უყვარდე-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია – შენ გიყვარდეს...

© photo: Sputnik / Валерий Плотников / გადასვლა მედიაბანკშითეატრისა და კონოს მსახიობი ალისა ფრეინდლიხი
თეატრისა და კონოს მსახიობი ალისა ფრეინდლიხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

რას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ არ გამეყინოთ ამ აივანზე – ხან ვალსს ვცეკვავთ, ხან ქართულს, ხან კოქტეილებს მივირთმევთ, ხან უბრალოდ ადამიანური სითბო გვათბობს… დღეს კი ამოსვლისთანავე უნდა გამღეროთ. კერძოდ, მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან თემატური და ლამაზი სიმღერა ჩვენი საყვარელი კინოფილმიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნებაში ცუდი ამინდი არ არსებობს, რადგან ამინდს ჩვენ გულებში და ჩვენ ირგვლივ თავად ჩვენვე ვქმნით.

რაღა თქმა უნდა, ფილმიც იცანით და ამ ფილმში მთავარი როლის და, სხვათა შორის, სიმღერის შემსრულებელიც, შეუდარებელი ალისა ფრეინდლიხი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 8 დეკემბერს და რომელზეც კომპლიმენტებში საკმაოდ ძუნწმა მაესტრო ელდარ რიაზანოვმა თქვა – „შეუძლებელია, პირველივე დანახვისთანავე არ გახდე ალისას ქალური, ადამიანური და მსახიობური მომხიბვლელობის ტყვე და მონამორჩილი“.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან "ანა და კომანდორი"
კადრი ფილმიდან ანა და კომანდორი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ანა და კომანდორი"

სხვათა შორის, ფილმამდე „სამსახურებრივი რომანი“ ალისა ფრეინდლიხს სამჯერ შეეძლო ეთამაშა რიაზანოვის ფილმებში. პირველი იყო „ჰუსარული ბალადა“, რომლის სინჯების შემდეგ რიაზანოვმა განაცხადა, რომ ფრეინდლიხივით შუროჩკას როლს ვერავინ შეასრულებდა, მაგრამ ის ზედმეტად ქალურია მამაკაცის ტანსაცმლისთვის და ამიტომაც მთავარ როლზე ლუდმილა გოლუბკინა დაამტკიცა.

მეორედ უკვე 1967 წელს ფრეინდლიხი ალევტინას როლზე დაამტკიცეს რიაზანოვის კომედიაში „ბედის ზიგზაგი“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსახიობი ფეხმძიმედ იყო.

აი, მესამედ კი რიაზანოვმა ფრეინდლიხი მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „ბედის ირონია“, მაგრამ რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო საბოლოოდ ეს როლი ბარბარა ბრილსკას შეხვდა, თორემ ფრეინდლიხისა და მიაგკოვის პეტერბურგული „სასიყვარულო დუეტი“, „სამსახურებრივ რომანს“ დაასწრებდა.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან "სამსახურებრივი რომანი"
კადრი ფილმიდან სამსახურებრივი რომანი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "სამსახურებრივი რომანი"

ასე რომ, ღმერთი ზოგჯერ სამობით კი არა, ოთხობითაც არის ხოლმე…

დამავიწყდა გამეფრთხილებინეთ, რომ ქალბატონი ალისა გამოუსწორებელი მწეველია, როგორც ყველა მანდილოსანს, არ უყვარს საკუთარი ასაკის დაზუსტება, მაგრამ ზოგჯერ, იშვიათ ინტერვიუებში, რომლებსაც ყველანაირად გაურბის, წამოსცდება ხოლმე, რომ „ეწევა 35 წლიდან და 35 წელზე მეტია, თანაც თითო კოლოფს დღეში“, მერე კი ეცინება – ისევ გავამხილე ჩემი ასაკიო.

