მარინა კიმის მოგზაურობა მისტიკური სილამაზის საქართველოში და გარდასახვა გერგეთში

© photo: Sputnik / Тыбылды Кадырбековმარინა კიმი
მარინა კიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა

დღე პირველი

ოცნება ამიხდა — საქართველოში ვარ.

საქართველოში მოგზაურობის იდეას ჩემი მშობლები არ აღუფრთოვანებია. ეს მათთვის იგივე იყო, რაც, ვთქვათ, ტაჯიკეთში მოგზაურობით ტრაბახი.  მეგობრებმაც რაღაც გაუბედავი რჩევები მომცეს: ეს ქვედაბოლო არ ჩაიცვა, მარტომ არ იარო, რუსულად არ დაილაპარაკო, ქალაქში ფრთხილად იმოძრავე, უცბად იყიდე ღვინო და ჩურჩხელა და ეგრევე თვითმფრინავისკენ გაიქეცი და შინ დაბრუნდიო.

ახლა ვხვდები, რომ ძალიან ხშირად ვხდებით სახელმწიფოების, რეჟიმების, ადამიანების თაობაზე არასწორი ინფორმაციის მსხვერპლნი. სანამ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა არ იმოგზაურა ამ უმშვენიერეს ქვეყანაში, სანამ ისინი აქედან ბედნიერები და აღფრთოვანებულები არ დაბრუნდნენ, სანამ ზოგი ჩემი ნაცნობი არ ჩამოვიდა საქართველოში და  სამუდამოდ არ დარჩა აქ, მანამ საქართველოთი არც კი დავინტერესებულვარ, ვინაიდან ჩემთვის ყოფილი საბჭოეთის ნებისმიერი ქვეყანა ავტომატურად ხვდებოდა ტურიზმისთვის გამოუსადეგარ ტერიტორიათა ჩამონათვალში.

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილითბილისური კაფე
თბილისური კაფე - Sputnik საქართველო
თბილისური კაფე

იშვიათი სილამაზის  ქალაქმა ჯერ კიდევ აეროპორტის გზაზე, ღამით ტაქსში მჯდომს „შემომილაწუნა“.

„თუ პირველად ხართ თბილისში, ადგილზე მისვლამდე რასაც მოვასწრებ, ყველაფერს გიამბობთ“, — მითხრა ტაქსის მძღოლმა.

ჩემს ყურადღებას მაშინვე იპყრობს უამრავი ბილბორდი სიგარეტის რეკლამით. ასეთი პრაქტიკა არც ჩვენში და არც სხვა მეზობელ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს.

— სიგარეტის რეკლამა თქვენში ნებადართულია?— ვეკითხები მძღოლს.

— კანეშნა!

— მოწევა ყველგან დაშვებულია?

— კანეშნა!

— თქვენ ეწევით?

— კანეშნა!

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიძველი თბილისი. ავლაბარი
ძველი თბილისი. ავლაბარი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი. ავლაბარი

დიდ, შუშის შენობას ჩავუარეთ. ტაქსისტმა მითხრა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროაო. რას ამბობთ?! ბიშკეკური საჩილიმის მსგავსი შენობა და სამინისტრო?!

აღმოჩნდა, რომ ეს კონცეფციაა. ლამის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გამჭვირვალე შენობებშია განთავსებული. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ იქაურობა კორუფციისგან თავისუფალია და მოსახლეობისგან დასამალი არაფერია.

იცით, კიდევ რა მეუცნაურა საქართველოში? აქ თითქმის არ არსებობს ბიუროკრატია. პასპორტის აღება ოც წუთში შეგიძლიათო, ამაყად მეუბნება მძღოლი და მე ტირილი მინდება.

ამასობაში იმ სახლს მივადექით, სადაც მთელი შვიდი დღე უნდა მეცხოვრა. ბინა მეორე სართულზე იყო, მის ქვეშ კი რამდენიმე ბარი მუშაობდა. საუბრისა და კარგი მუსიკის ხმები მომესმა… უკვე მომწონს საქართველო.

