ჩარლი ჩაპლინის პატარა ძმაკაცი ჯეკი კუგანი და „გოჭური“ ლათინური

© photobucket.com"ბიჭუნა"
ბიჭუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს განსაკუთრებით გთხოვთ — გაიღიმეთ და განეწყვეთ პოზიტიურად, რადგან, ხომ გახსოვთ: „როდესაც არის ჩაპლინი, გულში მაისობს აპრილი“! 

ნუ, სულ მთლად ჩაპლინი თუ არ არის და, მისი პატარა კოლეგაა, მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი ბავშვი-კინოვარსკვლავი.

მოდით, ერთად გვიხსენოთ 1921 წელს გადაღებული საოცარი კადრები, როდესაც დიდი ჩარლი პირველად შეხვდა თავის ყველაზე პატარა და, როგორც მერე აღმოჩნდა, ყველაზე საყვარელ პარტნიორს გადასაღებ მოედანზე, 7 წლის ჯეკი კუგანს.

დღეს ჩვენი აივანი მასპინძლობს სწორედ ჯეკი კუგანს, ჰოლივუდის ისტორიაში პირველ კინოვარსკვლავ-ბავშვს, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1914 წლის 26 ოქტომბერს და რომელსაც ჩარლი ჩაპლინი პირველივე შეხვედრიდან, ბავშვური გულუბრყვილობით მოეწონა და დაამახსოვრდა მხოლოდ ჩარლის ულვაშები, რომლებიც, მისი თქმით, „ხან ქრებოდნენ და ხან ჩნდებოდნენ“…

© kino-kingdom.comჩარლი ჩაპლინი და ჯეკი კუგანი ფილმში "ბიჭუნა"
ჩარლი ჩაპლინი და ჯეკი კუგანი ფილმში ბიჭუნა - Sputnik საქართველო
ჩარლი ჩაპლინი და ჯეკი კუგანი ფილმში "ბიჭუნა"
ჩარლი ჩაპლინის მონათხრობით კი, ცეკვა „შიმის“ შემსრულებელი 4 წლის ჯეკი, რომელიც მამასთან ერთად გამოდიოდა, მან პირველად სან-ფრანცისკოს დარბაზ „ორფეუმში“ იხილა და ამ პატარამ ჩარლის საკუთარი ბავშვობა გაახსენა. ფილმ „ბიჭუნას“ გადაღების დროს ჩარლი ჯეკის სერიოზული პარტნიორივით ექცეოდა და ხშირად სტუმრობდა მის მშობლებს იმისთვის, რათა რჩევები მიეცა ჯეკის მომავალი კარიერის გასაგრძელებლად.

საოცარია, მაგრამ პატარა ჯეკი 1920-იანი წლებისთვის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ძვირადღირებული და ცნობილი კინომსახიობი გახლდათ. მისი წარმატების პიკი კი 1923 წელს დადგა, როდესაც 9 წლის ჯეკის მშობლებმა ხელი მოაწერეს 1,5-მილიონდოლარიან კონტრაქტს კინოსტუდია Metro Pictures-თან. გარდა ამისა, ჯეკი გახდა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კინობრენდი. Jackie Coogan-ის სახელს და სახეს იყენებდნენ სხვადასხვა საქონლის — პროდუქტების, ტანსაცმლის, სათამაშოების, სიგარეტების, თმის ვარცხნილობის რეკლამირებისთვის.

1927 წელს, როდესაც ჯეკიმ თმის შეჭრა გადაწყვიტა, საჭირო გახდა მასთან დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლაც კი და მხოლოდ იმისთვის, რომ მის თაყვანისმცემლებს იმედგაცრუება არ გასჩენოდათ, ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღეს სახელწოდებით — „ჯეკიმ თმა შეიჭრა“.

© kino-kingdom.comკადრი ფილმიდან "ბიჭუნა"
კადრი ფილმიდან ბიჭუნა - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ბიჭუნა"

სამწუხაროდ, ყველა ვუნდერკინდის ბედი თითქმის ერთნაირია. 1930-იანი წლების დასაწყისში ინტერესი ჯეკისადმი საგრძნობლად შენელდა, თუმცა მის მიერ დამსახურებულად მიღებულმა თანხებმა სადღაც 4 მილიონ დოლარს მიაღწია და ჯეკი გამოცხადდა კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერად.

იმის გამო, რომ აღნიშნულ თანხაზე უფლებები ჯეკის მშობლებს ეკუთვნოდათ, მათ, სამწუხაროდ, რეალურად ვერ შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები, თან ამერიკაში დიდი დეპრესიაც დაიწყო და… უკვე სრულწლოვანი ჯეკი ფაქტიურად სახსრების გარეშე დარჩა.

