„აი ია“ სულ ოდნავი უკრაინული აქცენტით...

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ აივანზე ამოსულებს აბსოლუტურად არასეზონურად, ალოგიკურად, ბუნების ყველა კანონის დარღვევით, თითქმის გადახლეჩილი ბროწეულებისა და ჩემი შვილიშვილისგან მტევნებდაცარიელებული და კმაყოფილი ადესის გვერდით აყვავებული იები დაგხვდებათ. რადგან დღეს ყველამ, ვინც მობრძანდებით, აუცილებლად უნდა გაიკვირვოთ და ბავშვივით გახარებულებმა წარმოთქვათ: „აი, ია!“ თანაც, იებისკენ ის თითი უნდა გაიშვიროთ, რომელიც „აი თითია“.

რასაკვირველია, მიხვდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ დიდ ქართველს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკისა და ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1840 წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ვარიანში.

ავთო ვარაზი ფიროსმანის როლში - Sputnik საქართველო
ავთო ვარაზი – ფიროსმანზე უფრო ფიროსმანი...

რაც არ უნდა მოგიყვეთ დღეს მისი ღვაწლის შესახებ, მთავარი მაინც ის რჩება, რომ 1876 წლიდან მოყოლებული ყველა ქართველი და არაქართველი ქართული ენის შესწავლის დაწყების წინ სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ გადაშლიდა ხოლმე, რომლის პირველ გვერდზეც დახვდებოდა ია თავისი წინდართული ლამაზი „აი“-თი და ჩვენ ცხოვრებაში სულ ორი ასოთი შექმნილი პირველი ორი წინადადება: „აი ია“ და „ია აი“.

ესეც ხომ მხოლოდ ძალიან ნიჭიერ და სხვანაირად მოაზროვნე კაცს შეეძლო მოეფიქრებინა: ანბანის სრულიად ბუნებრივი დაწყება „ა“ ასოთი, მაგრამ სწორედ ფაქიზი და გაზაფხულიანი იით და არა, მაგალითად „ალით“, გრძელი „ალუბლით“ ან „აქლემით“, რომელსაც ბავშვი უცებ ვერ მოერეოდა.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემს პირველ „აი ია“-ს სულ ოდნავ დაკრავდა უკრაინული აქცენტი, რადგან ჩემმა დედიკომ — კიევიდან ჩამოსულმა უკრაინელმა გალინა ნესტერენკომ კატეგორიულად უარყო ჩვენი ნათესავების წინადადება, ცოტა ხნით მაინც შევეყვანე რუსულ სკოლაში, და გამოაცხადა, რომ ჩემთან ერთად შეისწავლიდა ქართულ ენას!

ლელა ანჯაფარიძე - ჩემი აივანი - Sputnik საქართველო
ნამცეცობა თბილისურ აივანზე...

ჰოდა, ვსწავლობდით ასე ერთად… და დედიკო პატარა ბავშვივით ჩემთან ერთად იზეპირებდა „დედა ენის“ ტექსტებს, რომელიც ბოლომდე ახსოვდა. ამიტომაც ჩემ ცხოვრებაში იაკობ გოგებაშვილს დამატებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია.

დედაჩემის მაგალითი, რომელმაც მშვენივრად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა ყოველგვარი დამატებითი მასწავლებლების გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „დედა ენა“ სრულიად უნიკალური წიგნი და მოვლენაა, ისევე, როგორც საქართველო, რომელმაც დედა გულის სიღრმემდე საკუთარ შვილად მიიღო.

ერთი რამ მინდა ძალიან გთხოვოთ – არ დაიზაროთ და თქვენს პატარებს აუცილებლად წაუკითხეთ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები. ისინი უმარტივესი ენით არის დაწერილი, იმდენ სითბოს და თავზე მოუხვეველ სიბრძნეს შეიცავენ… ზოგი სულ პაწაწინაა, მაგრამ იმდენის მთქმელი…

ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მზით სახედამწვარო ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!
 

მე დედა ამ მოთხრობებს სულ მიკითხავდა და ბავშვობიდან მახსოვს ამბავი პატარა ბიჭზე, რომელსაც სხვა კლასელებისგან განსხვავებით არ ჰქონდა ნაყინის ფული და ხის უკან იმალებოდა. მეორე პატარა ბიჭმა კი თავისი ფულით უყიდა ნაყინი და მიუტანა.

ან კიდევ ლამაზი და ამაყი ყვავილის ისტორია, რომელმაც გააგდო ნაკადული, ზედმეტი სიყვარულით შემთხვევით „კაბა“ რომ დაუსველა და მერე უმისოდ წყურვილით რომ იტანჯებოდა… 

ან ორმა პატარა დამ დიდ ბებიას რომ მოსთხოვა გაემხილა მათთვის, რომელი მათგანი უფრო უყვარდა და არ დაკმაყოფილდნენ პასუხით — „ორივეო“. მაშინ ბებიამ ურჩია მათ, თვალებში ჩამხედეთ და დაინახავთო, რის შემდეგაც ორივე ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან დიდი ბებიის თვალებში ორივემ საკუთარი თავი დაინახა.

ჩემთვის ეს არის ძალიან მარტივი ენით დაწერილი, მაგრამ საოცრად ღრმა ფილოსოფია.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ დიდმა პლუტარქემ ბრძანა:

„ყველაზე დიდი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ფილოსოფოსობ, ეს არ უნდა გეტყობოდეს და მიზანს უნდა აღწევდე ზოგჯერ უბრალო სიიტყვებით და ხუმრობითაც კი“.

ახლა გამახსენდა, დედამ და მე ერთად რომ წავიკითხეთ „იავნანამ რა ჰქმნა“, დედა ცოტა დაიბნა, რადგან იავნანას მაინც ყოველთვის უკრაინულად მიმღეროდა. მამამ კი ხუმრობით „დააწყნარა“ — არა უშავს, ბავშვს თუ მოგვტაცებენ, როდესაც დავიბრუნებთ, „იავნანას“ მე ვუმღერ ან შენს ნამღერს გადავუთარგმნიო…

სხვათა შორის, მეც ჩემს შვილს ზოგჯერ დედაჩემის უკრაინულ იავნანას ვუმღეროდი, მეხსიერებით, თუმცა ზოგიერთი სიტყვების მნიშვნელობა დღემდე არ ვიცი…

რადგან ასე ვთვლი, რომ ადამიანმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დახვეწილად უნდა იცოდეს მშობლიური ენა, მაგრამ ყველა სხვა ენასაც პატივი უნდა სცეს, რადგან მსოფლიოს ყველა ენას აერთიანებს ერთი რამ — ყველა მათგანში არსებობს საოცარი სიტყვები: სამშობლო, სილამაზე, სიკეთე და, რაც მთავარია, სიყვარული…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0