დღე მეორე

თბილისში მცხოვრები მეგობრის რჩევით პატარა რესტორანში მივრბივარ. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე უნდა გავიარო, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს და უამრავ ახალგაზრდას მოუყრია თავი — ყველგან უკრავენ და მღერიან, მაგრამ მე სასწრაფოდ მინდა ხინკალი…

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიკაფე შარდენზე
კაფე შარდენზე - Sputnik საქართველო
კაფე შარდენზე

აღმოვაჩინე, რომ საქართველოში საუკეთესო გასტრონომიული დაწესებულებები ეზოებშია შემალული და მათი მოძებნა რთულია. სახინკლე, რომელშიც მე მივედი, გამონაკლისი არაა. ავთენტურობა აქ იმდენია, ჩქეფს და გადმოდის: რამდენიმე მაგიდა ვაზის ჩეროში და შინაური ღვინო.

ჰო, მართლა, ხინკლის ჭამა იცით? ეს მე ჯერ კიდევ ბიშკეკში მასწავლეს: ცომს გვერდებში ჰკიდებ ხელს, პატარაზე მოკბეჩ, წვენს გამოხვრეპ და მერეღა შეჭამ თავად ხინკალს. ეგრეთ წოდებულ, ხინკლის კუჭს, არ ჭამენ. მოკლედ, მთელი ფილოსოფიაა. კიდევ უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენს გვერდით მაგიდაზე ქართველი ზის, აუცილებლად ყურადღებით დააკვირდება, როგორ მიირთმევთ ხინკალს, ჭამთ თუ არა სწორად, ამიტომ საქართველოში წასვლამდე, სჯობს, ივარჯიშოთ ამ საქმეში.

ამასობაში სახინკლეში კარაც მოვიდა, ჩემი ახლა უკვე „საქართველოელი“ მეგობარი გოგო… მიყვარს ყირგიზეთი, იმიტომ რომ სწორედ იქიდან მოვეფინეთ ლამის მთელ პლანეტას და ახლა სადაც არ უნდა ჩავიდე, მეგობარი პრაქტიკულად ყველა წერტილში დამხვდება.

კარა საქართველოში უკვე სამი წელია ცხოვრობს. აქაურობა ძალიან მოსწონს. ვეკითხები, მაქვს შანსი, რომ ქალაქში რომელიმე თინა კანდელაკს შევხვდე–მეთქი? მპასუხობს, რომ კანდელაკი — ეს მინიმუმია, რომ თბილისის ქუჩებში სტინგი და ენტონი ჰოპკინსი უნდა ვათვალიერო. არ ხუმრობს. ჰოლივუდელ ბიჭებს აქ მართლაც ხშირად შეიძლება გადააწყდე — ხან ფილმების გადასაღებად ჩამოდიან და ხან — დასასვენებლად. ძველ ქალაქში მივდივართ და ხალხში სტინგს ვეძებთ… და უცბად სიყვარულმა იფეთქა.

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აბანოთუბანში
ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
ტურისტები აბანოთუბანში

ახლაღა მივხვდი, რატომ აღაფრთოვანებს ესოდენ უზომოდ შუა აზიელებს თბილისი. ქართული კულტურა ძირეულად განსხვავდება ჩვენი კულტურისგან. ჩვენ მომთაბარეები ვართ, ქალაქური არქიტექტურა ჩვენში საბჭოთა კავშირის დროინდელია, ბიშკეკი სულ რაღაც ასიოდე წლისაა. არქიტექტურა ჩვენში ღარიბია, შენობებს ლამაზს ვერ უწოდებ…

თბილისელები კი ბავშვობიდან უმზერენ უძველეს ციხესიმაგრეებსა და ტაძრებს — ქალაქი V საუკუნეშია დაარსებული! სახლები აქ ბიშკეკისგან აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპითაა აგებული და ყოველი მათგანი უკიდურესად საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით. ქალაქში უცნაურად ერწყმის ერთმანეთს ძველებური და ულტრათანამედროვე შენობები. მაგალითად, ეკლესია და უსწორმასწორო ფორმის ცათამბჯენი. კარა მეუბნება, რომ ეს მსოფლიოში მეორე შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. მსოფლიოში მეორე. ვაუ!

ძველი ქალაქი მთაზეა შეფენილი. ფუნიკულიორით ზემოთ ავდივართ. აქაურ ხედებს ვერცერთი ფოტო ვერ გადმოსცემს სრულყოფილად — აღფრთოვანებისგან გაუჩერებლად კივილი მინდა.

ქართლის დედის მონუმენტთან მივდივართ, რომელსაც ცალ ხელში ღვინის თასი უპყრია, მეორეში — ხმალი. ეს იმის სანიშნებლად, რომ საქართველოში მეგობრად მოსულს ღვინოს დაუსხამენ, ხოლო ხმლით მოსული ხმლითვე განიგმირება. ლამაზია, ეშმაკმა წაიღოს! აქ იმდენად ლამაზია ყველაფერი, რომ სული მიგუბდება.

