თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ორშაბათს ვნების კვირეული დაიწყო. ეს სახელი ეწოდა აღდგომამდე ბოლო, მარხვის ყველაზე მკაცრ პერიოდს, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეებისა და მისი ტანჯვის გამო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ღვთისმსახურების განრიგის შესახებ განაცხადა, რომელიც ვნების კვირეულში სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულთა ძღვენთა წირვები სრულდება.
ორშაბათს, 18:00 საათზე შვიდგზის ზეთისცხება დაიწყება. წმინდა ხუთშაბათს წირვას თვითონ ილია მეორე აღავლენს. ამავე დღეს გაიმართება ფეხთბანის რიტუალი.
პარასკევს, 14 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება სრულდება. შაბათს ლოცვა აღევლინება, ხოლო 23 საათზე ლიტანიობა იწყება.
ვნების შვიდეულის ყველა დღე „წმინდა“ და „დიდ“ დღედ იწოდება. პირველი სამი დღე ხალხთან და თავის მოსწავლეებთან იესო ქრისტეს ბოლო საუბრებს ეძღვნება. საეკლესიო მსახურებისას ამ დღეებში ოთხი სახარება იკითხება.
შემდეგი დღეების ღვთისმსახურება უკვე მხსნელის ტანჯვას უკავშირდება. ეკლესია იხსენებს იუდას ღალატს, საიდუმლო სერობას, იესოს დაჭერას მცველების მიერ, მის დაგმობას, ჯვარზე ვნებას და გარდაცვალებას, მხსნელის დასაფლავებას, მის მოგზაურობას ჯოჯოხეთში და ძველი აღთქმის წმინდანთა სამოთხეში გადაყვანას.
ვნების შვიდეულში ჭეშმარიტი მორწმუნე მართლმადიდებლები ლოცულობენ ტაძარში, ამაო საგნებზე მსჯელობაზე დროს არ ხარჯავენ, ცდილობენ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მკაცრად მარხულობენ.
აღდგომა წელს 1 მაისს აღინიშნება.