01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
მწერალი მარკ ტვენი

მოდით, ვიცხოვროთ ისე, რომ მესაფლავესაც დასწყდეს გული, როცა გარდავიცვლებით

© Huffingtonpost
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
329250

ძალიან დილა მშვიდობისა!

თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ აივანთან მოახლოებისას დაინახავთ, რომ საპნის ბუშტებს ვუშვებ, რადგან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ შესანიშნავ კაცს, რომელსაც მიაჩნია, რომ ბუნებაში არ არსებობს არაფერი იმაზე უფრო ლამაზი და დახვეწილი, ვიდრე საპნის ბუშტი. კაცს, რომელიც აუცილებლად თეთრ შარვალ-კოსტიუმში და თეთრ შლაპაში იქნება გამოწყობილი, ეცმევა მისთვის ჩვეული წითელი წინდები… ეს კი უკვე თავისდაუნებურად ხასიათსაც გამოგვიკეთებდა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ მსოფლიოში ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ფილოსოფოსსა და ფანტასტს, აქვს უნიკალური უნარი და ნიჭი, გაახალისოს და ოპტიმიზმით აავსოს მთელი მისი გარემოცვა. 

უილიამ ფოლკნერი თვლიდა, რომ სწორედ ამ კაცმა ჩაუყარა საფუძველი ამერიკულ მწერლობას და ყველა დანარჩენი მწერალი — მისი მემკვიდრეა, ერნესტ ჰემინგუეის აზრით კი, მთელი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა სათავეს იღებს სწორედ მისი წიგნიდან – „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“… 

დიახ, ჩვენი დღევანდელი სტუმარია ცნობილი ჰუმანისტი და დემოკრატი, იუმორით გაჟღენთილი და ყველასთვის საყვარელი სემიუელ კლემენზი, ანუ მარკ ტვენი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1835 წლის 30 ნოემბერს აშშ–ის მისურის შტატის პატარა ქალაქ ფლორიდაში.

მარკ ტვენის სახლი ჰარტფორდში
მარკ ტვენის სახლი ჰარტფორდში

მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მარკ ტვენი საშინლად ბევრს ეწევა, ფაქტიურად შეუჩერებლივ, თანაც ჩიბუხს და თუ გადაწყვეტთ ამის გამო მას ან შენიშვნა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევა მისცეთ, ნამდვილად ვიცი, რასაც გიპასუხებთ – მოწევის თავის დანებებაზე ადვილი რა არის, ასჯერ დამინებებიაო.

მე მგონი, არ არსებობს ქვყანაზე ადამიანი, ვისაც წაკითხული არ ჰქონდეს მარკ ტვენის საოცარი ისტორიები ტომ სოიერსა და ჰეკლბერი ფინზე. ისინი ძალიან გვილამაზებდნენ ცხოვრებას და გადავყავდით რაღაც საიდუმლო გამოქვაბულებებში, ლაბირინთებში, ინტრიგებში, ფანტაზიებში. თანაც ზღაპრულ გმირებთან კი არა, ჩვენხელა ბავშვებთან ერთად, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი იყო.

მარკ ტვენი 15 წლის ასაკში
მარკ ტვენი 15 წლის ასაკში

სპეციალისტების აზრით, ტომ სოიერის პროტოტიპი თავად სემიუელი იყო, რომელმაც ბავშვობა პატარა ქალაქ ჰანიბალში გაატარა. მართალია, ნაწარმოებში ტომის მშობლიური ქალაქი სენტ-პიტერსბერგია, სამაგიეროდ, მარკ ტვენის მშობლიურ ქალაქში, მისი სახლის წინ ცხოვრობდა ჰოუკინსების ოჯახი, რომლებსაც ეზრდებოდათ პატარა გოგონა ლარა. შემდგომში მარკ ტვენი დაადასტურებს, რომ სწორედ ლარა ჰოუკინსი გახდა ბეკ ტეტჩერის პროტოტიპი, რომელშიც ტომ სოიერი იყო შეყვარებული.

სხვათა შორის, დღეს ქალაქ ჰანიბალში, მარკ ტვენის ყოფილ სახლში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმი და იქ ჩასვლისას შეგიძლიათ ის ღობეც კი იხილოთ, რომელსაც ტომ სოიერი ღებავდა წიგნის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა დეიდა პოლიმ დაუძახა.