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიქართული ჩირი და ჩურჩხელები
ქართული ჩირი და ჩურჩხელები  - Sputnik საქართველო
ქართული ჩირი და ჩურჩხელები

ჰო, მართლა, ქალაქში უფასო Wi–Fi მუშაობს, რომელსაც Tbilisi loves you ჰქვია. მეორე დღეა, რაც აქ ვარ და უკვე ვგრძნობ, რომ თბილისი loves me.

დღე მესამე

ასე მგონია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც თბილისში ვარ. ცხელა, როგორც ბიშკეკში, საჭმელი, კერძებიც, მართალია, ყირგიზულისგან განსხვავდება, მაგრამ ძალიან გემრიელია, ირგვლივ მთებია, წყალი… მოკლედ, ვშინაურდები. მხოლოდ ეგაა, რომ ღამის ქალაქის დანახვაზე ისევ მეკვრის სუნთქვა…

მშრალი ხიდის ცნობილი ბაზრობის მონახულება გადავწყვიტეთ… გამყიდველი გამომელაპარაკა, მეკითხება, საიდან ხარო? ვუპასუხე. „უი, ყირგიზეთი? მოიცა!“ — წამოიძახა მან და ქაღალდების გროვაში ჩაყურყუმელავდა.  იქიდან ფილმ „ჯამილის“ ძველი აფიშა ამოაძვრინა და ვერცხლის აბაზიანივით სახეგაბრწყინებულმა გამომიწოდა. გავოცდი. მითხრა, საბჭოთა პერიოდში ჰობი მქონდა, აფიშებს ვაგროვებდი და მიმოწერით გაჩენილი მეგობრები მთელი სსრკ–დან მიგზავნიდნენო.

აი მესმის რომანტიკა! მაშ არადა, ინტერნეტს აქვს რომანტიკა.

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიძველი თბილისი. მეიდანი
ძველი თბილისი. მეიდანი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი. მეიდანი

ქართულის არცოდნამ დისკომფორტი ერთადერთხელ შემიქმნა, როცა სუპერმარკეტში ტყემლის საყიდლად შევედი. ბოთლებზე ქართულ ენაზე შედგენილი ეტიკეტები ეკრა და შემეშინდა, ტყემლის მაგივრად, ვთქვათ, ერბო არ მეყიდა. ჩემდა სასიხარულოდ, ქართველები გულისხმიერი ხალხია და დახმარებისთვის მუდამ მზადაა.

ქუჩებში სტინგის ძებნისას რამდენჯერმე მშობლიური აზიური სახეები შევნიშნე. კარა მეუბნება, რომ ყაზახებს ძალიან უყვართ საქართველო, ხშირად ჩამოდიან და  ასევე ხშირად რჩებიან კიდეც საცხოვრებლადო. ჩვენც კი შეგვიძლია აქაურები გავხდეთ, ფული თუ იქნება. ყირგიზეთის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 360 დღე შეუძლია. ამაზე მეტი სტუმართმოყვარეობა რაღა გინდათ?!

და კიდევ, ზამთარი აქ არცთუ ისე მკაცრია — ყოველ შემთხვევაში, მანქანაზე ზამთრის საბურავების დაყენება აუცილებელი არ არის.   შეძრული ვარ საქართველოში ცხოვრების პლუსებით და უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც ისე ვერ არის. შეუძლებელია, რომ ყველაფერი ასე კარგად იყოს. ჩემი ნაცნობები, ვინც კი თბილისშია ნამყოფი, ყველა ამბობს, რომ აქ უნდა საცხოვრებლად გადმოსვლა, მაგრამ რატომღაც არ გადმოსულა. ეჭვით შეპყრობილი ხელმოსაკიდი მიზეზების ძიებას ვიწყებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. კარა მეუბნება, თუ დაზღვევა არ გაქვს, სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებაო. სულ ეს არის, კაცო?!

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილითბილისური რომანსის საღამო
თბილისური რომანსის საღამო  - Sputnik საქართველო
თბილისური რომანსის საღამო

დღე მეოთხე

გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და 38 გრადუსიან სიცხეში მცხეთაში წასვლა მოვისურვეთ.

