ქართულო ცეკვავ ლერწამტანისა, შენ დამიფარე ავი თვალისგან…

© photo: Sputnik / RIA NOVOSTIიამზე დოლაბერიძე
იამზე დოლაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანს ისეთი ქალბატონი ესტუმრება, ყველას რომ არა მარტო საოცრად გვხიბლავს და გვიყვარს, ყველა რომ უდიდეს პატივს ვცემთ, რადგან ის არის ქართველი ქალის განსახიერება – ლამაზი, ღირსეული, ნატიფი, დახვეწილი, სხვანაირად ქართულად შარმიანი… თანაც ერთი ხელით რაიმე უმნიშვნელო ჟესტიც რომ გააკეთოს, ქალების არ ვიცი, მაგრამ, დამერწმუნეთ, ჩვენი აივნის მამაკაცები იმწამსვე გვერდში ამოუდგებიან, თანაც ცეკვა „ქართულის“ ცნობილ პოზაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მანდილოსანი ერთი მანდილის დაგდებით მოჩხუბარი ხევსურების მთელ ჯარს აჩერებს.

 

დიახ, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ლეგენდარულ მოცეკვავეს და ყველაფრით მშვენიერ ქალბატონს, საქართველოს სახალხო არტისტს იამზე დოლაბერიძეს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 7 დეკემბერს.

ბავშვობიდან მიყვარდა ლამაზი ქალები და სულ მინდოდა რომელიმე მათგანს დავმსგავსებოდი. თუმცა ასეთი ბევრი სულაც არ იყო, რადგან ჩემთვის ცნება „ლამაზი ქალი“ არ ამოიწურება მხოლოდ ფიზიკური მომხიბვლელობით… და ერთ-ერთი ჩემი კერპი სწორედ ქალბატონი იამზე გახლდათ.

© ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანეიამზე დოლაბერიძე და ფრიდონ სულაბერიძე
იამზე დოლაბერიძე და ფრიდონ სულაბერიძე - Sputnik საქართველო
იამზე დოლაბერიძე და ფრიდონ სულაბერიძე
 

როდესაც მის ცეკვას ვუყურებდი, გული მიჩერდებოდა… ახლა მაინც შემიძლია გავამხილო, რამდენ დიეტაზე ვიჯექი, ცოტა მაინც რომ დავმსგავსებოდი. სარკეში მის „წელგაწყვეტილობაზე“ იმდენს ვვარჯიშობდი, რომ მართლა კინაღამ გამიწყდა წელი და ბოლოს მამამ მკითხა – შვილო, კიდევ ხდები? თავი დაანებე, არ გიხდებაო. მე მეწყინა და ვუპასუხე, აი, მე იამზე დოლაბერიძესავით გამხდარი მინდა ვიყო–მეთქი. და ჩემმა ბრძენმა მამამ, იცით, რა მითხრა? იამზესავით რომ იყო, უნდა იყო იამზეო, სიგამხდრე რა შუაშია, იამზე გამხდარი კი არ არის, ლერწამივით თხელიაო.

და ეს მართლაც ასეა. რა შუაშია ან სიგამხდრე, ან ცეკვის ილეთები. ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ ასე რომ იცეკვო, ასე რომ ისრიალო და წელი ასე ყველასგან განსხვავებულად დაიჭირო, ასეთი ამაყი და ერთდროულად ეშხიან-ხიბლიანი რომ იყო სცენაზე, მართლაც იამზე უნდა იყო…

