ძლიერი ქალები, რომლებმაც ისტორია შექმნეს

CC BY 2.0 / jimmy brown / Lady in Waitingქალი და სამყარო
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტკიცე ხასიათი, ძლიერი სული, ნებისმიერ სიძნელესთან გამკლავების უნარი, როგორც წესი, მამაკაცების მახასიათებლებად მიიჩნევა. მაგრამ ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდნენ ქალები, რომლებიც არა მხოლოდ თანამედროვეებს აოცებდნენ სიმამაცითა და თამამი გადაწყვეტილებებით, არამედ დღესაც იწვევენ განცვიფრებასა და აღფრთოვანებას.

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ — სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში დაბადებულ და განსხვავებულ ქალბატონებზე, რომლებსაც ერთი რამ აქვთ საერთო: ასეთებს უნდა ვიცნობდეთ.

ხუანა ინეს დე ლა კრუსი

© FL/ Eugenio Hansen, OFSხუანა ინეს დე ლა კრუსის ლექსების კრებული
ხუანა ინეს დე ლა კრუსის ლექსების კრებული - Sputnik საქართველო
ხუანა ინეს დე ლა კრუსის ლექსების კრებული

მექსიკელი ხუანა ინეს დე ლა კრუსი (1651–1695) ბავშვობიდან გამოირჩეოდა უჩვეულო მონაცემებით. სამი წლისა იყო, როცა კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა, ექვსი წლისა უკვე წერდა, ქარგავდა და კერავდა, რაც იმ დროისთვის ყმაწვილი ქალის სრულ განათლებად მიიჩნეოდა; რვა წლისამ ლექსების წერა დაიწყო და იმავე პერიოდში სრულად გადაიკითხა ბაბუის ბიბლიოთეკა — ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო და სამედიცინო ნაშრომების ჩათვლით.

15 წლისა იყო, როდესაც სამეფო კარზე წარადგინეს და მალე დედოფლის პირველი ფრეილინა გახდა. ამის შემდეგ მისი ნიჭისა და შემოქმედების შესახებ მთელმა მაღალმა საზოგადოებამ შეიტყო.

ხუანა ულამაზესი გოგონა დადგა და თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევდნენ. მაგრამ ყმაწვილმა ქალმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა. მონასტერი ერთადერთი ადგილია, სადაც ქალი მშვიდად შეძლებს სამეცნიერო მუშაობასო, ასე ახსნა საკუთარი ნაბიჯი.

ხუანა ინეს დე ლა კრუსი ისტორიაში შევიდა როგორც ურჩი, დაუმორჩილებელი და თვითმყოფადი პოეტი ქალი, რომლის ნაწარმოებებიც დღემდე გამოიცემა.

პატრია, მინერვა და მარია-ტერეზა მირაბალები

© FB/Minou Tavárez Mirabalპატრია, მინერვა და მარია-ტერეზა მირაბალები
პატრია, მინერვა და მარია-ტერეზა მირაბალები - Sputnik საქართველო
პატრია, მინერვა და მარია-ტერეზა მირაბალები

დომინიკას რესპუბლიკის პოლიტიკური აქტივისტი დები პატრია, მინერვა და მარია-ტერეზა, ხალხში „პეპელა მირაბალებად“ წოდებულნი, მეუღლეებთან ერთად ებრძოდნენ პრეზიდენტ რაფაელო ტრუხილიოს დიქტატურას. ამის გამო არაერთხელ გამოამწყვდიეს საპატიმროში, მაგრამ მამაცი ქალები ბრძოლას არ წყვეტდნენ.

1960 წლის 25 ნოემბერს დები პრეზიდენტ ტრუხილიოს საიდუმლო პოლიციის ჩასაფრებულმა თანამშრომლებმა მხეცურად მოკლეს — ხელჯოხებით ჩაქოლეს და ხრამში გადაყარეს. დების გვამები შემთხვევით იპოვეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

მამაცი ქალების მკვლელობამ შეძრა და აღაშფოთა დომინიკას რესპუბლიკის მოქალაქეები, რასაც ტრუხილიოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ მეტად გაძლიერება მოჰყვა. რამდენიმე თვის შემდეგ ხალხმა დიქტატორი ალყაში მოამწყვდია და სიცოცხლეს გამოასალმა, ხოლო გმირი დების ხსოვნა სამარადისოდ შემოინახა მათზე დაწერილი წიგნებით, სიმღერებითა და ლექსებით.

გარდა ამისა, ობელისკზე, რომელიც ოდესღაც დიქტატორმა ტრუხილიომ საკუთარი სახელის სადიდებლად აღამართინა, სამი გმირი დის გამოსახულებიანი მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელსაც ზედ წააწერეს სიტყვები Un Canto a la Libertad („სიმღერა თავისუფლებას“).

ხოლო გაერომ 25 ნოემბერი (მირაბელების დახოცვის დღე) ქალების მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ნენსი უეიკი

© FB/Wikipediaნენსი უეიკი
ნენსი უეიკი  - Sputnik საქართველო
ნენსი უეიკი

გესტაპომ 5 მილიონი ფრანკი აღუთქვა მას, ვინც „თეთრ თაგუნად“ წოდებულ ფრანგ მებრძოლ ქალს ნენსი უეიკს შეაპყრობინებდა. მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, გერმანელმა ფაშისტებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ხელში ჩაგდება.