თბილისის ცენტრი ფრანშიზებითა და ბრენდებითაა გადავსებული, რაც ბიშკეკს არასდროს ეღირსება. საერთოდ, აქ მოდა ძალიან თავისებურია. ქალებს ან მთლად უძირო ფეხსაცმელი აცვიათ, ან მაღალ პლატფორმაზე. თბილისელ ქალბატონებს ძალიან უყვართ შავი ფერი და სხეულის გარუჯვა.

ქართველი დიზაინერებისთვის აქ კომფორტული გარემოა — ქალაქში ლამის ფეხის ყველა ნაბიჯზე რაღაც ინსტალაციები, გამოფენები თუ ლექციებია. არარეალური სილამაზისა და კონცეფციის სასტუმროში, Rooms Hotel–ში შევდივათ და კიბეზე პირისპირ ვეჯახები ალექსანდრ არუთინოვს — ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ფეშენ–პერსონას რუსეთიდან. მართალია, სტინგი არ არის, მაგრამ არუთინოვსაც არაუშავს.

დღის მთავარი გამართლება: კარამ დევიდ მაკი გამაცნო. დავგუგლე და მერეღა გავაცნობიერე ამ ადამიანის მთელი დიდებულება — Marvel–ის კომიქსების მხატვარი ყოფილა… დევიდიც პირველადაა თბილისში, ლექციებს კითხულობს ფერწერაში. ხინკლით აღფრთოვანება ერთად გამოვცადეთ. იფ, ეს სამოგზაურო ისტორიები!

მცხეთაში ტაქსით მივდივართ. გზად მიმავალი მთებზე უამრავ ჯვარს ვხედავ. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და ჯვრები აქ ყველგანაა — მისტიკური სილამაზეა!

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიკაფე მთაწმინდაზე
კაფე მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
კაფე მთაწმინდაზე

ტაქსს ჯვრის მონასტერთან, VI საუკუნეში აგებულ ტაძართან ავყავართ და სტანდარტულ ტურისტულ შოკს ვიღებ: ეკლესია, სიმაგრე, ძველი ქალაქი, მოკირწყლული ქუჩები, ჰაერი… რთულია ამის მოყოლა, ვერც ფოტოთი და ვერც სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აქამდე გამოუცდელ შეგრძნებებს, რასაც ისტორიისა და საუკუნეების დიდებულება მიჩენს.

ჰო, მართლა, თბილისში კვლავ შემახსენა თავი ბიშკეკში დიდი ხნის წინ დავიწყებულმა უსაფრთხოების გრძნობამ ღამის ქალაქში სეირნობისას. უსაფრთხოება საქართველოში მართლა არ არის ცარიელი სიტყვები. შევამჩნიე, რომ მოსახლეობა ძალიან ენდობა და პატივს სცემს პოლიციას. წავიკითხე კიდეც, საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ 87 პროცენტი ყოფილა. ჰო, აბა, რა, თუ პოლიციის განყოფილებებს გამჭვირვალე კედლები აქვს და უმაგრესი მანქანებიც ჰყავთ — რაღაც „ლადა–პრიორები“ კი არა, არამედ Ford Interceptor–ები! თავი გამოვიჭირე, რომ პოლიციელების დანახვაზე გაუცნობიერებლად ვიძაბები. აი, ეს გასცემს ჩემში საბჭოელ ადამიანს. ქართველები კი მათ დანახვაზე, პირიქით, დუნდებიან.

ჰო, მეც არ მიყვარს, როცა ვიღაც–ვიღაცეები ყირგიზეთს სხვა ქვეყნებს ადარებენ, ბიშკეკს კი — სხვა ქალაქებს, მაგრამ, იცოდეს ღმერთმა, შედარება თავისთავად მებადება. და ვინანიებ: დასკვნა ყოველთვის მწარეა — არა ჩემი სამშობლოს სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ 90–იანი წლები ჩვენს ქვეყნებს თანაბრად ერთნაირი ედგათ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, გამუდმებული კრიზისი, აურაცხელი დანაშაული, უშუქობა, უწყლობა… ახლა ჩემს თვალწინ აბსოლუტურად ევროპული ქალაქია გადაშლილი — ადეკვატური ადამიანებითა და მოკრიალებული ქუჩებით.

და რატომ გამოუვიდა ეს საქართველოს?

© Sputnik/ალექსანდრე იმედაშვილიჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
ჟინვალის წყალსაცავი

დღე მეხუთე

გადავწყვიტე, რომ დარჩენილი ორი დღე მოგზაურობაზე დამეხარჯა, იმიტომ რომ თბილისით აღფრთოვანებამ უკვე ძალა გამომაცალა… ერთი კვირა საქართველოში ყოფნისთვის ცოტაა, ძალიან, ძალიან ცოტაა.

