მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა..

წმინდა ნინო
წმინდა ნინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ნინოობას ზეიმობს - ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღესა და 1 ივნისს  — საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნინო კაბადოკიაში დაახლოებით 280 წელს დაიბადა. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების მოსმენა.

ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში. წმინდა ნინოს სულიერ აღზრდაზე  ერთი ღვთისმოშიში და სარწმუნოებაში განსწავლული ეფესელი ქალი ზრუნავდა, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფელით დაინტერესდა. აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც სპარსეთსა და ოსეთს შორის მდებარეობს.

წმინდა ნინოს ხატი
წმინდა ნინოს ხატი - Sputnik საქართველო
წმინდა ნინოს ხატი

წმინდა ნინო დღედაღამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს, ლოცვისას, იგი აღტაცებულ იქნა გონებით და ყოვლადწმიდა ქალწული იხილა, რომელმაც უთხრა: – ნინო, საქადაგებლად გაგზავნი ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჩემს წილხვედრ საქართველოში. წადი უშიშრად და უქადაგე ჭეშმარიტება!

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე პატრიარქთან, თავის ბიძასთან წავიდა და სასწაულებრივი ხილვის შესახებ უამბო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობა შესწირა.

ამის შემდეგ წმინდა ნინო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეფესოში წავიდა ქრისტიანობის საქადაგებლად ერთ წარჩინებულ მორწმუნე ქალთან ერთად და იქ ორი წელი გაატარა, შემდეგ კი სომხეთში გაჰყვა ქრისტიან ქალებს, რომელთა შორის იყვნენ მის მიერ ქრისტიანობაზე მოქცეული  წარჩინებული რიფსიმე და რიფსიმეს აღმზრდელი გაიანე. ეს მორწმუნე ქალები სომხეთის მეფე თრდატმა ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა. უფლის განგებით ცოცხალი მხოლოდ წმინდა ნინო გადარჩა და ფარულად საქართველოსკენ გამოემართა.

© ბესიკ ფიფიაბოდბის დედათა მონასტერი
ბოდბის დედათა მონასტერი - Sputnik საქართველო
ბოდბის დედათა მონასტერი

ის ქართლში, ქალაქ ურბნისში შეჩერდა და, რადგან ებრაული ენა კარგად იცოდა, იქაურ ებრაელებთან მივიდა. ნინომ ურბნისში ერთი თვე იცხოვრა, თან მისთვის უცნობი ხალხის ენასა და ზნე-ჩვეულებებს ეცნობოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ნინო მცხეთაში შევიდა და მეფის მებაღის ოჯახში დასახლდა. წმინდა ნინოს ლოცვით მათ მრავალი შვილი ეყოლათ. წმინდა ნინოს სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. მან გამოაჯანმრთლა დედოფალი ნანა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მეფე მირიანს თვალისჩინი დაუბრუნა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ იწამა მეფემ ღმერთი. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, მათი შვილები და ნათესავები მდინარე არაგვში მოინათლნენ და ეზიარენ ქრისტოამობის მადლს.

324 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

მირიან მეფის ბრძანებით ერთი მარადმწვანე სურნელოვანი ხისგან სამი ჯვარი გამოთალეს, რომელთაგან ერთი აღმართეს მცხეთის მახლობლად მდებარე მთაზე, სადაც შემდგომ ჯვრის მონასტერი აღიმართა.

მეორე ჯვარი თხოთის მთაზე აღმართეს, იქ, სადაც უფალმა მირიან მეფეს გონება გაუნათლა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. მესამე ჯვარი წმინდა ნინოს მოწაფემ, სალომე უჯარმელმა ქალაქ უჯარმაში აღმართა.

© ბესიკ ფიფიაწმინდა ნინო დაახლოებით 332 წელს — 31 წლის ასაკში, კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.
წმინდა ნინო დაახლოებით 332 წელს — 31 წლის ასაკში, კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული. - Sputnik საქართველო
წმინდა ნინო დაახლოებით 332 წელს — 31 წლის ასაკში, კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

წმინდა ნინო დაახლოებით 332 წელს — 31 წლის ასაკში, კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული. ბოდბეში, ამ ადგილზე წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მონასტერია.

დედათა მონასტრის მთავარი სასწაული წმინდა ნინოს წყაროა, რომელიც წმინდა ნინოს ლოცვებით არის აღმოცენებული.

მონასტრიდან მოედინება ორი წყარო, რომელთაგანაც ერთ-ერთი „წმინდა ნინოს წყაროა“. წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთით ხევში ჩამოედინება და ნაკურთხი წყლისძალა აქვს. წყაროსთან აგებულია წმინდა ნინოს მშობლების — წმინდა ზაბულონის და სოსანას სახელობის ეკლესია.

ყველა ახალი ამბავი
0