ნენსი უეიკი ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის აგენტი იყო და მთელი ომის განმავლობაში, როგორც იტყვიან, დანის პირზე დადიოდა. ეს მამაცი ქალი საბრძოლო მოქმედებებშიც იღებდა მონაწილეობას და ხელჩართულ ბრძოლებშიც. ერთხელ გერმანულ გარნიზონზე წინააღმდეგობის მოძრაობის – მაკების მებრძოლების თავდასხმისას გუშაგიც კი გაანეიტრალა შიშველი ხელებით, რათა განგაში არ აეტეხა და ოპერაცია არ ჩაეშალა.

ომის დამთავრების შემდეგ ნენსი უეიკი ბრიტანეთმა გიორგის მედლით, შეერთებულმა შტატებმა – თავისუფლების მედლით, საფრანგეთმა – ფრანგული წინააღმდეგობის მედლითა და სამხედრო ჯვრის (სამგზის) მედლებით დააჯილდოვეს. მას ასევე გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფოების უამრავი ჯილდო იმ შეუფასებელი ღვაწლისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გასწია ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნენსი უეიკი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დაზვერვაში. რამდენჯერმე პოლიტიკაში ჩართვაც სცადა, მაგრამ წარუმატებლად. გარდაიცვალა 2011 წელს, 98 წლისა.

ლილიან ბლენდი

© FB/BBCლილიან ბლენდი
ლილიან ბლენდი  - Sputnik საქართველო
ლილიან ბლენდი

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა კაცმა ლილიან ბლენდის თანდასწრებით უხეშად წამოისროლა, ქალი და ტექნიკა ორი სრულიად შეუთავსებელი რამააო. გაბედულმა ჟურნალისტმა ქალმა ყმაწვილის გამოწვევა მიიღო და 1910 წელს, პირველმა ქალმა ირლანდიის ისტორიაში, საკუთარი აეროპლანი ააგო. მერე ვისკის ბოთლი და მოხუცი დეიდის ყურსასმენი აპარატი მოიმარჯვა და თავისი საფრენი აპარატით 27 მეტრი გაიფრინა, რაც იმ დროისთვის შთამბეჭდავი შედეგი იყო. 

ლილიანი არ იყო სხვა ქალებივით ნაზი და სუსტი. ის ბევრს ეწეოდა, იცვამდა შარვლებს, უყვარდა საბრძოლო ხელოვნება და კაცივით მართავდა ავტომობილს. მან ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება განვლო და სიკვდილის დღემდე არ შეშვებია აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლს. გარდაიცვალა 93 წლისა.

ტომოე გოძენი

© FB/wikipediaტომოე გოძენი
ტომოე გოძენი  - Sputnik საქართველო
ტომოე გოძენი

იაპონელი სამურაი ქალი. შუა საუკუნეების იაპონიის სამოქალაქო ომში, რომელიც ისტორიაში „ტაირასა და მინამოტოს ომის“ სახელითაა შესული, ტომოე უფროსი ოფიცრის ჩინით მონაწილეობდა.

არ ეშინოდა არც დემონებისა და არც ღმერთების. მამაცად დაჰქროდა ყველაზე ფიცხი ცხენით, გაბედულად ეშვებოდა უფსკრულებში. ხოლო ომისას მძიმე აბჯარს ისხამდა, ხმალს შემოირტყამდა, მძლავრ მშვილდ-ისარს იღებდა და პირველი იჭრებოდა ბრძოლის ველზე, როგორც ეს უმამაცეს და უბრწყინვალეს მებრძოლს შეეფერებოდა.
მისი სახელი ქუხდა და ზანზარებდა მთელ ქვეყანაში და ვერავინ ედრებოდა მას მამაცობასა და გმირობაში.

სწორედ ტომოე გოძენია უამრავი თანამედროვე იაპონური ანიმე-ფილმების მებრძოლი ქალების პროტოტიპი, რომლებიც ესოდენ აღაფრთოვანებს და ბრძოლის ჟინით აღავსებს უამრავ ახალგაზრდას მსოფლიოში.

ჰედი ლამარი

© FL/ Reznor Hawkthroneჰედი ლამარი
ჰედი ლამარი  - Sputnik საქართველო
ჰედი ლამარი

მჩქეფარე ტემპერამენტისა და მტკიცე ხასიათის ავსტრიელი ქალბატონი ჰედვიგ ევა მარია კისლერი, რომელსაც ისტორია ჰედი ლამარის სახელით იცნობს, სულ რაღაც 16 წლისა იყო, როდესაც შინიდან წავიდა და კინოში გადაღებები დაიწყო. მალე ავსტრიელ მილიონერს მისთხოვდა, მაგრამ ცოლის როლის მორგება ოთხ წელზე მეტხანს ვერ შეძლო — ქმარს ჰოლივუდში გაექცა.

ჰედი ლამარი სამსახიობო ნიჭის გარდა სხვა ტალანტითაც იყო დაჯილდოებული. მეცნიერული გონება ჰქონდა და სწორედ ამის წყალობით დააპატენტა პირველი უსაფრთხო რადიოგადაცემის ტექნოლოგია. ეს გამოგონება თავის დროზე შესაბამისად არ დაფასდა, მაგრამ წლების შემდეგ თავისი სიტყვა თქვა თანამედროვე ტექნოლოგიებში: სწორედ მის საფუძველზე შეიქმნა GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi 802.11 სისტემები.

ყველა ახალი ამბავი
0