01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მხატვარი ზაზა პაპიძე

ჩუფჩიკას შექება, ომამდელი თბილისი, ხატვის გაკვეთილები არნედოში და ესპანური წარმატება

© FB/ Zaza Papidze Papidze
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
33690

რუბრიკაში "ქართველები უცხოეთში" Sputnik-ის ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ესპანეთში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ზაზა პაპიძეს წარმოგიდგენთ.

ზაზა პაპიძე — ქართველი მხატვარი, რომელიც როგორც ხელოვანი საქართველოში ჩამოყალიბდა. მუშაობს გრაფიკაში, ფერწერაში, ქანდაკებაში, გამოფენებს აწყობს ესპანეთის ქალაქებში (მადრიდი, ბარსელონა, კალაორა, არნედო, ვიტორია, ბილბაო, კორდოვა). ხატვის პარალელურად კალაორასა და არნედოში ესპანელებს სახვით ხელოვნებას ასწავლის. მანამდე მისი ნამუშევრები იხილეს თბილისში – „ქარვასლაში“, თელავში, მოსკოვში – არბატზე მდებარე „მზიურში“ და გალერეა „მარსში”. მას ესპანეთის ქალაქ არნედოში დავუკავშირდით.

— ბატონო ზაზა, მას შემდეგ, რაც უცხოეთში დასახლდით, შემოქმედებითი და პიროვნული თვალსაზრისით შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანების მიმართ?

— როგორც პიროვნება, ალბათ, არ შევცლილვარ, მაგრამ გარკვეულ საგნებსა და მოვლენებს უკვე სხვაგვარად ვუყურებ და ვაფასებ. მაგალითად, შემეცვალა დამოკიდებულება სხვა ეროვნებების მიმართ – მივხვდი, რომ ეროვნებებს შორის სხვაობა მხოლოდ კულტურულია და ყველას ძირითადად ერთი და იგივე სიხარული, სიყვარული და სატკივარი გვაერთიანებს. საერთოდ, ადამიანის, მისი სისუსტეებისა და შეცდომების მიმართ უფრო შემწყნარებელი გავხდი. ეს, ალბათ, ნაწილობრივ ასაკის დამსახურებაცაა. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ მას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა, ვთვლი, რომ აქ უფრო გავიზარდე. ჩემი ძირითადი თემაა ადამიანი, მისი სიკეთით თუ მანკიერი მხარეებით. გარდა ამისა, მიწევს სხვადასხვა შეკვეთის შესრულებაც, პორტრეტი იქნება ეს, კედლის მოხატულობა თუ რაიმე ფიგურის დამზადება.

ზაზა პაპიძის ნახატი
ზაზა პაპიძის ნახატი

— თქვენზე, როგორც ხელოვანზე, რა ფაქტებმა და ადამიანებმა იქონია გავლენა?

— რეგულარულად ხატვა დაახლოებით ცამეტი წლისამ დავიწყე. როცა ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა დაგროვდა, დედამ გადაწყვიტა ისინი რომელიმე მხატვრისთვის ეჩვენებინა და ჩემი ნახატები მიიტანა ბავშვთა ხელონების მუზეუმში, რომელიც მაშინ სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან მდებარეობდა. გზაში დედას შეხვედრია მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ცნობილი ჩუბჩიკა, რომელიც ჩემი ნახატებით დაინტერესებულა და დედასთვის უთქვამს, თქვენი შვილი ნიჭიერია, უნდა ისწავლოს ჯერ ნიკოლაძეში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაშიო. მისმა ამ შეფასებამ გამამხნევა და მას შემდეგ შემოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ნიკოლაძის სასწავლებელში ვერ მოვხვდი, ამიტომ თოიძის სასწავლებელში შევედი. პარალელურად ამ სამი წლის განმავლობაში მხატვარ ილია პატაშურთან ხატვასა და ფერწერას ვსწავლობდი. თოიძის სახელობის სასწავლებლის დასრულების შემდე აკადემიაში ჩაბარება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.

— თქვენი ნახატების გამოფენა საქართველოში 1985 წელს ახალგაზრდულ კლუბ „ამირანში” გაიმართა…

— ის გამოფენა ჩემი ბიძის თენგიზ აბულაძის დახმარებით მოეწყო. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, დაიწერა რამდენიმე სტატია, იყო გადაცემები ტელევიზიაში, პირველი აღიარება და დიდი სიხარული, რწმენა საკუთარი თავის მიმართ და მომავლის იმედი. ასე მგონია, მაშინდელი მუხტი და ინერცია დღემდე მომყვება და ძალას მმატებს.

— რუსულ პოპულარულ გადაცემა „ვზგლიადში“ როგორ მოხვდით?

