ქართველის გახსნილი საქორწინო მაღაზია ოსლოში და ნორვეგიული „მარიაჟობის“ თავისებურება

© FB / Ia Kristensenსაქორწინო მაღაზია ოსლოში
საქორწინო მაღაზია ოსლოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ია კრისტენსონ-ჩილაშვილის ცხოვრება შეიძლება განვაზოგადოთ. უცხოეთში წასული სხვა ქართველების მსგავსად მანაც თვითდამკვიდრების გრძელი და რთული გზა გაიარა. შეისწავლა ექვსი უცხო ენა, გაიარა სხვადასხვა პრაქტიკული კურსი, დააგროვა გამოცდილება და დღეს ნორვეგიაში საკუთარი ბიზნესი აქვს – საქორწინო კაბების მაღაზიის მფლობელია.

საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე სასაუბროდ მას ნორვეგიაში დავუკავშირდით.

© FB / Ia Kristensenია კრისტენსონ-ჩილაშვილი
ია კრისტენსონ-ჩილაშვილი - Sputnik საქართველო
ია კრისტენსონ-ჩილაშვილი

– ქალბატონო ია, დავიწყოთ იმით, რომ ექვსი უცხო ენა იცით, რა ენებია და სად შეისწავლეთ?

— უცხო ენების სწავლა-ათვისების ნიჭით ბუნებამ დამაჯილდოვა – მალე ვითვისებ. ვიცი ინგლისური, თურქული, რუსული, დანიური, ნორვეგიული, შვედური და ცოტაც გერმანული ენები. ბავშვობიდან გამბედავი ვიყავი და უცხო ენაზე ლაპარაკი თუნდაც შეცდომით და დამახინჯებით არასდროს მერიდებოდა. დღესაც ასე ვარ. რუსული ენის სწავლა სკოლიდან დავიწყე, თურქულიც მალე ვისწავლე. ნორვეგიაში ინგლისური ვისწავლე. აი, დანიურს და შვედურს რაც შეეხება, მართლა ნიჭი უნდა გქონდეს, რომ ეს ენები აითვისო.

– რამდენადაც ვიცი, ნორვეგიაში სხვადასხვა პროფილის სასწავლო კურსი დაამთავრეთ.

— როცა 2007 წელს აქ ჩემი ქართული დიპლომი დაამტკიცეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – მეგონა, ყველა კარი ღია დამხვდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. სად და რა არ ვცადე, მაგრამ ადგილი ვერსად ვიპოვე. ამავე დროს გავიარე კომპიუტერის 3-თვიანი კურსი, მერე 6-თვიანი საბუღალტრო კურსი, 6-თვიანი ყველანაირი დოკუმენტის შედგენისა და წერის კურსი. მოკლედ, ყველა სერტიფიკატი ავიღე, რაც საჭირო იყო. არაფერმა მიშველა და გადავწყვიტე, რაიმე საკუთარი საქმე დამეწყო, თან ისეთი, რომელიც დიდ თანხებთან არ იქნებოდა დაკავშირებული. აქ უმკაცრესი კანონებია, გადასახადისა და დასაქმების ზედამხედველობის ორგანიზაცია ყველანაირ კერძო მცირე და დიდ კომპანიას აკონტროლებს. ასეთია ევროპული სტანდარტები.

– როგორც ვხედავ, შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ქვეყანაში ბიზნესს ვერ ააწყობდით…

— საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, ზღაპრული ბავშვობა მქონდა, ძალიან მათამამებდნენ. არავის დაუძალებია 21-22 წლის ასაკში ასე იწვალეო. უბრალოდ მე გამოვედი ასეთი – შრომა ყოველთვის მიყვარდა. შვილი 15 წლამდე ჩემებმა გამიზარდეს, სანამ აქ ჩამოვიყვანე. ერთადერთი, ვინც ყოველთვის გვერდით მედგა და მამხნევებდა, ჩემი მშობლები იყვნენ. სამწუხაროდ ჩემს წარმატებებს ისინი ვეღარ მოესწრნენ. მამა 92 წელს გარდამეცვალა 53 წლის ასაკში, ის იყო ჩემი მესაიდუმლე, მამაც და მეგობარიც…

© FB / Ia Kristensenია კრისტენსონ–ჩილაშვილის საქორწინო კაბების მაღაზია
ია კრისტენსონ–ჩილაშვილის საქორწინო კაბების მაღაზია - Sputnik საქართველო
ია კრისტენსონ–ჩილაშვილის საქორწინო კაბების მაღაზია

– ნორვეგიაში საქორწინო კაბების მაღაზიის გახსნის იდეა საიდან გაგიჩნდათ?

