რამდენიც თავი მახსოვს, სულ ველოდები კარლსონს...

კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს
კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს შესანიშნავი ორშაბათია, რადგან ჩვენ აივანზე ამობრძანებას აპირებს საოცარი მეზღაპრე, ყველა მეზღაპრის მეფე — ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის პრემიის ლაურეატი (რაც საბავშვო ლიტერატურაში ნობელის პრემიის ტოლფასია), დიდი კაცის, იანუშ კორჩაკის სახელობის პრემიის მფლობელი, გრძელწინდიანი პეპის და პროპელერიანი კარლსონის დედა ასტრიდ ლინდგრენი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1907 წლის 14 ნოემბერს შვედეთის პატარა და მყუდრო ქალაქ ვიმერბიუში.

ხშირად მიფიქრია, საიდან მოუვიდა ამ ბუხარივით თბილ ქალბატონს აზრად ის, რომ სადღაც, შორეულ სახურავზე ცხოვრობს სიმპათიური, მომხიბვლელი კარლსონი, რომელსაც უყვარს მურაბა და რომელსაც ელოდება ყველა ბავშვი ერთად და სათითაოდ…

ჰოდა, იცით, საიდან? თურმე, მისმა მამიკომ სამუელმა და დედიკო ჰანამ ერთმანეთი გაიცნეს ბაზრობაზე. მაშინ სამუელი 13 წლისა იყო, ჰანა კი სულ 7 წლის, და ამის შემდეგ ისინი სულ ერთად იყვნენ, მთელი ცხოვრება, და პატარა ასტრიდი გაიზარდა სახლში, სადაც ყველას ყველა უყვარდა და, ეტყობა, ეს სიყვარული სხვა სახლების სახურავებსაც გადაწვდა…

© Diletantასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენი - Sputnik საქართველო
ასტრიდ ლინდგრენი

თავად ასტრიდს პირველ სიყვარულში არ გაუმართლა. ის 18 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მომავალი შვილის მამას აზრადაც არ ჰქონდა, ის ცოლად შეერთო, მაინც გააჩინა შვილი. მას არასდროს არავისთვის არ გაუმხელია მისი შვილის მამის ვინაობა და არასდროს არ გაუკიცხავს ის. 

შემდეგ ის ცოლად გაჰყვა სტურე ლინდგრენს, რომელმაც იშვილა მისი შვილი ლარსი. ამ ქორწინებაში გაჩნდა მათი ქალიშვილი კარინი. ლინდგრენის ვაჟი ლარსი შემდეგ იხსენებდა, რომ მისი დედა, სხვა დედებისგან განსხვავებით, არასდროს იჯდა წყნარად სოლიდური მშობლებისთვის განკუთვნილ სკამზე. ის ყოველთვის დარბოდა ბავშვებთან ერთად, დაძვრებოდა ხეებზე და ტოტებზე ჩამოკიდებასაც არ თაკილობდა…

პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
ბებია მყავდა „პოვარი...“

როდესაც ასტრიდის ქალიშვილი ფილტვების ანთებით გახდა ავად და წამლები აღარ შველოდა, დედამ მას გამოუგონა ხულიგანი წითური და ჭორფლიანი გოგო — გრძელწინდიანი პეპი. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ მის ნამდვილ სახელს — პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა კრისმინტა ეფრაიმსდოტერი… და მოხდა სასწაული — კარინს მადაც მოუვიდა, სიცხემაც დაუწია და გამოჯანმრთელდა კიდევაც… 

საინტერესოა, რომ შვედეთის ყველა გამომცემლობამ თავიდან უარი განაცხადა პეპიზე მოთხრობის გამოქვეყნებაზე, რადგან ის ძალიან ანტიპედაგოგიურად მიიჩნიეს. აბა რა იქნებოდა – პეპი ცხოვრობდა მარტო უზარმაზარ სახლში და აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. საბედნიეროდ, გამომცემლებმა აზრი მალევე შეიცვალეს და პეპი გახდა ჩვენ გულებში შემობრძანებული ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი.

სამი ტენორი - Sputnik საქართველო
სამი კაცი... სამი გული და... ერთი დიდი ნეაპოლური მზე...

არადა, როგორ გვშურდა ყველას მეზღვაურმამიანი პეპის, რომელიც როცა უნდოდა სტუმრად პატიჟებდა თავის მეზობელ და-ძმა ტომის და ანიკას და არავინ არ ამოწმებდა, რას თამაშობდნენ და როდემდე.

მერე პეპის დაემატა სასაცილო და შეუდარებელი, ჩაპუტკუნებული, რაღაც შორეული ან მთლად მეზობლურად მიბჯენილი სახურავიდან ლამაზად გადმოფრენილი, ხუმარა, ზოგჯერ გაბრაზუნებული და ცოტა მობუზღუნე კარლსონი.

ახლა რომ გითხრათ, კარლსონს პირადად ვიცნობდი–მეთქი, დამიჯერებთ? სავარაუდოდ, არა. მე კი მართლა ვიცნობდი ერთ უთბილეს კარლსონს — სპარტაკ მიშულინს, რომელიც კარლსონის როლს ასრულებდა მოსკოვის სატირის თეატრში და პირადად შეგვხვდა მე და იმ დროს ჯერ კიდევ სულ პატარა ჩემს ნინკას კულისებში, როდესაც სპექტაკლზე მივიყვანე. ნინკას ჩაეხუტა და გრიმით ამოთითხნა კიდევაც…

ასტრიდ ლინდგრენს დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბებიას ეძახიან, რადგან სწორედ მისი ზღაპრები გვილამაზებდა ბავშვობას. მან, სხვათა შორის, 7 შვილიშვილი გაზარდა, ცაში ერთ პლანეტას მისი სახელი დაარქვეს, შვედეთში 20-კრონიან ბანკნოტზე კი მისი სახეა გამოსახული…

მე კიდევ დღემდე, ყოველი მოსაღამოებისას გავდივარ აივანზე და ველოდები კარლსონს, და ვიცი, რომ ის აუცილებლად მოფრინდება…

ხომ გახსოვთ, კარლსონი ყოველთვის დაფრინავს ოდნავი „სვეტსკი“ რწევით, თანაც ისეთი მნიშვნელოვანი და ღირსეული გამომეტყველებით, თითქოს ის დირექტორი იყოს… 

თუ, რა თქმა უნდა, პროპელერიანი დირექტორები არსებობენ…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და  პროპელერიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0