კარას მადლიერი ვარ, რომ სულ თან დამდევს, ყველაფერს მიყვება და მოთმინებით მიხსნის. ეს გოგო მთლად გაქართველებულა — გარდერობში ძირითადად შავი ფერის სამოსი და უძირო ფეხსაცმელები აქვს… ის კი არა, მსუბუქი ქართული აქცენტითაც ლაპარაკობს…

გამომიტყდა, თბილისი ერთი ნახვით შემიყვარდა და აქამდე შეყვარებული ვარო. კარამ იცის, სად იყიდება ყველაზე რბილი ჩურჩხელა, რომელია ყველაზე გემრიელი ნაყინი, როგორ უნდა გავიდეს სხვა ქუჩაზე ეზო–ეზო… ამბობს, ქალაქის სწავლით არ ვიღლებიო. არადა, აქ გამუდმებით რაღაც ხდება — დაწყებული საინტერესო კონტინენტთშორისი პროექტებით, გასრულებული კინოინდუსტრიის განვითარებით.

და სწორედ ეს ჩემი კარა, რომელსაც ერთმანეთში უკვე აღარ ერევა ტურიზმი და იმიგრაცია, ამტკიცებს, რომ საქართველოში კორუფცია  მართლა არ არის, „ნუ, ყოველ შემთხვევაში, ხილული“. მიკვირს, როგორ გამოუვიდათ ეს ქართველებს. ირკვევა, რომ რეფორმების მეშვეობით რამდენიმე წელში ძირფესვიანად აღმოუფხვრიათ ძველი და დაუმკვიდრებიათ ახალი წესები. რამდენადაც ვიცი, ყირგიზი ჩინოვნიკები და დეპუტატები საქართველოში ხშირად ჩამოდიან გამოცდილების მისაღებად, მაგრამ, როგორც კრილოვის არაკშია, „однако воз и ныне там“.

© Sputnik / Alexander Imedashviliანანურის ეკლესია
ანანურის ეკლესია  - Sputnik საქართველო
ანანურის ეკლესია

კიდევ კარგი, რომ ეს მე ვარ… შინ მაინც დავბრუნდები, თუნდაც ვერ მიცნონ — იმიტომ რომ მსუქანი და ბედნიერი ვიქნები. კერძები აქ ისეთია, გული წაგივათ. ვარკვევ, რომ საქართველოში ძალიან იაფადაც შეგიძლია ძალიან გემრიელად ისადილო და ძალიან ძვირადაც. სხვა ვარიანტი, უბრალოდ არ არსებობს.

მართალია, მსმელი არ ვარ, მაგრამ აქ ალკოჰოლში ცოტ–ცოტა გავერკვიე: „ტვიში“ თეთრი ღვინოა, „ქინძმარაული“ — წითელი ნახევრად ტკბილი და ცოტა ბროწეულის გემო დაჰკრავს, „ხვანჭკარა“ სტალინის საყვარელი წითელი ღვინოა, ჭაჭა კი — არაყი. მსმენოდა, რომ მოქეიფე ქართველები  სულ მღერიან, მაგრამ მე მათი მოსმენა ვერ მოვახერხე. კარა კი არ მღერის.

არ ვიცი, მღერის თუ არა რობინზონი, რომელიც კარამ გამაცნო, მაგრამ გიდი კი ღვთაებრივია. ყაზბეგში მივყავართ — საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს მხარეში. მაგრამ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი: ვითომ, რაო, ყირგიზებს მთები არ გვინახავს? ეს შეიძლება რუსს ან სხვა უცხოქვეყნელს გაუკვირდეს, მაგრამ არა ჩვენ…

გზაში ხშირად ვჩერდებით ძველი ციხე–სიმაგრეების, ტაძრებისა და ულამაზესი ადგილების შესათვალიერებლად… და ჩემი სკეპტიციზმიც ყველა მომდევნო კილომეტრთან ერთად ორთქლდება: საქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!

© ფოტო: ვალერი გიორგიადისაქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!
საქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!

ჩავდივართ სტეფანწმინდაში. ეს ჩვენი დანიშნულების ბოლო წერტილია. მთაზე ან ფეხით უნდა ახვიდე, ან ქვემოთ „დელიკა“ უნდა დაიქირავო. რობინზონი აქ ყველას იცნობს და ყველაზე გამოცდილ მძღოლს არჩევს.