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე, მაგალითად, ტომ სოიერზე უფრო მეტად შეყვარებული ვიყავი სრულიად უდისციპლინო, არეულ, მაწანწალასავით მოუწესრიგებელ, მაგრამ საოცრად კეთილ ჰეკლბერი ფინზე. თურმე, მისი პორტრეტიც მარკ ტვენმა მის მეგობარ ტომ ბლანკენშიპიდან გადმოხატა, რომელიც მასზე 4 წლით უფროსი იყო. ის უაღერსად ღარიბი ოჯახიდან იყო, მამამისი არ მუშაობდა, მთელი დღეები სვამდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარკ ტვენის თქმით, „ტომს (ჰეკლბერის პროტოტიპს) ჰქონდა ყველაზე დიდი გული იმ ადამიანთა შორის, ვინც კი მას ცხოვრებაში შეხვედრია“. სხვათა შორის, ის წლების შემდეგ მოსამართლეც კი გახდა მონტანას შტატში. მარკ ტვენი და ტომი დიდობაში აღარ შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა მარკ ტვენს არასდროს დავიწყებია თავისი „ჰეკლბერი“ და ბოლომდე თვლიდა მას მეგობრად. საერთოდ, ის განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა მეგობრობის გრძნობას…

მარკ ტვენი და დოროთი ქუიქი
მარკ ტვენი და დოროთი ქუიქი

ძალიან მიყვარს მარკ ტვენის ეს გამონათქვამი: „ნამდვილი მეგობარი შენ გვერდით მაშინ არის, როდესაც შენ მართალი არა ხარ, თორემ როდესაც მართალი ხარ, ნებისმიერი იქნება შენ გვერდით“.

სწორედ ასეთი მსოფლმხედველობის მქონე მარკ ტვენი იყო განსაკუთრებით მიმტევებელი სხვების შეცდომების მიმართ, მაგრამ აბსოლუტურად ვერ იტანდა ტყუილს. ერთხელ მან ხუმრობით განაცხადა, რომ ის თავად ჯორჯ ვაშინგტონზე უფრო პრინციპულია, რადგან ვაშინგტონმა თქვა, რომ მას ტყუილის თქმა არ შეუძლია. მას კი შესანიშნავად შეუძლია მოტყუება, უბრალოდ, ამას არ აკეთებს.

ამასთანავე, მარკ ტვენში ყოველთვის მიყვარდა მისი დელიკატურობა. ის მართლა არასდროს ტყუოდა, მაგრამ არც იმას თვლიდა, რომ ეს მისი უპირატესობა ვინმეს დაჩაგვრის უფლებას აძლევს. სწორედ მას ეკუთვნის განუმეორებელი სიტყვები – „სიმართლე ადამიანს უნდა მიაწოდო ისე ფაქიზად, როგორც პალტო და არ ესროლო სახეში, როგორც სველი პირსახოცი“.

მარკ ტვენმა უაღრესად რთული, საინტერესო და არაორდინალური ცხოვრება განვლო. ის 12 წლის იყო, როდესაც გარდაეცვალა მამა, რომელმაც ოჯახს ვალების გარდა ვერაფერი დაუტოვა. ამიტომ სემიუელი (სემი) ჯერ მუშაობდა მისი უფროსი ძმის მიერ გამოცემულ გაზეთში, შრიფტის ამკრეფად, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო  ლოცმანად მდინარე მისისიპიზე მცურავ გემზე. ის ჰყვებოდა, რომ არასდროს არ მიატოვებდა ამ სამსახურს, მაგრამ 1861 წელს აშშ-ში დაიწყო სამოქალაქო ომი და მისისიპიზე კომერციული გემების მიმოსვლა შეწყდა. თუმცა, მისმა საყვარელმა მდინარემ მის ცხოვრებაში დაუვიწყარი კვალი მაინც დატოვა — მისი ლიტერატურული ფსევდონიმი მარკ ტვენი (mark twain) — ნავიგაციური ტერმინია და ნიშნავს „ნიშანი ორი“, ანუ იმას, რომ ფსკერამდე დარჩა 365,76 სმ, რაც მდინარეზე გემის უსაფრთხო გასვლის საშუალებას იძლეოდა. 

მარკ ტვენი
მარკ ტვენი

შემდეგ მარკ ტვენმა გამდიდრება გადაწყვიტა და გაემგზავრა ნევადაში, ვერცხლის საბადოებზე. ის არასდროს გამოირჩეოდა კომერციული ნიჭით და მას შემდეგ, რაც როგორც მაღაროელმა, ვერაფერს მიაღწია, გადაწყვიტა მუშაობის დაწყება ვირჯინიის გაზეთ Territorial Enterprise-ში. 1864 წელს ის გადავიდა სან-ფრანცისკოში, სადაც წერდა წერილებს ერთდროულად რამდენიმე გამოცემისთვის. 