— ჩემი ნამუშევრებით ახალგაზრდა ჟურნალისტი კარინა ზურაბოვა დაინტერესდა. მისმა სტატიამ მოგვიანებით გზა გამიხსნა მაშინდელ პოპულარულ პროგრამა „ვზგლიადისკენ“, სადაც ჩემ შესახებ რეპორტაჟი მოამზადეს. ამას მოჰყვა გამოფენა გალერეა „მარსში“, ეს 1989 წელს იყო. იმავე წელს ქართული სათვისტომოს მიწვევით გამოფენა გადავიდა არბატზე, საქართველოს კულტურის ცენტრ „მზიურში“, სადაც გამოფენა რუსეთის ცნობილმა მხატვარმა ალექსანდრ შილოვმა გახსნა. იქვე დავდე კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ გალერეასთან, გაჩნდა სერიოზული პერსპექტივა, რომელსაც მოგვიანებით, თბილისის ომის შემდეგ ხაზი გადაესვა…

ზაზა პაპიძე სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე
ზაზა პაპიძე სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე

— ბატონო ზაზა, ესპანეთში 1995 წლიდან ხართ, შეგიძლიათ თქვათ, რამდენი პროცენტით გახდით ესპანელი, ამ ხალხის რომელი თვისება გაითავისეთ?

— ემიგრაციაში მარტო წამოვედი. ჩემი ყოფილი მეუღლე ესპანელია, შვილები ნახევრად ესპანელები არიან, მაგრამ ქართულად ლაპარაკობენ და თავს ქართველებად თვლიან. რა თქმა უნდა, ამდენი წლის შემდეგ ესპანურად, ასე თუ ისე, კარგად ვლაპარაკობ, აქაური ცხოვრების წესს და რიტმსაც შევეჩვიე. თუმცა არ ვთვლი, რომ გავესპანელდი, არც მე მავიწყდება სადაური ვარ და არც ჩემს შვილებს. აქაურები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, დიდი მოთმინების უნარი აქვთ, კანონმორჩილები არიან, ურთიერთობებში, მათ შორის, მეგობრობაშიც დისტანციას ინარჩუნებენ, მეზობლობა კიბეზე შეხვედრისას ღიმილითა და გამარჯობით შემოიფარგლება. გვერდში დადგომა და დახმარებაც იციან, თუმცა ეს თვისებები, ალბათ, მაინც კონკრეტული ადამიანისაა და არა მთელი ერის.

ზაზა პაპიძის ნახატი
ზაზა პაპიძის ნახატი

— როგორ მიიღო თქვენი ხელოვნება ესპანურმა პუბლიკამ?

— ესპანური პუბლიკა შედარებით თავშეკავებულია, მით უმეტეს, ისეთი ჟანრის ნამუშევრების მიმართ, როგორიც ჩემია. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს მოსწონს და ჩემი ახალი ნამუშევრების გამოჩენას ელოდება. 2007 წელს ჩემი ნამუშევარი მოხვდა ერთ-ერთი ცნობილი კონკურსის ოცეულში, სადაც დაახლოებით ათასამდე მხატვარი მონაწილეობდა. მაშინ გადმომცეს პრიზი და რამდენიმე გალერეასთან თანამშრომლობა დავიწყე, მაგრამ მოგვიანებით ცნობილმა კრიზისმა ეს შეაფერხა. იმედია, ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. დღეს ხატვას კერძო სტუდიებში ვასწავლი. მოსწავლეების ასაკი სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად მაინც ასაკოვანი ხალხი ჭარბობს, მათ შორის ბევრია ნიჭიერი და მუყაითი მოსწავლე. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთშიც რამდენჯერმე მოეწყო ქართველ მხატვართა გამოფენა ჩემი ნათესავის, მხატვარ კაკო თოფურიას თაოსნობით, სადაც ორჯერ ვიყავი მიწვეული.

— ვიცი, ღამით ფაბრიკაშიც მუშაობთ და დასვენებას როგორ ასწრებთ?

— გარკვეულმა გარემოებებმა მაიძულა რაღაც დროის განმავლობაში დამატებითი სამუშაო მომეძებნა და მუშაობა დავიწყე ფეხსაცმლის ფაბრიკაში, სადაც უკვე წელიწადია რიგით მუშად ვარ. ვმუშაობ ღამით, დღის პირველ ნახევარში ვისვენებ, შემდეგ სტუდიაში ჩემ მოსწავლეებთან მივდივარ. ჯერჯერობით ცოტას ვხატავ, მაგრამ, იმედია, მალე დავუბრუნდები ჩვეულ რიტმს.

ზაზა პაპიძის გამოფენა ესპანეთში
ზაზა პაპიძის გამოფენა ესპანეთში

— ქართული მონატრებისთვის თუ რჩება თქვენ ცხოვრებაში ადგილი და დრო?

— მენატრება ჩემი და და მშობლები. მენატრება ჩემი წინანდელი ცხოვრება, ომამდელი თბილისი, პაპისეული სახლი… ჩემი მეუღლე ცდილობს ხშირად მომიმზადოს ქართული კერძები, ამ მხრივ არანაირი მონატრება არ მაქვს. მეუღლე რუსია და ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობს. ჩვენ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ხშირად ვიკრიბებით. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, აუტანლად მეუცხოვება ყველაფერი და აქეთ გულდამძიმებული და დადარდიანებული ვბრუნდები, იმედი მაქვს, ოდესმე ჩემ შვილებთან ერთად დავბრუნდები…

მთავარი თემები