გერგეთის წმიდა სამების ტაძარში ავდივართ და ულამაზესი ხედების დანახვაზე მყის ვიაზრებ, რომ აქამდე არ მცოდნია, რას ნიშნავს მთის დიდებულება. ეს ძველი ტაძარი კი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.

მტერი აქამდე ვერ აღწევდა. ქართველები სწორედ გერგეთში მალავდნენ ძვირფას ხატებს და თავადაც მას აფარებდნენ თავს. ეკალი მაყრის და ჟრუანტელი მივლის — ასე იცის ისტორიასთან  შეხებამ. თუმცა აქ ყველაფერზე მაჟრუანტელებს…

წვიმას იწყებს და ამას ღმერთის ლოცვა–კურთხევად ვღებულობ…

მთიდან უკან აშკარად სახეცვლილები, გაუმჯობესებული ვერსიები დავბრუნდით.

© ფოტო: ვალერი გიორგიადიმარინა კიმის მოგზაურობა საქართველოში
მარინა კიმის მოგზაურობა საქართველოში - Sputnik საქართველო
მარინა კიმის მოგზაურობა საქართველოში

დღე მეექვსე

დღეს კახეთში, სიღნაღში მივდივართ. კვლავ სკეპსისი მიპყრობს — არ არსებობს, საქართველო ვეღარაფრით გამაკვირვებს!

მაგრამ… ერთი კვირა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, რატომ „ითქვიფებოდნენ“ საქართველოში ეგზომ ხშირად დიდი მწერლები და პოეტები. ისინი უბრალოდ ჩამოდიოდნენ და ამ ქვეყნისგან გაოგნებულ–შეძრულები აქვე რჩებოდნენ. აი, მაგალითად, გრიბოედოვი, რომელიც ქართველ თავადის ასულზე, ნინო ჭავჭავაძეზე იყო დაქორწინებული. ამბობენ, ლერმონტოვსაც უბნევდნენო თავ–გზას ქართველი ლამაზმანები, სანამ ის „მწირზე“ მუშაობდა.

CC BY 2.0 / Stefan Wisselink / Gergeti Trinity Church. Kazbegi, Georgiaგერგეთის სამება — ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.
გერგეთის სამება —  ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.   - Sputnik საქართველო
გერგეთის სამება — ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.

რა საინტერესოა, ესენინის „Шаганэ, ты моя Шаганэ–ც“ ქართველი ხომ არ იყო? ვგუგლავ  და დიახ: შაგანე ბათუმში დაბადებულა!

ქართველების მიმართ უკიდეგანო პატივისცემა მეუფლება, იმიტომ რომ მხოლოდ ცხოვრების უნიკალური და განუმეორებელი წესი და სტილი კი არ შეინარჩუნეს,  არამედ კულტურა და რწმენაც შემოინახეს. ტაძრებსა და მონასტრებს მტრის ნაკვალევი ატყვია, ფრესკებისთვის თვალები დაუთხრიათ მომხდურებს, მაგრამ ქართველებმა ქრისტიანობაც შეინარჩუნეს და ღირსებაც!

ამასობაში სიღნაღში ჩავედით — სიყვარულის ქალაქში. აქაურობა იტალიურ სოფელს ჩამოჰგავს — თავისი რომეოთი და ჯულიეტათი. ყველა კუთხე–კუნჭული პირდაპირ მოითხოვს ინსტაგრამში ატვირთვას. ქალაქის „ფიშკა“ — ეს ქართული ლას–ვეგასია, ქორწინებას აქ 24 საათის განმავლობაში აფორმებენ. სახლების ფანჯრებს დარაბები არ აქვს, კარები კი არ იკეტება. ასეთივე სურათი გვხვდება მომდევნო ქალაქშიც, რომელსაც ფილმ „მიმინოდან“ ვიცნობ — ეს თელავია…

© Sputnik/ Oxana Vointsevaსიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი - Sputnik საქართველო
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი

უკიდეგანოდ მაოცებს ყველაფერი, რაც საქართველოში ამ ერთ კვირაში ვიხილე.

შემოდგომაზე აუცილებლად დავბრუნდები. მითხრეს, რთველი იქნება და ჩურჩხელებს ამოავლებენო. არა, ამ მოვლენას არაფრით გამოვაკლდები!

ყველა ახალი ამბავი
0