— ერთხელ, 2014 წლის აგვისტოში ერთმა ჩემმა ნორვეგიელმა ნაცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ მის ახლობელს ოსლოს ცენტრალურ ქუჩაზე, Carl Johans- ზე საპატარძლო კაბების მაღაზია აქვს, ხანდახან შემცვლელი სჭირდება და თუ გინდა, დაგაკავშირებო. დაახლოებით 8 თვე ვიმუშავე ყოველდღე, შაბათის ჩათვლით. ყოველდღე თითქოს ჩემს თავს ვცდიდი, თუ რისი ნიჭი და უნარი მქონდა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ სფეროში. კომუნიკაბელური ვარ, ინტუიციაც კარგი მაქვს. ღიმილსა და ყურადღებას არავის ვაკლებდი. როცა 99%-ით დავრწმუნდი ჩემ შესაძლებლობებში, გადავწყვიტე, რომ საკუთარი მაღაზია გამეხსნა. ამ საქმეს ერთი წელი მოვანდომე, სამაგიეროდ ჩემი სურვილი ავისრულე. მინდა, რომ ყველას სჯეროდეს: შეუძლებელი არაფერია, მონდომება, შრომა და, ყველაზე მთავარი, პოზიტიური, იმედიანი ფიქრი ცხოვრებაზე – ესაა წარმატების შედეგი ყველგან და ყველაფერში.

– თქვენ ისიც გეცოდინებათ, როგორი საპატარძლოები არიან ნორვეგიელები…

— ნორვეგიელები ტრადიციების მოყვარული ხალხია. როდესაც საპატარძლო კაბის არჩევას ეხება საქმე, ნორვეგიელი გოგონები კლასიკურ სტილს ამჯობინებენ. ამავე დროს უბრალოები და თავაზიანები არიან. ყველაფერის თანხა წინასწარ აქვთ გათვალისწინებული. გახსნილები არიან, შევაჭრება არ იციან, მთავარია, მათი ოცნების საქორწილო კაბა იპოვონ. კაბის ასარჩევად უმეტესად მეგობრებთან, მეჯვარეებსა და დედებთან ერთად დადიან.

– კაბები საიდან შემოგაქვთ?

— საპატარძლო კაბები შემომაქვს ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან. ივლისის ბოლოს შვეციაში, ევროპის გამოფენა-გაყიდვის ფორუმზე ვიყავი.

– სიტყვამ მოიტანა და ნორვეგიულ ქორწილში თუ ყოფილხართ?

— დიახ, რა თქმა უნდა. ზოგი რესტორანში იხდის, ზოგი სპეციალურ დარბაზში, ვის როგორ მოუხერხდება. რაც შეეხება სუფრას, აქ ისე გაგიჟება არ იციან, როგორც საქართველოში, თუმცა ვახშამი ყველგან ერთნაირადაა – პირველი, მეორე და დესერტი, ბოლოს კი ტორტის გაჭრა. სასმელი შეკვეთაში შედის, ანუ ფასების გამო შეზღუდულია. ცეკვა და გართობა, რა თქმა უნდა, აქაც იციან. ერთი თავისებურებაც აქვს ნორვეგიულ ქორწილს, რაც ყველაზე მეტად მომწონს. მეორე დღეს (არც შემდეგ) არავინ განიხილავს, ვის რა ეცვა, ვინ რამდენი დალია, ვინ როგორ იქცეოდა და ასე შემდეგ. პირიქით, ერთმანეთს ურეკავენ და სასიამოვნო საღამოსთვის მადლობას უხდიან. ძალიან უკომპლექსო და თავისუფალი ხალხია…

– 29 წლის ვაჟი გყავთ, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და პირველივე წელს ოსლოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

