება, პრაქტიკულად ყველანაირი პროდუქცია, რასაც ევროპელები მიჩვეულები ვართ. ახლა საქართველო უკვე ძალიან ცნობადი, პოპულარულია და მიხარია, რომ წლიდან წლამდე სულ უკეთესი და უკეთესი ხდება.

ხალხი კი… წლების განმავლობაში აქ უამრავი მეგობარი შევიძინე. ქართველები საოცარი ხალხი ხართ — კეთილები, გულისხმიერები და უსაშველოდ სტუმართმოყვარეები.  

თამამად ვიტყვი: საქართველო არქეოლოგიისთვის პირდაპირ სანეტარო ადგილია. აქ მუშაობაც საინტერესოა და ცხოვრებაც. დიახ, საქართველო უძველესი სამყაროს მემატიანე, წელთა აღმნუსხველი და საგანძურია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0