ალისა ფრეინდლიხი დაიბადა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში (იმდროინდელ ლენინგრადში). მისი დედა ქსენია ფიოდოროვა მონაწილეობდა მხატვრულ თვითშემოქმედებაში და თეატრალურ კურსებზე გაიცნო გერმანული წარმოშობის მსახიობი ბრუნო ფრეინდლიხი. დედას ქალიშვილისთვის უნდოდა ნატალია დაერქმია, მაგრამ მისმა დედამთილმა თქვა, რომ ნატალია ბრუნოს ასული ფრეინდლიხი — „სრული გაუგებრობა და დომხალია“, ამიტომაც შვილიშვილს ალისა დაარქვა. ფრეინდლიხს ხშირად ეკითხებიან, ეს სახელი ლუის კეროლის გმირის პატივსაცემად ხომ არ შეარქვეს, ის კი პასუხობს – „რას ამბობთ, მე რომ დავიბადე, ეს ზღაპარი რუსულად ნათარგმნიც კი არ იყო“… ისევ წამოსცდება ხოლმე ასაკი.

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიალისა ფრეინდლიხი თბილისში
ალისა ფრეინდლიხი თბილისში - Sputnik საქართველო
ალისა ფრეინდლიხი თბილისში

ომის წინ ალისას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა წავიდა გასტროლებზე ტაშკენტში, პატარა ალისა კი დედასთან ერთად ლენინგრადში დარჩა.

როდესაც ალისა ფრეინდლიხს ეკითხებიან, თუ რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად ბავშვობიდან, ის პასუხობს – „ბლოკადა“ და ის დრო, როდესაც ის იმედით შეჰყურებდა საათის ისარს და ელოდებოდა, როდის მიაღწევდა ის იმ პოზიციას, როდესაც ბებია მას პურის პატარა და მკაცრად გამოზომილ ნაჭერს მისცემდა… ყველაფერს ამას კი ემატებოდა ფსიქოლოგიური ტრამვა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ მიუხედავად იმისა, ალისას დაბადების მოწმობის ეროვნების გრაფაში ეწერა “რუსი“, მთელმა მისმა გარემოცვამ იცოდა მისი გერმანული ფესვების შესახებ. ალისა ფრეინდლიხი იხსენებს, რომ მან სწორედ იმ რთულ და მძიმე პერიოდში ისწავლა და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა ჭეშმარიტებას: რომ ადამიანმა არც ერთ სიტუაციაში არ უნდა დაკარგოს გაღიმების უნარი და ნიჭი, რადგან ამაზე ძლიერი ფსიქოთერაპია და დაცვა არ არსებობს.

© Бесик Пипияალისა ფრეინდლიხი: ადამიანმა არც ერთ სიტუაციაში არ უნდა დაკარგოს გაღიმების უნარი და ნიჭი
ალისა ფრეინდლიხი: ადამიანმა არც ერთ სიტუაციაში არ  უნდა დაკარგოს გაღიმების უნარი და ნიჭი - Sputnik საქართველო
ალისა ფრეინდლიხი: ადამიანმა არც ერთ სიტუაციაში არ უნდა დაკარგოს გაღიმების უნარი და ნიჭი

სკოლის დამთავრებისას ალისამ უკვე ნამდვილად იცოდა, რომ გახდებოდა მსახიობი. მხოლოდ უჭირდა გადეწყვიტა, სად ჩაებარებინა — კონსერვატორიაში (საოცარი მეცო-სოპრანო ჰქონია), თუ თეატრალურში. არჩევანის გაკეთებაში მას მამა დაეხმარა. ბატონმა ბრუნომ ბრძანა, რომ ოპერის სცენას სჭირდება ფაქტურა და „მოწრიპული“ ალისა სცენაზე დაიკარგებოდა, ამიტომაც მისთვის დრამატული თეატრი უფრო მომგებიანი იქნებოდა.

სხვათა შორის, ალისა ფრეინდლიხი თავისი მინიატურული აღნაგობის გამო თავიდან სულ ბიჭებისა და ხულიგნების როლში გამოდიოდა. შემდგომ კი, როდესაც ის უკვე სახელგანთქმული მსახიობი გახდა, ნოსტალგიის გამო ითამაშა ბიჭუნას როლი სპექტაკლში „ბიჭუნა და კარლსონი“ და, კრიტიკოსების შეფასებით, ისტორიაში პირველად ბიჭუნა კარლსონს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები" - სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი.
კადრი ფილმიდან ვერის უბნის მელოდიები - სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი. - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები" - სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი.