1865 წელს მან პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია — მისი იუმორისტული მოთხრობა „ცნობილი მოხტუნავე ბაყაყი კალავერასიდან“ მთელ ამერიკაში გავრცელდა და მას „იმ დროისათვის აშშ-ში შექმნილი საუკეთესო იუმორისტული ნაწარმოებიც“ კი უწოდეს. პირველი წიგნი კი მარკ ტვენმა 1868 წელს დაბეჭდა და მასში აღწერილი იყო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები. მარკ ტვენმა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე 29-ჯერ გადაკვეთა ატლანტის ოკეანე, დაწერა 30-ზე მეტი წიგნი და 50 ათასამდე წერილი და ნარკვევი…

1870 წელს მარკ ტვენმა ცოლად მოიყვანა ოლივია ლენფდონი და საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბუფალოში. მათ საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. ოლივიამ ახალგაზრდობაში ყინულზე დაცემის გამო მიიღო ტრამვა და ასაკის მატებასთან ერთად მისი მდგომარეობა უარესდებოდა. მარკ ტვენი ყოველთვის მის გვერდით იყო და ამხნევებდა მას. ერთხელ მან მისთვის ჩვეული ფანტასტიკური იუმორით თქვა – „როდესაც ჩემი და ოლივიას აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც მას სურს, და ჩემი მეუღლე ამას უწოდებს ლამაზ სიტყვა „კომპრომისს“.

პირველ რიგში მარკ ტვენი (მარჯვნიდან მეორე) და მაქსიმ გორკი (მარცხნიდან მეორე) ნიუ იორკში 1906 წელს ახალგაზრდა მწერალთა კლუბში.
© Sputnik/ РИА Новости
პირველ რიგში მარკ ტვენი (მარჯვნიდან მეორე) და მაქსიმ გორკი (მარცხნიდან მეორე) ნიუ იორკში 1906 წელს ახალგაზრდა მწერალთა კლუბში.

მარკ ტვენი იყო შესანიშნავი ორატორი, ხშირად გამოდიოდა ლექციებით. გარდა ამისა, დიდ დროს უთმობდა ახალგაზრდა ლიტერატორებს და ეხმარებოდა მათ ნაწარმოებების გამოქვეყნებაში. მარკ ტვენი ასევე ინტერესდებოდა სამეცნიერო პრობლემებით. მისი უახლოესი მეგობარი იყო ნიკოლა ტესლა. ისინი საათობით არ გამოდიოდნენ ხოლმე მისი ლაბორატორიიდან. სხვათა შორის, მარკ ტვენს ეკუთვნის ფოტოალბომის გამოგონება, რომელშიც ფოტოები თავისით ეწებებოდა და ელასტიური ქამრის იდეა, მაგრამ რატომღაც მაშინ ამით არავინ დაინტერესებულა.

მარკ ტვენს საოცრად უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით, კატები, რომლებსაც კოსმიურ არსებებად თვლიდა. ერთხელ მან თქვა: „ადამიანები და კატები რომ შევაჯვაროთ ერთმანეთს, ადამიანი ნამდვილად მოგებული დარჩება, რასაც ვერ ვიტყვი კატებზე“.

მარკ ტვენს კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა — ის შესანიშნავად თამაშობდა ბილიარდს და ჰყვებიან, რომ ხშირად ფულზეც. თანაც, თამაშის დროს ისე ერთობოდა, რომ სხვასაც გადასცემდა თავის აზარტს და ხშირად მის სახლში ღამეს ისე ცვლიდა დილა, რომ მოთამაშეები ვერც კი ამჩნევდნენ.

სამწუხაროდ, ცხოვრების ბოლოს მარკ ტვენმა სერიოზული ტრაგედია გადაიტანა – მან დაკარგა მეუღლე და შვილი. მიუხედავად ამისა, ცნობილი მწერლის ალექსანდრ კუპრინის თქმით, „მარკ ტვენმა გაიარა ლამაზი, ჰარმონიული, მართალი ცხოვრება და ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა აზრთა სისუფთავე, ღიმილის დახვეწილობა და სულის სიფაქიზე“.

მარკ ტვენის საფლავი
Wikipedia
მარკ ტვენის საფლავი

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მარკ ტვენმა განაცხადა, რომ ის ამ ქვეყანას მოევლინა კომეტა გალეასთან ერთად და წავა ამ ქვეყნიდან მხოლოდ მისივე თანხლებით…

საოცარი კი ისაა, რომ ის დაიბადა 1835 წელს, როდესაც კომეტა გალეა მართლაც „მოვიდა“, და გარდაიცვალა 1910 წელს, როდესაც კომეტა „წავიდა“. მეცნიერები ამბობენ, რომ მარკ ტვენის ცხოვრება იმდენად მდიდარი იყო უცნაური მოვლენებითა და დამთხვევებით, რომ შესაძლოა მას რაღაც განსაკუთრებული და ამოუცნობი ტალანტი მართლაც გააჩნდა.

და, ბოლოს, მინდა დავასრულო ისევ მარკ ტვენის საოცარი სიტყვებით: „იცეკვე ისე, თითქოს არავინ არ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს არავინ არ გისმენს. გიყვარდეს ისე, თითქოს შენთვის არასდროს უღალატიათ და იცხოვრე ისე, თითქოს დედამიწა სამოთხე იყოს“… 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

მთავარი თემები