მან მშობლებს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ მათ უარი განუცხადეს და ჯეკიმ სასამართლოს მიმართა. აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მას არ ჰქონდა არავითარი უფლებები მის მიერ ბავშვობაში მიღებულ თანხაზე. სწორედ აღნიშნული სიტუაცია გახდა იმის მიზეზი, რომ კალიფორნიის შტატში გადახედეს ბავშვის მიერ კინოსა და სხვა სფეროებში გაწეული შრომის ექსპლუატაციის საკითხს და 1939 წელს მიიღეს ახალი კანონი, რომელსაც ჯეკის პატივსაცემად „კუგანის კანონი“ დაერქვა. აღნიშნული კანონი ბავშვის მიერ მიღებული ფინანსური სახსრების შენახვას და დაცვას ითვალისწინებს. ეს კანონი დღემდე კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონად ითვლება.

© factfiend.comპატარა კინოვარსკვლავი მშობლებთან ერთად
პატარა კინოვარსკვლავი მშობლებთან ერთად - Sputnik საქართველო
პატარა კინოვარსკვლავი მშობლებთან ერთად

1941 წელს ჯეკი კუგანი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. 1944 წელს ბირმაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს ის იყო პლანერის პირველი პილოტი, რომელმაც მოკავშირეთა ჯარები მოწინააღმდეგეთა პოზიციის ზურგში გადაისროლა.

ახლა კი რასაც მოგიყვებით, ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. ჯეკი კუგანი დიდ კინოში კიდევ ერთხელ დაბრუნდა და თანაც ძალიან წარმატებულად: 1964 წელს მან შეასრულა ბიძია ფესტერის როლი ცნობილ ტელესერიალში „ადამსების ოჯახი“. საინტერესოა, რომ მისი სახე, გრიმი, გადაპარსული თავი, უცნაური ჩაცმულობა და მანერები მან თავად გამოიგონა.

ერთხელ მას ჰკითხეს, ასეთ როლამდე როგორ დახვედიო, მან კი სევდიანად უპასუხა — „უბრალოდ, ფული მჭირდებოდა“…

© factfiend.comჯეკი კუგანი ბიძია ფესტერის როლში ცნობილ ტელესერიალში „ადამსების ოჯახი“
ჯეკი კუგანი ბიძია ფესტერის როლში ცნობილ ტელესერიალში „ადამსების ოჯახი“  - Sputnik საქართველო
ჯეკი კუგანი ბიძია ფესტერის როლში ცნობილ ტელესერიალში „ადამსების ოჯახი“

არ მჯერა და მომკალით!.. რა თქმა უნდა, ჩარლი ჩაპლინის პარტნიორის, მომხიბვლელი და ცოცხალი პატარა ბიჭუნას ამოცნობა უზარმაზარ, თავგადაპარსულ, უცნაურ და უარყოფით პერსონაჟ ფესტერში შეუძლებელია, მაგრამ… მე გუშინდელ დღემდე სულ არ ვიცოდი, ვინ იყო ფესტერის როლის შემსრულებელი და ის მაინც დამამახსოვრდა.

ეტყობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩარლი ჩაპლინი რომ შეგამჩნევს, ყურადღებას მოგაქცევს და ერთ-ორ პანღურსაც კი ამოგარტყამს (რა თქმა უნდა, სცენარის მიხედვით), ეს უკვე რაღაცის მომასწავებელია.

ახლა კი ძალიან საინტერესო რამ უნდა გიამბოთ: თურმე, ჯეკი კუგანი 2 წლიდან ფლობდა ე.წ. „გოჭურ ლათინურ“ ენას (Pig Latin), და, იცით, რა არის ეს საოცარი ენა? ეს ენა საერთაშორისოა და გულისხმობს იმას, რომ შენი საკუთარი ენის ყოველი ხმოვანით დასრულებული მარცვლის შემდეგ უნდა ჩასვა რაიმე თანხმოვანი და ის ხმოვანი, რომელზეც ეს მარცვალი სრულდება.

სასწაულია, მაგრამ მეც დაახლოებით ამავე ასაკიდან ვფლობ ამ ენას, თავის დროზე ბებიამ მასწავლა.

ანუ, ყველა მარცვლის შემდეგ სვამთ „ფ“-ს და ამ მარცვლის ხმოვან დაბოლოებას. მაგალითად, ამ ენით მე ვარ: ლე-ფე-ლა-ფა ა-ფა-ნჯა-ფა-რი-ფი-ძე-ფე!

ასე რომ,

გისურვებთ ლა-ფა-მა-ფაზ და-ფა წა-ფა-რმა-ფა-ტე-ფე-ბუ-ფულ დღე-ფეს!

სანამ ამ ენას შეეჩვევით, „გითარგმნით“. ეს ნიშნავს, რომ:

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0