— 15 წლის იყო, აქ რომ ჩამოვიყვანე. საქართველოში კარგად სწავლობდა. მისი ბიძა, ჩემი ძმა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო მის მიმართ, ბებია კი – ოლღა ბებიას მსგავსი, შვილიშვილს ცივ ნიავს არ აკარებდა. საქართველოდან კარგი საფუძველი ჰქონდა მიშიკოს და ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ აქ ენა 3-4 თვეში აითვისა. 2002 წლის სექტემბერში ჩამოვიყვანე და 2003-ში უკვე საშუალო სკოლაში გადავიდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ნორვეგიაში სკოლის ატესტატის ქულების მიხედვით განისაზღვრება, სად შეგიძლია სწავლის გაგრძელება. მეცხრე ცაზე იყო სიხარულით, როდესაც არჩეული ოთხივე ფაკულტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, რატომღაც ფილოსოფია აირჩია. ამჟამად კი ისევ ოსლოს უნივერსიტეტში, ოღონდ ამჯერად ეკონომიკის ფაკულტეტზე „საერთაშორისო ეკონომიკა და ხელმძღვანელობის“ სპეციალობაზეა.

– მომავლისთვის ბევრი ბიზნეს-იდეა გაქვთ, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში აპირებთ…

— ჩემი აზრით, ქართველები ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, მით უმეტეს სამშობლოს სიყვარულში. საქართველოში დაბრუნება ყველა ქართველის ოცნებაა. ჩემი დღევანდელი აქაური ცხოვრების მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო გამიღრმავდა იმის სურვილი, რომ რაც აქ ვისწავლე (და ახლაც ვსწავლობ), რა გამოცდილებაც მივიღე ბიზნესის, მომსახურების სფეროში, ჩემს სამშობლოს მოვახმარო. მომავლისთვის ბევრი იდეა მაქვს. მათ შორის ქველმოქმედება საქართველოში, კერძოდ, მინდა რომელიმე ბავშვთა სახლს დავეხმარო.

© FB / Ia Kristensenია კრისტენსონ-ჩილაშვილი
ია კრისტენსონ-ჩილაშვილი - Sputnik საქართველო
ია კრისტენსონ-ჩილაშვილი

– მომსახურების სფერო ახსენეთ, ქართველები ამაში აშკარად მოვიკოჭლებთ…

— ჩემთვის მომსახურების სფერო აეროპორტიდან იწყება. საქართველოში გამართული სერვისით ვერ დავიკვეხნით. თითოეულმა ქართველმა უნდა აშენოს თავისი წილი საქართველო, მარტო სახელმწიფოსგან ნუ ვითხოვთ ქვეყნის შენებას. ყოველი ჩვენგანი თუ კეთილსინდისიერად გააკეთებს თავის საქმეს, რაშიც ხელფასს უხდიან, ბევრად წავალთ წინ… მინდა თანხა საქართველოში დავაბანდო, ხალხი დავასაქმო, ჩემიანი იქნება ის თუ სხვა, არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ეს საქართველოში იქნება. ვიცი, ბევრი გაიფიქრებს, სამშობლო კი არა და, საკუთარი გამდიდრებისთვის ფიქრობსო. ზოგადად ეგრეა, მაგრამ თუ ბიზნესი მომგებიანი არ იქნება, ვერავის დაასაქმებ.

– ქალბატონო ია, რადგან ამდენი უცხო ენა იცით, კომუნიკაციის პრობლემა არ გექნებათ, არა?

— ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. ამ ხნის მანძილზე იმაში დავრწმუნდი, რომ ადამიანები ერთმანეთისგან მხოლოდ რელიგიით და ეროვნებით განსხვავდებიან. დანარჩენი, პიროვნული თვისებები ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ცუდი და კარგი ყველგანაა. როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, აქაური ქართველები გვერდში დამიდგნენ, საელჩოდანაც მობრძანდნენ და დამაფასეს, რამაც დანიელების და ნორვეგიელების გაკვირვება გამოიწვია — ეს რა კარგი ხალხი ხართ, როგორი მხარდაჭერა გცოდნიათო. მეუღლის დაკარგვის მერე მარტო დავრჩი და უცხო ქვეყანაში ჩემი მონდომებით, შრომით, მომავლის იმედით ვცდილობ და ვიბრძვი. არასოდეს არ არის გვიან იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალო. წარსულზე ტირილის ნაცვლად უნდა გაუღიმო მომავალს და შედეგიც არ დააყოვნებს. მე მჯერა ჩემი თავის და იმის, რომ ერთი წლის მერე ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება…

ყველა ახალი ამბავი
0