ახლა გამახსენდა ერთი ისტორია: სადღაც მე-4 კურსზე ვსწავლობდი, როცა პროფკავშირების ყრილობის დელეგატად ამირჩიეს და მოსკოვში გამგზავნეს. დელეგატობის გარდა კი კიდევ ერთი დავალება მქონდა, კრემლის სასახლეში დასკვნითი კონცერტის დროს უნდა მეთამაშა ქართველი ქალის როლი, ანუ სხვა 14 რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულ კაბაში უნდა ვმდგარიყავი სცენაზე. დადგა სერიოზული პრობლემა – სად ვიშოვოთ კაბა. არა, რა თქმა უნდა, ოპერის თეატრის მთელი გარდერობი ჩემ განკარგულებაში იყო, მაგრამ კაბა უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული, არა „მასოვკიდან“. გადავედით სოლისტებზე. „აბესალომ და ეთერიდან“ საქორწინო კაბა ნამეტანი საქორწინო იყო, პირველ აქტში დაუშვებლად ღარიბული, ხოლო მესამეში — ტრაგიკულად ტილიანი. „დაისს“ რაც შეეხება, იქ მარო ქორწილს ვერ ეღირსა და მთელი ოპერის განმავლობაში ჩვეულებრივ კაბაში დადის აქეთ-იქით, სანამ მალხაზს მოუკლავენ. ლელას კი „ლელადან“ ისეთი სექსუალური ხევსურული და ტყავგაწყობილი კაბა ეცვა, რომ როცა იმით უნივერსიტეტის კარნავალზე მივედი, კინაღამ გავთხოვდი…

უცებ ვიღაცას თავში მოუვიდა – მთელ ოპერაში ყველაზე ლამაზი ქართული კაბა იამზეს აქვს დოლაბერიძეს, რაშიც ქართულ ცეკვას ასრულებდა ოპერა „დაისში“, ქალბატონი იამზე ისეთია, კაბას კი არა და გულსაც გაჩუქებსო. მამამ სთხოვა და ქალბატონმა იამზემაც მათხოვა ის კაბა.

სახლში რომ მივედი, ხასიათი გამიფუჭდა, რადგან ტანწერწეტა რომ მეგონა ჩემი თავი, იამზეს მთელი კაბა მხოლოდ წინა ფასადზე მეყო. ისევ გადავურეკეთ ქალბატონ იამზეს და უფლება მოგვცა უკან ნაჭერი ჩაგვედგა. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ კრემლის კავშირების ცნობილ სასახლეში მე ისე გამოვირჩეოდი ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლისგან, რომ დადგმის რეჟისორი საეჭვოდ მიყურებდა და სულ რაღაცაზე ეჩურჩულებდა, მგონი, უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელს. სავარაუდოდ, დრო რომ ჰქონოდათ, აუცილებლად შემცვლიდნენ ჩემ, ანუ ქალბატონ იამზეს კაბიანად.

ამბობენ, ადამიანი თუ ნიჭიერი დაიბადა, ყველაფერში ნიჭიერიაო. ქალბატონ იამზეს დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი. თანაც ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა, რადგან იამზეს სწავლის დროს არც ერთი რეპეტიცია არ გაუცდენია. ქალბატონი იამზე იყო ანსამბლ „რუსთავის“ საცეკვაო კოსტიუმების ავტორი, მისი ზოგიერთი კაბაც კი მისივე ესკიზებით არის შექმნილი.

ახლა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ქალბატონი იამზეს ღვაწლზე და ნიჭზე, დარწმუნებული ვარ, თავად ისიც დამეთანხმება, რომ ქალის წარმოსაჩენად აუცილებელია გვერდით ღირესული მამაკაცის არსებობა – როგორც ცხოვრებაში, ასევე სცენაზე. ქალბატონ იამზეს არაჩვეულებრივი პარტნიორები ჰყავდა – ფრიდონ სულაბერიძე, თენგიზ უთმელიძე, ომარ მხეიძე, ვახტანგ გუნაშვილი, რომლებსაც ის მართლაც ხელის გულზე დაჰყავდათ და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.

ბატონმა თენგიზ უთმელიძემ ქალბატონ იამზეს ლექსიც კი მიუძღვნა, რომელიც სრულდება ასეთი სიტყვებით: „… და ამ ფერიის სადარი ამ ქვეყნად არაფერია“.

ქალბატონი იამზე მართლა ფერიასავით არის და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ამტკიცებს უკვე ძალიან მობეზრებულ, მაგრამ უდავო ჭეშმარიტებას – „მართლა ლამაზ ქალს ასაკი ვერაფერს ავნებს“. ალბათ, ცეკვასაც აქვს ამაში გარკვეული წვლილი…

და ამის დასამტკიცებლად, მოდით, ვნახოთ საოცარი ცეკვა, რომელსაც ასრულებენ იამზე დოლაბერიძე, მანანა აბაზაძე, ფრიდონ სულაბერიძე და ომარ მხეიძე…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ცეკვით გალამაზებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0