ალისა ფრეიდლიხმა შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სამი თეატრი გამოიცვალა. პირველად ის მიიწვიეს ლენინგრადის კომისარჟევსკაიას სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც იმ დროს ბრწყინავდა მსახიობი ემა პოპოვა, ალისა კი მას ცვლიდა ხოლმე, როდესაც რაიმე მიზეზით პოპოვა სცენაზე ვერ გადიოდა. 1957 წელს ალისამ გაიცნო ცნობილი თეატრალური რეჟისორი იგორ ვლადიმიროვი და 1961 წელს, როდესაც ვლადიმიროვი სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის ლენკავშირის აკადემიურ თეატრს, ალისა მასთან გადავიდა სამუშაოდ. შემდგომში მათი შემოქმედებითი კავშირი ოჯახშიც გადაიზარდა. ალისა ამბობდა – „მე ვერ წარმომიდგენია მსახიობი ფრეინდლიხი რეჟისორ ვლადიმიროვის გარეშე. მე სხვასთან მუშაობას ნამდვილად ვერ შევძლებდი“. სწორედ ეს პერიოდი გახდა ფრეინდლიხის თეატრალური კარიერის პიკი.

სამწუხაროდ, 1981 წელს ფრეინდლიხი და ვლადიმიროვი დაშორდნენ ერთმანეთს და ფრეინდლიხი სამუშაოდ გადავიდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში, გიორგი ტოვსტონოგოვთან.

© Бесик Пипияალისა ფრეინდლიხი სანკტ-პეტერბურგში
ალისა ფრეინდლიხი სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
ალისა ფრეინდლიხი სანკტ-პეტერბურგში

მიუხედავად იმისა, რომ ალისა ფრეინდლიხი უფრო მეტად თეატრის მსახიობად ითვლება, მან კინემატოგრაფიაშიც შექმნა შეუდარებელი სახეები. დიდი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი იხსენებდა, რომ ფერინდლიხმა, რომელმაც შეასრულა სტალკერის მეუღლის როლი ფილმში „სტალკერი“, ის იმით გააოცა, რომ მისი ბოლო მონოლოგი იყო აბსოლუტური იმპროვიზაცია. ალისა ისე შევიდა როლში, რომ გადამღებ მოედანზე გრძნობაც კი დაკარგა. ასევე საოცარია ალისა ფრეინდლიხის როლი ელემ კლიმოვის ფილმში „აგონია“, სადაც ის რუსეთის იმპერატორის მეუღლის მეგობრის ანა ვირუბოვას როლს ასრულებს. ასევე ძალიან მიყვარს ფრეინდლიხის დედოფალი ანა ავსტრიელი ფილმიდან „სამი მუშკეტერი“, ლარისას დედა მიხალკოვის „სასტიკ რომანსში“. მაგრამ, რა ვქნა და, ყველას მაინც მისი „მიმრა“ კალუგინა მირჩევნია ფილმში „სამსახურებრივი რომანი“.

ამ სიმღერასაც ალისა ფრეინდლიხი ასრულებს, რა საოცარი სიტყვებია: Могу весь мир я обойти, чтобы найти кого-то… სხვათა შორის, ეს რობერტ ბერნსის ლექსია, სამუელ მარშაკის ნათარგმნი.

ვუსურვოთ შეუდარებელ ქალბატონ ალისა ფრეინდლიხს ჯანმრთელობა და წარმატებები. მას არაჩვეულებრივი შვილიშვილები ჰყავს და ბებიის როლს არანაკლები წარმატებით ართმევს თავს, ვიდრე როლებს სცენაზე და კინოში…

თქვენ კი გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და იმ, ერთადერთი „ვიღაცის“ გვერდით გატარებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0