კანადელმა ჯეიმს ნე-ი-სმიტმა ინგლისელ ჯეიმს ნესმიტს აჯობა... კალათბურთით...

© AP PhotoДжеймс Нейсмит - канадско-американский преподаватель, тренер и новатор, создатель баскетбола
Джеймс Нейсмит - канадско-американский преподаватель, тренер и новатор, создатель баскетбола - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, დღეს ზამთრის პირველი დღეა და, სავარაუდოდ, ცოტა უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, საბოლოოდ რომ არ გავიყინოთ.

სამწუხაროდ, დათვივით გაზაფხულამდე ბუნაგში დაძინების საშუალება არა გვაქვს, ამიტომაც ამ დილით ჩვენ აივანზე დაგახვედრეთ მრგვალად ამოჭრილი ძველი ხის სკამი, რომელიც მივამაგრე მოაჯირზე და რამდენიმე ბურთი, რომელიც ჩემი შვილიშვილი ანდრიასგან ვითხოვე. მოდით, ვეცადოთ და თითო-თითო მაინც მოვახვედროთ მიზანს, მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენი სტუმარია შესანიშნავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის კალათბურთის გამომგონებელი, კანადელი ჯეიმს ნეისმიტი და ზუსტად ეს დღე, 1891 წლის 1 დეკემბერი ითვლება კალათბურთის შექმნის დღედ.

ჯეიმსი მონრეალის უნივერსიტეტში სწავლის დროს გატაცებული იყო სპორტით. იმ დროს მოდაში იყო ფეხბურთის სხვადასხვა სახეობები, განსაკუთრებით კი ევროპული და კანადური. აღსანიშნავია, რომ კანადური ფეხბურთი წარმოიშვა რაგბისგან და ხშირად სერიოზულ ტრავმებთან იყო დაკავშირებული. ჰოდა, ჯეიმს ნეისმიტი ითვლება პირველ მოთამაშედ, ვინც დაიწყო ჩაფხუტის ხმარება. იმის გამო, რომ თამაშის წესები ამას არ კრძალავდა, სულ მალე მის მაგალითს სხვა სტუდენტებმაც მიბაძეს. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯეიმსი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და სამუშაოდ მოეწყო ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში, სადაც ასწავლიდა ფიზკულტურასა და ანატომიას. 

© AP Photoჯეიმს ნეისმიტი - პედაგოგი, მწვრთნელი და ნოვატორი, კალათბურთის შემქმნელი
ჯეიმს ნეისმიტი - პედაგოგი, მწვრთნელი და ნოვატორი, კალათბურთის შემქმნელი - Sputnik საქართველო
ჯეიმს ნეისმიტი - პედაგოგი, მწვრთნელი და ნოვატორი, კალათბურთის შემქმნელი

ჯეიმს ნეისმიტი მაღალი პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული ეთუზიაზმით გამოირჩეოდა, რის გამოც მის ფიზკულტურის გაკვეთილებზე სიარული სტუდენტებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. ზაფხულობით ისინი ღია ცის ქვეშ თამაშობდნენ ბეისბოლსა და ფეხბურთს, აი, ზამთარში კი ტანვარჯიშის ილეთების სწავლა უწევდათ და ამიტომაც ცოტა მოწყენილად გრძნობდნენ თავს. ერთხელაც ჯეიმსი კაბინეტში გამოიძახა კოლეჯის დირექტორმა ლიუტერ გულიკმა და სთხოვა მას, გამოეგონებინა რაიმე მოძრავი თამაში დახურული დარბაზისთვის, რომელიც უფრო ნაკლებად „აგრესიული“ იქნებოდა, ვიდრე რაგბი ან ამერიკული ფეხბურთი.

ჯეიმსი საოცრად შემოქმედებითი ადამიანი გახლდათ. შემთხვევით მან ყურადღება მიაქცია კოლეჯის რაგბის ნაკრების სტუდენტებს, რომლებიც რაგბის თამაშს ცდილობდნენ და კარის ნაცვლად ცარიელ ყუთს იყენებდნენ.

1891 წლის 1 დეკემბერს ჯეიმსმა სტუდენტები დაყო ორ ნაწილად, სპორტული დარბაზის ცენტრში განათავსა ხის ყუთი და შესთავაზა სტუდენტებს, ორივე მხრიდან ეცადათ ჩაეგდოთ ბურთი ამ ყუთში. ცოტა ხანში ყუთთან ისეთი აურზაური ატყდა, რომ ჯეიმსმა გადაწყვიტა დარბაზის მოპირდაპირე მხარეებზე დაემაგრებინა ერთდროულად ორი კალათა, რომლითაც კოლეჯში ხილი მოჰქონდათ ხოლმე. სწორედ ამ კალათებში ისროდნენ ევროპული ფეხბურთისთვის განკუთვნილ ტყავის ბურთებს მსოფლიოში პირველი კალათბურთელები სპრინგფილდის კოლეჯიდან…

აღსანიშნავია, რომ კალათები 305 სმ სიმაღლეზე დამაგრდა და ეს სტანდარტი დღემდე არ შეცვლილა.

