01:51 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გუკა სალუქვაძე და ირმა კვაჭანტირაძე

25 წლის გური სალუქვაძის შთაგონების წყარო - „ჩირჩხელა“

© FB/ Guka Guri Salukvadze
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
20660

საქართველოში ახალი ბრენდი „ჩირჩხელა“ გამოჩნდა. მისი შემქმნელი ქართული და არა მარტო ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩირის მწარმოებელი 25 წლის წარმატებული ახალგაზრდა გური სალუქვაძეა.

იდეა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის დროს გაუჩნდა და სისრულეში მალევე მოიყვანა. ჩირის ქართული ბრენდი ბევრ საინტერესო და გემრიელ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. 

როგორ გაჩნდა და განხორციელდა იდეა, რა სახის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, „sputnik საქართველოს” მკითხველს გური თავად უამბობს:

— დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა ეს ყველაფერი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი საქმე მქონოდა, შემექმნა რაღაც განსხვავებული და ქართული. ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით მომიწია სხვადასხვა ტურისტული ზონის მონახულება, შესაბამისად, ძალიან ბევრ ტურისტს შევხვდი, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართული პროდუქტის მიმართ. მეც გამიჩნდა სურვილი მომხმარებლისთვის რამე ქართული შემეთავაზებინა. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა როგორც ქართულ წარმოებაში, ისე ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციაში. ამის შემდეგ ოჯახის თანადგომით გადავწყვიტე შემექმნა ქართული პროდუქტი „ჩირჩხელა“.

ანანასის ჩირი
ანანასის ჩირი

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, ბატონი კონსტანტინე სარიშვილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია, მეც ბოლო წლებში მისი დამსახურებით დავინტერესდი სოფლის მეურნეობით და მასთან გავდიოდი კონსულტაციებს. იგი ამჟამად ჩემი კომპანიის მთავარი ტექნოლოგია. ამ ადამიანთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე, ქართული წარმოების კუთხით დაგვეწყო მუშაობა. გადავწყვიტე არ დავლოდებოდი გრანტებს, დაფინანსებას და ყველაფერი ჩემით დამეწყო. ეს „სტარტაპი“ წარმატებული აღმოჩნდა. 10 ნოემბერს შედგა „ჩირჩხელას“ დეგუსტაცია ერთ-ერთ ბიზნეს დაჯილდოებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამან უფრო მეტი მოტივაცია გამიჩინა. უახლოეს დღეებში გაიხსნება „ჩირჩხელას“ ბრენდირებული მაღაზია აბაშიძის 33-ში, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს, დააგემოვნოს და სურვილის შესაბამისად შეიძინოს ქართული ჩირი.

 

-როგორც ვიცი, სხვა ბრენდირებული ჩირი ქართულ ბაზარზე არ არის.

— ქართულ ბაზარზე ჩირის წარმოება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჩვენი პროდუქციის მსგავსი ტიპის ბრენდი არ არსებობს. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას შევთავაზოთ ასორტი, რომელიც გაჯერებული იქნება ქართული პროდუქტით. 

-რამდენი სახეობის ჩირს აწარმოებთ?

— გვაქვს როგორც ქართული, ისე ტროპიკული ხილის ჩირის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი.

- მხოლოდ ხილის ჩირს აწარმოებთ?

— გვაქვს, როგორც ხილის, ისე ბოსტნეულის ჩირი. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ არაჩვეულებრივი არომატის ტყლაპების ასორტიმენტს.

- სასიამოვნო არომატის გარდა რა თვისებებით გამოირჩევა ჩირის სახეობები?

— ბევრს ჰგონია, რომ ჩირი არის მხოლოდ ტკბილეული, ნუგბარი. სანამ ჩირს გემრიელ და ტკბილ პროდუქტს ვუწოდებთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის სასარგებლო თვისებებზე. ვიტამინებთან ერთად ხმელი ხილი შეიცავს კალციუმს (კბილებისა და ძვლებისათვის), რკინას (სისხლისთვის), მაგნიუმს (კუნთებისა და ნერვებისთვის), უჯრედისს და პექტინს (ნაწლავებისთვის). ვაშლის ჩირი შეიცავს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს: A, PP, C, B, B1-ს, ასევე პექტინს. ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შავი ქლიავის ჩირი ბალასტური ნივთიერებებითა და B ჯგუფის ვიტამინების სიმრავლით გამოირჩევა. ის აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, ამაღლებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავს, თირკმელებსა და გულს. ვაშლის ჩირის სასწაულმოქმედი თვისებები: ახდენს კიბოს პრევენციას, ხელს უწყობს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო თითოეული სახეობის უპირატესობაზე, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. ჩირი დიდი ხნის განმავლობაში ინახავს ამ ენერგეტიკულ ღირებულებებს.

- რა დრო სჭირდება ხილს, რომ ჩირად იქცეს?

— ეს ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი და მთავარი მიღწევაა. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე ვახერხებთ ნებისმიერი ხილი ჩირის პროდუქციად სწრაფად ვაქციოთ.

ფეიხოას ჩირი
ფეიხოას ჩირი

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ გვინდა გავზარდოთ ჩვენი წარმოება. როდესაც უკვე მაღაზიაც გაიხსნება, სრული დატვირთვით ამუშავდება ჩვენი კომპანია და გადავალთ აქტიურ რეალიზაციაზე, აუცილებლად გვინდა მივიღოთ მონაწილეობა სახელწიფო პროექტებში, რითიც შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი პროდუქციის წარმოება. ჩვენი დიდი სურვილი და მოტივაციაა, რომ ნედლეული, თვითონ ხილი და ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩირად, ჩვენივე რესურსით მოვიყვანოთ. ქართული ბაზრის მაქსიმალურად ათვისების შემდეგ ჩვენი მომავალი მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტი. 


მთავარი თემები