ორი კალათის დამაგრების შემდეგ თამაში უფრო დინამიური გახდა, მაგრამ თამაშის დროს ჩნდებოდა პაუზები, როდესაც კოლეჯის დარაჯს, გვარად სთებინსს უხდებოდა კალათებიდან ბურთების ამოღება. სავარაუდოდ, სწორედ მას მოუვიდა აზრად, ძირი მოეცალა კალათებისთვის, რათა ბურთები თავისთავად ჩამოვარდნილიყვნენ. ამის შემდეგ კალათები შეიცვალა ლითონის ბადიანი რგოლებით, რომლებიც დღემდე პრინციპულად აღარ შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, ხილის კალათები სამუდამოდ დარჩა ახალი სპორტის სახელწოდებაში — „კალათ-ბურთი” (Basket-ball).

სულ ცოტა ხანში თამაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ კოლეჯის სპორტული დარბაზი ვეღარ იტევდა მასზე დასწრების მსურველებს. თანაც მაყურებლები აქტიურად ებმებოდნენ თამაშში და იმ შემთხვევაში, თუ ბურთი მათ ჩაუვარდებოდათ ხელში, თავად ცდილობდნენ ჩაეგდოთ კალათში. სწორედ მაშინ გამოიგონეს კალათების უკან დამაგრებული ფარები, რომლებიც დღემდე კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენს.

რამდენიმე თვეში კი სხვა სასწავლებლებმა მიმართეს ნეისმიტს თხოვნით, გაეგზავნა მათთვის ახალი თამაშის წესები. უკვე 1892 წელს გამოვიდა სპეციალური წიგნი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო კალათბურთის ძირითადი 13 წესი. სხვათა შორის, ყველა ეს წესი მოქმედებს თანამედროვე კალათბურთშიც. ის ფურცელი კი, რომელზეც ნეისმიტმა საკუთარი ხელით ჩამოწერა ეს წესები, 2010 წელს აუქციონზე 4 მილიონზე მეტ დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ჯეიმსი იყო ძალიან მოკრძალებული ადამიანი, სულ არ ცდილობდა გაეკეთებინა რეკლამა საკუთარი თავისთვის. ის დაკავებული იყო პედაგოგიური კარიერით, მიიღო სამეცნიერო ხარისხები რელიგიაში, ფილოსოფიასა და მედიცინაში.

© AP Photoჯეიმს ნეისმიტი შვილთან - ასევე ჯეიმს ნეისმიტთან და რძალთან ერთად.
ჯეიმს ნეისმიტი შვილთან - ასევე ჯეიმს ნეისმიტთან და რძალთან ერთად. - Sputnik საქართველო
ჯეიმს ნეისმიტი შვილთან - ასევე ჯეიმს ნეისმიტთან და რძალთან ერთად.
 

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მის თავმდაბლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამერიკული თამაშის — კალათბურთის მამამ ჯეიმს ნეისმიტმა აშშ-ის მოქალაქეობა მხოლოდ 1925 წელს მიიღო, აშშ-ში 34 წლის ცხოვრების შემდეგ. ის გარდაიცვალა 1939 წელს, 5 შვილისა და მრავალრიცხოვანი შვილიშვილების გარემოცვაში. არასდროს ყოფილა მდიდარი, მაგრამ ლამაზი და ღირსეული ცხოვრება განვლო.

შესაძლოა, მას რომ თითქმის მისი მოგვარე, ინგლისელი ჯეიმს ნესმიტივით ორთქლის ჩაქუჩი გამოეგონებინა და დაეპატენტებინა კიდევაც თავისი გამოგონება, მილიარდერიც კი გახდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მან კაცობრიობას აჩუქა საოცრად დახვეწილი და ლამაზი თამაში — კალათბურთი.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბავშვობაში მეც ვთამაშობდი კალათბურთს, თუმცა სულ ნახევარი წლის განმავლობაში, სამაგიეროდ სად — საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში…

სამწუხაროდ, ერთ-ერთ მატჩს დაესწრო ჩემი, მისი შემოქმედებითი გარემოს მიუხედავად, საშინლად აზიატი ბიძია — ზურაბ ანჯაფარიძე და რომ დაინახა, რომ სპორტის სასახლეში დავრბივარ სპორტულ ტრუსებში (საინტერესოა, რა ეგონა, რა ფორმაში უნდა მერბინა?), პირდაპირ მოედნიდან სახლში წამომიყვანა და შემდეგ ვარჯიშზე აღარ გამიშვა.

ასე უდროოდ დასრულდა ჩემი საკალათბურთო კარიერა. ვინ იცის, იქნებ ჩემგანაც გამოსულიყო, მაგალითად, ლუსია ჰარისი, ან ულიანა სემიონოვა? ხომ ვისხდებოდით ახლა ყველა, სავარაუდოდ, უფრო ფართო და კომფორტულ აივანზე…

თუმცა, როგორც ცნობილმა კალათბურთელმა ალენ აივერსონმა ბრძანა — „თამაშში მოთამაშის ზომა კი არა, მისი გულის ზომაა მთავარი“.

ჰოდა, ამ ჩვენ აივანზე უფრო დიდგულიან და თბილგულიან აივანს, აბა, სად მოვნახავდით?

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და კალათბურთივით გულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0